„უკუანაჲსკნელი ესე შობაჲ დაღაცათუ საკჳრველ იყო ფრიად, გარნა არა უზეშთაეს მიზეზისა იყო, რამეთუ მიზეზი და სიტყუაჲ მისი იყო ჩუენი ცხორებაჲ. ხოლო პირველი იგი უზეშთაეს ყოვლისა მიზეზისა და სიტყჳსა არს, რამეთუ არცა თუ იყო სიტყუაჲ უზეშთაესი მის სიტყჳსა, რაჲთამცა ითქუმოდა იგი მისისა შობისათჳს“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) – განგებულება მაცხოვრის განკაცებისა თვით მის მიერ განგვეცხადა, რადგან ეს იყო საქმე, რომლის შეცნობის ნიჭი ადამიანს აქვს, მაგრამ საღმრთო ბუნების მქონე პირთა ურთიერთდამოკიდებულების განჭვრეტა ისევე შეუძლებელია, როგორც თვით ღმრთის არსისა. როცა ვამბობთ, რომ მამა მიზეზია ძისა და სულიწმიდისა, ჩვენ მიზეზოვანი პირების არსებობის მიზეზს ვგულისხმობთ და არა სახეს, თუ როგორ იშვება ძე ან როგორ გამოდის სულიწმიდა მამისაგან. ამიტომ არავითარი სახე და ანალოგია საღმრთო პირთა მდგომარეობის გასააზრებლად არ არსებობს; ვინაიდან ეს იქნებოდა აბსურდული მცდელობა არა მარტო ჰიპოსტასური თვისებების რაგვარობის გარკვევისა, არამედ მისგან გამომდინარე უგუნური შეკითხვისაც, თუ რატომ იშვება ძე ან რატომ გამოდის სულიწმიდა. რაც, თავის მხრივ, მიგვიყვანდა უმიზეზო არსების მიზეზის გამოძიებამდე, თუ რატომ არსებობს ღმერთი.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8