აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღსარება სარწმუნოებისა წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა

„გურწამს მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, სამებაჲ განუყოფელი და შეურწყუმელი, დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ, ხილულთა და უხილავთაჲ, რომელი-იგი ერთარსებაჲ არს და ერთი ბუნებაჲ და სამგუამოვნებაჲ გინა თუ სამპირებაჲ, რამეთუ ორივე ესე ერთ არს – გუამი და პირი. ხოლო არა თუ სამებაჲ იგი გუამოვნებისაჲ განყოფილებასა სამთა ღმერთთასა, ანუ სამთა ბუნებათასა ანუ არსებათასა მოასწავებს, ნუ იყოფინ! არამედ ერთსა ღმერთსა აღვიარებთ ერთითა ბუნებითა და არსებითა მარტივითა, ხოლო რიცხჳთა მით პირთაჲთა თითოეულებასა გუამთასა ვისწავებთ. რამეთუ სხუაჲ გუამოვნებაჲ და თჳთებაჲ არს მამაჲ და სხუაჲ ძჱ და სხუაჲ სული წმიდაჲ: მამაჲ უშობელი და მშობელი ძისაჲ უჟამოდ და დაუსაბამოდ, ძე მამისაგან შობილი უწინარეს საუკუნეთა და სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი და წმიდამყოფელი ყოველთაჲ, რომელი მამისა თანა და ძისა თაყუანის-იცემების და იდიდების, ვითარცა დაწყებასავე სიტყჳსა ჩუენისასა წარმოვთქუთ.

ხოლო აღსასრულსა ჟამთასა აღვიარებთ განკაცებასა ერთისა მის სამებისაგანისასა, არა მამასა, არცა სულსა წმიდასა, არამედ ღმერთსა და მამისაგან შობილსა ძესა, და სიტყუასა დაუსაბამოდ და განუყოფელად მამისაგან შობილსა და არა ქმნულსა, თანაარსსა მას მამისასა და მარადის მის თანამოსაყდრესა, რომელმან ყოველნივე დაბადებულნი არაარსისაგან არსად მოიყვანნა, რომელი გამოუთქმელითა მით სახიერებითა თჳსითა ცხორებისათჳს ჩუენისა გარდამოჴდა ზეცით და საშოჲ ქალწულისაჲ დაიმკჳდრა და შეიმოსნა ჴორცნი მშჳნვიერნი სულითა პირმეტყუელითა და გონიერითა, და გუამოვნებით შეიერთნა წმიდისა მის და უხრწნელისა ღმრთისმშობელისა მარიამისგან. რამეთუ ღმრთისაგან მამისა დაუსაბამოდ შობილმან სიტყუამან, ღმერთმან ჭეშმარიტმან, ჴორცნი შეისხნა წმიდისა მისგან და ჩუენდა თანაარსისა ქალწულისა, არა თუ მიდგომილებითა თესლთაჲთა, ნუ იყოფინ! არამედ სულისაგან წმიდისა იყო მიდგომილებაჲ იგი და სული სიტყჳიერი და გონიერი, თანაარსი სულთა ჩუენთაჲ ჴორცთავე თანა გუამოვნებით შეიერთა და კაცობრივი თავსიდვა ზრდილობაჲ და აღორძინებაჲ ჰასაკისაჲ, ჭამაჲ და სუმაჲ და სლვაჲ და ძილი და სხუაჲ ყოველივე ბუნებითი და უბრალოჲ საქმე. და იქმნა სრული კაცი თჳნიერ ცოდვისა და გარეშე ყოვლისავე ოცნებისა და საოცრებისა უცვალებელად და განუყოფელად და შეურევნელად.

რამეთუ არა სახელითა ოდენ ანუ სახითა იქმნა კაც, რამეთუ უღმრთოებაჲ არს ამისი მოგონებაჲ, არამედ გამოუთქუმელად და მოუგონებელად და ჭეშმარიტებით კაც იქმნა და ჴორცნი შეიმოსნა არა თუ პირველ ყოფილნი, არამედ მაშინ შემზადებულნი სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა. ხოლო ქრისტე ეწოდა ჴორცთშესხმითგან, რამეთუ ესრეთ იქადაგა წინაწარმეტყუელთაგანცა და ანგელოზთაგანცა, რაჟამს-იგი მწყემსთა მათ ეტყოდეს, ვითარმედ: იშვა თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა (ლკ.2,11). საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ქრისტე ეწოდა, ვინაჲთგან იქმნა შეურევნელი იგი შეერთებაჲ და განუყოფელი შეკრებაჲ ბუნებათაჲ ღმრთეებისა და კაცებისაჲ. არა თუ თჳთებაჲ იგი ბუნებათაჲ განქარდა გამოუთქუმელისა მის ერთობისაგან გუამისა, რამეთუ არცა შეერთებამან შერევნაჲ ქმნა, არცა თჳთებამან ბუნებათამან – განკუეთილებაჲ და განწვალებაჲ, არამედ ერთ არს ქრისტე და ერთითა გუამითა და ერთითა პირითა აქუნდა მის თანა სრულებით საღმრთოჲცა იგი ბუნებაჲ და კაცობრივიცა. რამეთუ რომელი აღიარებდეს ერთსა მას გუამსა შინა ქრისტესსა თჳთებათა ორთა ბუნებათასა, იგი განყოფილებასა და განწვალებასა წინა-აღუდგების და შერევნასა, ანუ შერწყუმასა ჰბრძავს. რამეთუ ვინაჲთგან ერთსა გუამსა ვქადაგებთ, განყოფაჲ ანუ განწვალებაჲ სადაღა არს, დაღაცათუ ორთა ვიტყჳთ ბუნებათა? რამეთუ სადა გუამი ერთ იყოს, რავდენნიცა ბუნებანი იყვნენ ერთსა მას გუამსა შინა, მუნ განყოფაჲ არა არს, არცა განწვალებაჲ. და კუალად, ვინაჲთგან ორთა ბუნებათა აღვიარებთ ქრისტესთა, ღმრთეებისა და კაცებისასა, ერთსა მას გუამსა შინა, სადაღა იპოების შერევნაჲ ანუ შერწყუმაჲ? რამეთუ შორის განყოფილებისა და შერევნისა წმიდასა მას შეერთებასა ორთა ბუნებათა ერთგუამოვნებად შეურევნელად და განუყოფელად ვიცნობთ. არათუ თითოეულებისათჳს ბუნებათაჲსა განყოფილებაჲ გუამთა და პირთაჲ გუეგულების გულისჴმისყოფად, ნუ იყოფინ! არამედ ერთსა ქრისტესა და ერთსა გუამსა მისსა და ერთსა პირსა აღვიარებთ. ხოლო თითოეულებითა ორთა ბუნებათაჲთა ღმრთეებასა მისსა და კაცებასა ვქადაგებთ. და ვითარცა ერთსა ბუნებასა ერთღმრთეებისასა სამგუამოვნებით აღვიარებთ განუყოფელად და შეურევნელად და თჳთებასა ვქადაგებთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, ეგრეთვე ერთსა გუამსა განჴორციელებულისა ძისა ღმრთისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, აღვიარებთ ორითა ბუნებითა განუყოფელად და შეურევნელად, რამეთუ არს იგი სრული ღმერთი და სრული კაცი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9