სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სწა

სწავლება ბოროტ სულთა შესახებ

ეშმაკთა „მიმართ არს ჩუენი ბრძოლაჲ, ვითარცა თქუა მოციქულმან: არა თუ სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და სოფლისმპყრობელთა ამის ბნელისათა, სულთა მიმართ უკეთურთა ცასა ქუეშე“. სარწმუნოების ძალითა და მადლით ეშმაკის არ უნდა გვეშინოდეს: „ხოლო საცთურნი არიან მათნი მწინკულევანნი გულისსიტყუანი, არამედ არა ჯერ-არს ჩუენდა შიში ძჳრისზრახვათა მათთათჳს, რამეთუ ლოცვითა და მარხვითა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს სარწმუნოებითა დაეცნიან“; „არცაღა ესრჱთ ჯერ-არს უცნებათა მათთჳს შიში, რამეთუ არაჲ არიან, არამედ მსწრაფლ უჩინო იქმნიან, უფროჲსღა უკუეთუ ვინმე სარწმუნოებითა და სასწაულითა საუფლოჲსა ჯუარისაჲთა თავი თჳსი მოიკრძალის“. ეშმაკის სახე: „თუალნი მისნი – ვითარცა ხილვაჲ მთიებისაჲ, პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი აღგზებულნი, დამოსცჳვიან ნაბერწყალნი ცეცხლისანი, ცხჳრთა მისთაგან გამოვალს კუამლი აღგზებულისა საჴუმილისა ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ, სული მისი ნაკუერცხლად, და ალი პირისა მისისაგან გამოვალს“. ეშმაკთა მთავარი ვეშაპი „დაბმულ არს უფლისაგან, ვითარცა სირი სამღერელად ჩუენ ყოველთაგან. და დადებულ არს იგი და მის თანა ეშმაკნი, ვითარცა ღრიაკალნი და გუელნი დასათრგუნველად ჩუენ ყოველთა ქრისტიანეთა“. ეშმაკს ნუ მოუსმენ: „უფალი თავადი თავით თჳსით დააბრკოლებს ეშმაკთა სიტყუად, დაღათუ ჭეშმარიტსა იტყოდის, „შენ ხარ ძეჲ ღმრთისაჲ“, და-ვე-აბრკოლნა იგინი და სიტყუად არა უტევნა, ნუუკუე ჭეშმარიტსა თანა თჳსიცა იგი სიბოროტჱ დასთესონ და ჩუენცა განგუსწავლნენ, რაჲთა არა ესევითართა სიტყუათა ვერჩდეთ, დაღაცათუ ჭეშმარიტ საგონებელ იყვნენ, რამეთუ უშუერებაცა არს, რომელთა გუქონან ჩუენ წიგნნი და მაცხოვრისა ჩუენისაგან აზნაურებაჲ, ვითარმცა ვისწავებდით ჩუენ ეშმაკისაგან, რომელმან-იგი არა დაიმარხა თჳსი წესი, არამედ სხუაჲ სხუად ზრახა!“ – აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ სამკითხაო, ასტროლოგიური, მაგიური და მწვალებლური, ანუ ყოველგვარი ანტიქრისტიანული ლიტერატურით სარგებლობას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. ეშმაკთა დამთრგუნველი საქმენი: „დიდი საჭურველი არს მათ ზედა ცხორებაჲ მართალი და ღმრთისა მიმართ სარწმუნოებაჲ. ხოლო ეშინის მონაზონთაგან მარხვისა, ღამისთევისა, ლოცვისა, სიმშჳდისა, ყუდროებისა, ვეცხლისა არამოყუარებისა, უზუაობლობისა, სიმდაბლისა, გლახაკთმოყუარებისა, მოწყალებისა, განურისხველობისა და, უფროჲს ყოვლისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მსახურებისა. ამისთჳს ყოველსა ჰყოფენ, რაჲთა არა აქუნდეს დამთრგუნველი მათი, რამეთუ იციან მათ ზედა მოცემული მადლი მორწმუნეთაჲ მაცხოვრისაგან, ვითარ-იგი ჰრქუა მათ: აჰა ესერა მიგცე თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველთავე ძალთა მტერისათა“; „ლოცვაჲ ჴამს, რაჲთა შემწე გუეყოს ჩუენ უფალი ძლევასა ეშმაკთასა“; „გამოიწერეთ ჯუარი თავთა თქუენთა და სახლსა ილოცევდით, იხილნეთ ესენი უჩინონი, რამეთუ მოშიშ არიან და ფრიად ძრწიან სახისათჳს საუფლოჲსა ჯუარისა“. ბედისწერის წინასწარ მცნობელნი, ანუ ეშმაკთა მიერ განსწავლული მისნები და ნათელმხილველები, ზოგჯერ მომავალს ამოიცნობენ არა იმის გამო, რომ მართლაც საღმრთო ნიჭის მფლობელნი არიან, არამედ იმიტომ, რომ ამა თუ იმ მოქმედებათა შედეგს მსგავს მოვლენათა ჩვეულებისა და ხანგრძლივი გამოცდილების მიხედვით ადგენენ. მაშასადამე, მომავალს უშუალოდ კი არ ჭვრეტენ, როგორც სულიწმიდით განბრძნობილნი, არამედ დაკვირვებისა და გამოთვლის საშუალებით იკვლევენ. „მხოლომან ღმერთმან ყოველივე წინაჲსწარ იცის, ვიდრე ყოფადმდე მათა“, ხოლო ეშმაკებმა „არარაჲ იციან თავით თჳსით, არამედ ვითარცა მპარავთა რაჲ-იგი იხილიან სხუათა თანა, მასცა უთხრობედ, უფროჲსღა ნეფსით მეტყუელ არიან და არა წინაჲსწარმცნობელ.

