ხა ხე ხი ხო ხრ ხუ
ხრწ

ხრწნადობა

ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ხრწნილებაში (განხრწნილებაში) შეიძლება იგულისხმებოდეს ცალკეულ ნაწილებად, შემადგენელ ელემენტებად დარღვევა და დაშლა. ამ გაგებით, რასაკვირველია, ქრისტეს სხეული უხრწნელი იყო, და ამაზე ერთი აზრისანი იყვნენ როგორც მართლმადიდებლები, ისე მწვალებლები. მეორე მნიშვნელობა სიტყვისა ხრწნადობა არის დაქვემდებარებულობა ვნებითი (ტანჯვითი) მდგომარეობისადმი. სწორედ სიტყვის ამ შინაარსთან დაკავშირებით წარმოებდა დავა: რეალურად ექვემდებარებოდა თუ არა ხორცი ქრისტესი იმ ვნებიან მდგომარეობას, რომელსაც ექვემდებარება ხორცი ყოველი ადამიანისა? – მართლმადიდებელთა აზრით, უპირობოდ ექვემდებარებოდა. უფალმა სრული კაცება იმიტომ შეიერთა, რომ სრულიად განეწმინდა იგი, და ამ გაგებით კაცება ქრისტესი ხრწნადი იყო. იგი ხრწნადი რომ არ ყოფილიყო, მაშინ მისი კაცება ჩვენი ერთარსი არ იქნებოდა (წმ. იოვანე დამასკელი). მაცხოვრის სხეული მხოლოდ აღდგომის შემდეგ გახდა უხრწნელი, ანუ უვნებელი და განსულიერებული. „შემდგომად აღდგომისა აქუნდეს ვიდრემე პირველ ვნებულნი ჴორცნი, გარნა არღარა მქონებელნი კაცობრივთა უძლურებათანი თავისა შორის თჳსისა, რამეთუ არღა მერმეცა შიმშილისა ანუ დაშურომისა ანუ სხუათა რათმე ესევითართა მიმთუალველად ვიტყჳთ მას, არამედ უხრწნელად მიერითგან“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) აქვე შევნიშნავთ: გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა აფთარტოდოკეტთა ერეტიკული სწავლება გაიზიარა და მაცხოვრის სხეულის უხრწნელება აღიარა, მაგრამ ცილისმწამებელთა ეს ბრალდებები ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა საბოლოოდ გააქარწყლეს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9