ღმერთმა „პირველ უკუე სხუათა დაბადებულთასა მოიგონნა ანგელოზნი, და მოგონებაჲ მისი საქმე იყო, ვითარცა ღმრთისმეტყუელი გრიგოლ იტყჳს, სიტყჳთა აღსრულებული და სულითა სრულქმნილი. და ესრეთ დაებადნეს ზეცისა ძალნი: ქერობინნი და სერაბინნი და საყდარნი და უფლებანი და ჴელმწიფებანი და ძალნი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. რამეთუ ესრეთ გუაუწყებს წმიდაჲ დიონოსიოს განწყობილებასა მათსა ცხრა დასად, ვითარცა ესწავა მას უხილავთა მხილველისაგან, ნეტარისა პავლე მოციქულისაგან““ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
ანგელოზი არის უხორცო, სული გონიერი, ცეცხლი უნივთო, უხილავი, თჳთმფლობელი, სამარადისოდ მსახური ღმრთისა, მადლით უკვდავი. მათ უნივთო ჩუენთან შედარებით ეწოდებათ, თორემ ღმერთთან შედარებით „იგინიცა ნივთიერ არიან და ზრქელ“. „მხოლოჲ ღმერთი არს უცვალებელ“, ხოლო ყოველი დაბადებული ცვალებადია. ანგელოზი არის მეორე ნათელი. „სინანულისა არა შემწყნარებელ არს ბუნებაჲ მათი, რამეთუ უხორცო არიან. რამეთუ სინანული კაცთადა ოდენ მოცემულ არს უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა“. „არა უჴმს მათ ენაჲ და სასმენელნი, არამედ თჳნიერ ჴმოანისა სიტყჳსა აუწყებენ ურთიერთას ზრახვათა“. „გარეშეწერილ არიან და არა გარეშემოუწერელ“. ანგელოზები „შეცვალებითა სახისაჲთა“ ეჩვენებიან ადამიანებს. ისინი არსებით თანასწორნი არიან თუ არა, არ ვიცით. ანგელოზთა საქმე არის „მარადის გალობაჲ ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ნებისა მისისაჲ“. „უზეშთაესნი იგი დასნი შემდგომთა მათ მისცემენ უწყებასა საიდუმლოთასა და გულისჴმისყოფასა, ვითარცა წმიდაჲ დიონოსიოს იტყჳს“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8