ხა ხე ხი ხო ხრ ხუ
ხარ ხატ ხაჩ

ხატი ღმრთისა

„იტყჳს ღმრთის-მეტყუელი იოვანე, ვითარმედ: „დასაბამსა იყო სიტყუაჲ“. და კუალად მოციქული ებრაელთასავე შინა: „რომელი იყო ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი გუამოვნებისაჲ“, რამეთუ უკუეთუმცა დაბადებული და არა შობილი ღმრთისა იყო ქრისტე, არამცა აქუნდა ხატ და ბრწყინვალება ღმრთისა-ყოფაჲ. და კუალად თჳთ იგი უფალი იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“„ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) „ღმერთმან წამა და თქუა: კაცი მსგავსი და ხატი მისი არს არა თუ სიჴშოჲთა ამით სიზრქოჲსა სიმძიმისაჲთა, არამედ გონებითა უჩინოჲთა, რომელი განაგებს ფარულად სიტყჳთა, რომელი-იგი შობილ არს მისგან გონებისაგან, რომელ მის მიერ სრულ იქმნების“ (მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI ს-სა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა, თბ., 1975.) წმიდა წერილის თანახმად (შესქ. 1,26; კოლ. 1,15 და სხვ.), იესო ქრისტეცა და ადამიანიც – ორივე ღმრთის ხატია, მაგრამ პირველი არის შეუქმნელი ხატი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არის ბუნებით ღმერთი, ხოლო მეორე შექმნილი ხატია, ანუ ადამიანი არის ბუნებრივი თვისებებით ღმრთის მსგავსი. პავლე მოციქული ქრისტეზე ამბობს, რომ იგი „ხატი ღმრთისა იყო“ (ფილპ. 2,6), მაგრამ „კაცი არა არს ესევითარსა შინა ხატებასა ღმრთისასა, რამეთუ არა ბუნებით ღმერთ არს კაცი, რამეთუ ესე ხატებაჲ ბუნებად უწყის თანად ყოველმან მწყობრმან წმიდათამან“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) ბასილი დიდი: „რამეთუ მე ამას, ვითარმედ რომელი ხატსა შინა ღმრთისასა იყო, სწორისა შემძლებელად ვიტყჳ ამისსა, ვითარმედ არსებასა შინა ღმრთისასა იყო. რამეთუ ვითარცა ხატსა მონისასა მიმღებელობაჲ კაცობრივისა არსებისა შორის ქმნასა უფლისასა მოასწავებს, ეგრეთვე თქუას-რაჲ ხატსა შინა ღმრთისასა ყოფაჲ უეჭუელად საღმრთოჲსა არსებისასა წარმოაჩინებს თჳთებასა“; იოვანე ოქროპირი: „ვინაჲთგან ხატი მონისაჲ მიიღო, ესე იგი არს კაც იქმნა, არა რომელი ხატსა შინა ღმრთისასა იყო, ღმერთი იყოა? რამეთუ ხატი და ხატი წერილ არს. უკუეთუ ესე ჭეშმარიტ არს, იგიცა და ვითარ-იგი ბუნებით კაც არს ხატი მონისაჲ, ეგრეთვე ბუნებით ღმერთ არს ხატი ღმრთისაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9