პა პე პი პლ პო პრ
პელ პეტ პეშ

პეტრე მოციქული

„შევიდოდა წმიდაჲ პეტრე ჯუარ-ცუმად და იტყოდა: ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრჱთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მისი სურვილისამებრ, პეტრე თავდაღმა, X ფორმის ჯვარს აცვეს. პეტრე მოციქულის სარწმუნოება და მორჩილება: მოციქულთა ფერხთბანის დროს „არა თუ იგი(ქრისტე) რას დიდებასა დაიმცირებს, არამედ გარდამეტებულსა მას კაცთ-მოყუარებასა აჩუენებს. და ღაცათუ დიდითა კაცთ-მოყუარებითა ესე ყოველი სიმდაბლით აღასრულა, არამედ პეტრე არავე უცნობელ იქმნა დიდებასა მისსა. პეტრე, ყოვლადვე მჴურვალჱ სარწმუნოებასა ზედა, და მჴურვალეცა იპოვა ცნობასა მას ჭეშმარიტისასა. და სხუათა მათცა ღათუ შეიწყნარეს ბანაჲ იგი, არა თუ უდებებით, არამედ ძწოლით, რამეთუ ვერ იკადრეს წინა-აღდგომად. ხოლო პეტრე არა თავს-იდებდა შიშისათჳს და ეტყოდა: „უფალო, შენ, შენ მოხუალა ფერჴთა ჩემთა ბანად? არასადა დამბანნე უკუნისადმდე“ (ინ. 13,8). კეთილად დაამტკიცა პეტრე, ვითარცა ერთგულმან, რამეთუ არა ცნა, რაჲ-იგი ეგულებოდა უფალსა; გარნა სარწმუნოებით ესე ყო და კუალად მორჩილებით ისმინა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) პეტრეს სინანულის ძალა: „პეტრე რავდენგზის თანამდებ იქმნა უფლისა მიმართ შეცოდებითა: ორგულებისაგან ზღუამან იწყო დანთქმად, ურჩებისაგან დაბანასა მას ფერჴთასა უნაწილო იქმნებოდა სასუფეველისაგან, სამ-გზის უვარის-ყოფისაგან წარსაწყმედელად მიიცემოდა და მეგობარ ექმნებოდა იუდას. არამედ ამას ყოველსა ზედა მწრაფლ შეცდომილებასა მისსა მწრაფლცა კურნებაჲ მოიპოვა თითოეულად სინანულითა და ვედრებითა თჳსსავე მას ჟამსა, ვიდრემდის ჴელთ-ისხნა კლიტენი სასუფეველისანი და საფუძველ ექმნა ეკლესიათა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994). როცა ანგელოზი მენელსაცხებლე დედებს ახარებს მაცხოვრის აღდგომას, ეუბნება მათ: „წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს“ (მრკ. 16,7). არავის სხუასა სახელით ჰრქუა, გარნა მას ხოლო. ისმინეთ, რაჲსათჳს მას ხოლო სახელით უწოდა? რამეთუ სხუათა მათ არა თქუეს, არამედ მან აღუთქუა და თქუა: „დაღათუ შემემთხჳოს შენ თანა სიკუდილი, არასადა უვარ-გყო შენ“. სხუათა მათ არა თქუეს ესე, არცა უარ-ყვეს. ხოლო პეტრე აღუთქუა და ვერ აღუსრულა. დაღათუ განვიდა გარე და ტიროდა მწარედ, არამედ ეშინოდა ფრიად პირისა მისისაგან, ჰგონებდა, ვითარმედ არა მომიტევნეს მე ცოდვანი ჩემნი. ამისთჳს თქუა: „მოწაფეთა ჩემთა და პეტრეს“ და სხუათა მათ ერთად ჰრქუა, ხოლო მას მიზეზისა მისთჳს ჰრქუა, რაჲთა უშიშად მოვიდეს სხუათა მათ თანა“. რამეთუ განიზრახვიდა: „ნუ გეშინინ, რამეთუ ვიხილენ ცრემლნი შენნი და მოგიტევენ ცოდვანი შენნი“, ვინაიდან „შენ შეინანე, ნუ გეშინინ მოსლვად ყოველთა თანა, რამეთუ მეგობარი ვარ ყოველთა მონანულთაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9