ცე ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცხო

ცხოველმყოფელი მსხვერპლი

მანუელ კომნენოსის იმპერატორობის დროს მოწვეულ 1156 და 1157 წლების კრებებზე დადგინდა მნიშვნელობა ლიტურგიული სიტყვებისა, რომელთაც ქართული რედაქციების მიხედვით წარმოვადგენთ: იოვანე ოქროპირის ჟამისწირვით: „შენ ხარ შემწირველი და შეწირული და შემწყნარებელი და განუყოფელი, ქრისტე ღმერთო ჩუჱნო“ (იმნაიშვილი ვახტანგ, უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში, თბ., 2004.)იაკობ მოციქულის ჟამისწირვით: „შენ ხარ, რომელი შესწირავ და შეიწირავ და შეიწირვი და მიეცემი კაცთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო;“ თანამედროვე კონდაკით: „შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი“. კრებებზე მიღებული განსაზღვრებით, ღმერთკაცი იესო ქრისტე თავისთავში იტევს ყოველივეს: გოლგოთაზე და საღმრთო ლიტურგიის საიდუმლოში იგი შესწირავს, როგორც მღვდელთმთავარი, ხოლო მღვდელმოქმედებისას შეიწირება, როგორც კაცი, და მამასა და სულიწმიდასთან ერთად შეიწირავს მსხვერპლს, როგორც ძე ღმერთი. – სწორედ ამ შინაარსს გამოხატავენ ზემოთ მოტანილი ევქარისტიული ლოცვის სიტყვები, რომელთა დოგმატური ღირსების დამცველი და კრების დადგენილებათა მთავარი შემოქმედი, XII ს-ის ყველაზე ღრმად მოაზროვნე ღმრთისმეტყველი, ნიკოლოზ მეთონელი იყო (Черемухин Павел, Константинопольский собор 1157 г. и Николай еп. Мефонский/Богословские Труды, сб. 1, М., 1960.) მაცხოვარმა მსხვერპლი კაცთათვის გაიღო: „ვინცა ვინ იტყჳს მას თავისა თჳსისათჳს შემწირველად მსხუერპლისა და არა უფროჲსღა მხოლოდ ჩუენთჳს ოდენ, რამეთუ არა მოქენე იყო მსხუერპლისა, რომელმან არა იცოდა ცოდვაჲ, შეჩუენებულ იყავნ!“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „რამეთუ რაჲთურთით არა ქმნა ცოდვაჲ, ხოლო თავისუფალი ცოდვისაგან და ყოვლითურთ უცხო შეცოდებისაჲ, არა მოქენე იყო მსხუერპლისა თავისა თჳსისათჳს“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9