გნოსეოლოგიური პრინციპი ასე განისაზღვრება: „ოდეს ყოვლითა კრძალულებითა დავიცვნეთ ჩუენ სულნი და განვიწმიდნეთ გონებანი და დავსთესოთ სიმართლჱ, ამისსა შემდგომად, ვითარცა დავით და სოლომონ და იერემია იტყჳან, განვნათლდეთ ნათლითა მით ცნობისაჲთა და ესოდენი მოვიღოთ ღმრთისაგან სიბრძნისა იგი საიდუმლოჲ დაფარული“ (სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 58, Corpus Nazianzenum20, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica V, Brepols, 2007.) ანუ შემეცნების სიღრმეს სულიერი სიწმინდე განსაზღვრავს. ერთი მხრივ, ქრისტიანული სარწმუნოებრივი სწავლების სიღმესა და სისრულეს ადამიანი წვდება მისი სულიერი სიმაღლის შესაბამისად, მის მიერ სახარებისეულ მცნებათა აღსრულების მიხედვით; ხოლო, მეორე მხრივ, საღმრთო ჭეშმარიტებათა შემეცნება მას ცოდვის ბატონობისგან ათავისუფლებს. შემეცნების მართლმადიდებლური განსაზღვრების, ანუ „გნოზისის“ ტრადიცია სათავეს იოვანე და პავლე მოციქულებიდან იღებს, რომელსაც ჩამოყალიბებული სახე ალექსანდრიულ სკოლაში, უწინარეს ყოვლისა, კლიმენტის მიერ მიეცა: შემეცნება არა მხოლოდ სარწმუნოებასთანაა მტკიცედ დაკავშირებული, არამედ მაღალზნეობრივი ცხოვრებისგანაც განუყოფელია. სხვაგვარად: შემეცნების სიღრმეს როგორც სარწმუნოების სიმტკიცე, ისე ზნეობრივი მდგომარეობაც განსაზღვრავს. „არავის მართლიად გამომეტყუელთაგანსა დაეფარვის ჭეშმარიტებაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8