ამისთჳს დაღაცათუ ჭეშმარიტსა ოდესმე ესევითარსა იტყოდიან, ნუცაღა ესრჱთ უკჳრნ ვის მათი. რამეთუ მკურნალნიცა გამოცდილ არიან სალმობათაგან და რაჟამს იხილიან სხუათა ზედა იგივე სენი, ვინ უწყის, ნებსით ჰგონებედ ჩუეულებისა მისგან და წინაჲსწარ უთხრიან. და მენავეთა და მუშაკთა მერმე მსგავსად ჩუეულებისა იხილიან ჰაერთა განგებულებაჲ და წინაჲსწარ უთხრიან ზამთრისა სიბოროტჱ და ყუდროებაჲ ჰაერთაჲ, და არა თუ მოცემულ ღმრთისა მიერ წინაჲსწარ თხრობაჲ იგი მათი თქუეს, ვითარმედ გამოცდილებით და ჩუეულებით“. ეშმაკთა მოჩვენებისა და წმინდანთა ჩვენების გასარჩევად დიდი მოღვაწენიც კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდნენ: „რაჟამს უცნებასა ვინმე შევარდეს, ნუ წინაჲსწარ დაეცემინ შიშითა, არამედ რაჲცა იყოს, უშიშად ჰკითხენ პირველად: ვინ ხარ შენ, ანუ ვინაჲ ხარ? და თუ იყოს წმიდათა ჩუენებაჲ, გარწმუნონ შენ და შიში შენი სიხარულად გარდააქციონ. უკუეთუ ეშმაკისაჲ რაჲმე იყოს, მეყსეულად უძლურ იქმნეს, ვითარცა იხილოს ფრთხილი გონებაჲ, რამეთუ შეუძრწუნებელობისა სახჱ არს ყოვლადვე კითხვაჲ: ვინ ხარ, ანუ ვინაჲ ხარ. ესრჱთ ისო, ძემან ნავჱსმან, ჰკითხა და ისწავა, ხოლო მტერი ვერ დაეფარა, ჰკითხა რაჲ-იგი დანიელ“ (მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI ს-სა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა, თბ., 1975.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9