გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გუდ გუე გუთ გუი გულ გუმ გურ გუხ

გუდა

ტყავის ჭურჭელი, ადრე მონადირეთა და მომთაბარე მესაქონლე ხალხების ერთ-ერთი ძირითადი ჭურჭელი იყო. ქართულ წყაროებში გუდა-ვაშკარანი ერთი მნიშვნელობითაა ნახმარი, „გაუჭრელად გაძრობილი ტყავი ხვასტაგთა შთასადებლად რისამე“ (საბა).
საქართველოში გამოყენებული ტყავის ძირითადი ჭურჭელი იყო გუდა, რომელსაც ფუნქციის მიხედვით ჰქონდა სახელი შერქმეული. ბეწვს შიგნით ან გარეთ უტოვებდნენ, იმის მიხედვით, მკვრივ თუ თხიერ პროდუქტს მოათავსებდნენ გუდაში. პირველ შემთხვევაში ბეწვი შიგნიდან ჰქონდა გუდას, სითხის ჩასასხმელს ბეწვს გარეთ დაუნარჩუნებდნენ, საჭმელი პროდუქტებისათვის გამოყენებული იყო შემდეგი სახის გუდა: საჭამია გუდა, კალტის გუდა, ყველის გუდა, ერბოს გუდა. ყველის ხარისხის ჩამოყალიბებას დიდად უწყობდა ხელს ტყავ-გუდის ვარგისიანობა. გუდა კარგი გამოყვანილი უნდა იყოს, „ლეში“ არ უნდა შერჩეს, რომ ყველს სუნი არ დაუტოვოს, ან არ გაამწაროს. გუდა იხმარებოდა ყაურმის შესანახადაც.
გუდის თავისებურ ნაირსახეობას წარმოადგენდა საქონლის საშარდე ბუშტი, რომელსაც დაამუშავებდნენ და იყენებდნენ არყისა და ერბოს შესანახად. გუდა საზომადაც იხმარებოდა: გუდა ყველი, გუდა ერბო და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სიპის ღუმელის მშენებლობისას გუდით მიაქვთ წებოვანი ლურჯი თიხა-მიწა. ფშაველი ქალი მაის-ივნისში ცხვარშიაც მიდიოდა, თუ პატარა ბავშვი ჰყავდა, გუდაში ჩასვამდა და თან გაიყოლებდა.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ს. მაკალათია, თუშეთი, 1933.
ნ.ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9