(შესქ. 3,21)ადამს აკრძალული ნაყოფის მიღებისას „დაავიწყდა მცნებაჲ იგი, რომელიც მოეცა, და დაემორჩილა მწარესა მას გემოჲს-ხილვასა და განძებულ იქმნა იგი ხისა მისგან ცხორებისაჲსა და სამოთხისა და ღმრთისაგან, ბოროტისა მისგან. და შეიმოსა სამოსელი ესე ტყავისაჲ, ჴორცნი ესე ზრქელნი არიან, და პირველად ცნა სირცხჳლი თჳსი და დაემალა ღმერთსა. არამედ ამით შეიძინა სიკუდილი და განკუეთაჲ ცოდვისაჲ, რაჲთა არა იყოს ბოროტი უკუდავი. და იქმნა შურის-გებაჲ იგი წყალობა. და მე დამიჯერებიეს, ვითარმედ ესრე სწავლის ღმერთმან“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) ღირ. მაქსიმე აღმსარებელი ყურადღებას აქცევს „ტყავის სამოსელის“ კიდევ ერთ ნიშანს: ადამიანის დაცემის შემდეგ მისი ბიოლოგიური, პირუტყვებრი არსებობა ტანჯვას შეეუღლა. საღმრთო სამართლიანობით დადგენილი კანონის მიხედვით, ტანჯვა არის მისაგებელი იმ სიამოვნებისა, რომელიც კაცს ცოდვამ მოჰგვარა. ამიტომ რამდენადაც უფრო მეტად ეძებს ადამიანი ტკბობასა და სიამოვნებას, მით უფრო ძლიერ ტანჯვას განიცდის. საბოლოოდ, ძიება მიწიერ გრძნობათა დაკმაყოფილებისა ადამიანის ბუნების რღვევასა და სიკვდილს იწვევს. თანაც, ეს შედეგია არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი ვნებებისაც; როგორც ბიბლიური, ისე წმიდა მამათა სწავლებით, ცოდვით დაცემის შემდეგ მთლიანი ადამიანი გახდა „ხორციელი“. ასე რომ „სამოსელნი ტყავისანი“ არა მარტო გაუხეშებულ სხეულს, არამედ ვნებებს დაქვემდებარებულ სულსაც გულისხმობს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8