(VI ს.)ამ მწვალებლობის ერესიარქი პელაგი ბრიტანელი ერისკაცი იყო, რომელიც ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. იგი ასწავლიდა, რომ ადამის ცოდვას თვით მისი ბუნებისთვისაც კი არავითარი ზიანი არ მიუყენებია და, მით უმეტეს, იგი ვერავითარ მავნე გავლენას ვერ მოახდენდა შთამომავალთა ბუნებაზე. მისი მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება ისეთივე უბრალო და უბიწო, როგორიც ადამი იყო შექმნისას, და ისინი ამ მდგომარეობაში იმყოფებიან მანამდე, სანამ მათში შემეცნება და თავისუფლება არ განვითარდება, ე. ი. როცა მათში უკვე იარსებებს შეცოდების შესაძლებლობა. პელაგის აზრით, პირველ მშობელთა ცოდვას ადამის შთამომავლობისთვის მხოლოდ ცუდი მაგალითის ძალა აქვს; ადამიანები კი ცოდავენ პირადი თავისუფლების გამო, რომელიც მათში იმდენად ძლიერია, რომ თუკი იგი მტკიცედ და გულწრფელად გადაწყვეტს – ცოდვა არ ჩაიდინოს, შეუძლია აბსოლუტურად უცოდველი გახდეს. თუმცა, უცოდველი ადამიანიც ვერ დაიხსნიდა თავს სიკვდილისაგან, რადგან, პელაგიანთა სწავლებით, ყოველი ადამიანი ბუნებით არის მოკვდავი და არა ადამის ცოდვით დაცემის გამო. – პელაგიანთა ცრუ სწავლება მრავალი თხზულებით ამხილა ნეტ. ავგუსტინემ, მაგრამ ზოგიერთი უკიდურესობა თვითონაც დაუშვა. ასე მაგალითად, იგი თვლიდა, ადამიანის ბუნება იმდენად ღრმად არის დაზიანებული, რომ მასში არავითარი მიდრეკილება სიკეთისკენ აღარ დარჩა, და მარტო საღმრთო მადლი აღასრულებს ჩვენს ხსნას. მაგრამ ავგუსტინემ სწორად შენიშნა ის, რაც მთავარი იყო: ცოდვისმიერი წახდენა კაცობრივი ბუნებისა მემკვიდრეობითია და ამიტომ მიდრეკილება ცოდვისაკენ ადრეულ ასაკშივე მჟღავნდება. პელაგიანობა კართაგენის ადგილობრივ (418 წ.) და ეფესოს მსოფლიო (431 წ.) კრებებზე დაგმობილ იქნა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8