აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
არა არგ არი არს

არსება და ჰიპოსტასი

ცნება ჰიპოსტასი წარმოქმნილია ზმნებისგან: „საფუძვლად დადება“, „არსებობა“; მისი შინაარსი არა მხოლოდ ისე მოიაზრება, როგორი მნიშვნელობაც მან გვიანდელ ქრისტიანულ ღმრთისმეტყველებაში შეიძინა (კერძოდ, „პირისა“), არამედ მას „არსების“ („არსის“) მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს მეორე მნიშვნელობა ჰიპოსტასისა, განსაკუთრებით პირველ ოთხ საუკუნეში, ქრისტიანულ მწერლობაში საკმაოდ გავრცელებული იყო. „არსება არის მხოლოდ თვით ყოფიერება, ხოლო ჰიპოსტასი არის არა მხოლოდ ყოფიერება, არამედ სახე არსებობისა; ამასთანავე წარმოადგენს იმასაც, როგორიცაა რაიმე თავისი კონკრეტული ყოფიერებით“. ღირ. მაქსიმეს მსგავსად თეოდორე რაითელიც ჰიპოსტასს აკავშირებს არსების ყოფიერების კონკრეტულ ანუ ინდივიდუალურ (ხშირად – პიროვნულ) მოდუსთან. „არსება აღნიშნავს რაღაც საერთო ყოფიერებას, ჰიპოსტასი კი – განსაკუთრებულ ყოფიერებას“. ლეონტი ბიზანტიელი: „ჰიპოსტასი იგივე ბუნებაა, ოღონდ გარკვეულ საგანში განხორციელებული, რომელიც თავისი განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება. იგი არსებობს არა სხვაში, როგორც ბუნება, არამედ თავისთავად, დამოუკიდებლად და განთვისებულად“. „ჰიპოსტასი უსათუოდ და უპირატესად სრულყოფილს (тό тέλειον – ანუ ყოველმხრივ დასრულებულ საგანს ან არსებას) არ აღნიშნავს, არამედ მხოლოდ იმას, რაც თავისთავად არსებობს, ხოლო შემდეგ კი სრულყოფილებასაც (გულისხმობს)“. ბუნება (φύσιϛ) არ არის ჰიპოსტასი (ύπόσтασιϛ ~), იმიტომ, რომ არ იცვლება; ჰიპოსტასი კი ბუნებაც არის. „ბუნება თავისთავში ყოფიერების გაგებას გულისხმობს, ხოლო ჰიპოსტასი – ყოფიერებას თავისივე თავიდან გამომდინარე. ბუნება თავის თავში სახის გაგებას გულისხმობს, ხოლო ჰიპოსტასი რაიმე (საგნის) შემეცნებას ემსახურება; ბუნება საგნის საერთო თვისებას გამოხატავს, ხოლო ჰიპოსტასი – განსაკუთრებულს საერთოში“. „ჰიპოსტასი არის არსებული და არსის მქონე საგანი, რომელშიც შემთხვევითი თვისებების ერთობლიობა თავისი ნამდვილი და განხორციელებული სახით არსებობას იძენს ერთ განუკვეთელში“. „ჰიპოსტასი არსებისგან შემთხვევით თვისებათა ერთობლიობით განსხვავდება“. პამფილე: „თავისებურ თვისებათა ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია თითოეული ინდივიდისათვის, უერთდება რა ჰიპოსტასის საერთო საწყისს, ვინმეს ჰიპოსტასს წარმოშობს“. შემთხვევითი თვისებები მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოსტასში არსებობს, ხოლო სახელი „არსება“ უბრალოდ განუკვეთელის ყოფიერებაზე მიუთითებს გარეშე შემთხვევითი თვისებებისა. „არსება არის თვით არსებული საგანი, ხოლო ჰიპოსტასი თვით ეს არსებულიცა და ამ არსებულისთვის ნიშანდობლივი შემთხვევითი თვისებებიც“. „პირი არის ის, რაც თვისი საკუთარი ქმედებებისა და სიტყვების საშუალებით თავის თავს ცხადად ავლენს, და ამით თავისი ერთბუნებოვანი არსებების მიმართ საკუთარ საზღვრებს ადგენს“. „პირი მისი ერთარსი არსებებისგან თვისი საკუთარი ქმედებებითა და თვისებებით განსხვავდება“. ბასილი დიდი: „არსება და ჰიპოსტასი ერთმანეთისგან ისევე განსხვავდებიან, როგორი განსხვავებაცაა საერთოსა და ცალკე აღებულს შორის“. იოანე გრამატიკოსი კესარიელი (VI ს.): „ყოველივე საერთოს, რომელიც მრავალ არსებულში განიჭვრიტება და არც მატებასა და არც კლებას არ განიცდის, არსება ეწოდება“. იმპ. იუსტინიანე: „ბუნება აღნიშნავს იმას, რაც ყველა პირის მიმართ საერთო და გვარეობითი აზრით გამოითქმის, ხოლო ჰიპოსტასი ან პირი განსაკუთრებულს წარმოაჩენს“. გარდა სამებისა, ყოველი ბუნებისა და არსების ერთობა მხოლოდ აზრობრივად განიჭვრიტება. ჰიპოსტასი არსებაცაა, მაგრამ – კონკრეტული არსება. ჰიპოსტასი არსებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსება იყოს ჰიპოსტასი. არსების უარყოფით სრულიად უარიყოფა ჰიპოსტასიც, მაგრამ ჰიპოსტასის უარყოფა არსების უარყოფას არ ნიშნავს (Феодор Раифский, Предуготовление (ახლავს ა. სიდოროვის გამოკვლევა) //სერია: Библиотека Отцов и учителей Церкви, т. XIII, М., 2003.) ისევე როგორც უარსებო გვამი არ არსებობს და თითოეული გვამისთვის ცალკე არსების ქონა საჭირო არ არის, ასევე უგვამო ბუნება არ არსებობს და შეერთებულ ბუნებათათვის ცალ-ცალკე გვამის ქონა საჭირო არ არის: „ვითარცა არა არს გუამი უარსებოჲ, ხოლო არა საჭირო არს თითოეულისა გუამისათჳს განთჳსებული არსებაჲ ქონებად, ეგრეთვე არა არს ბუნებაჲ უგუამოჲ და არა საჭირო არს შეერთებულთა ზედა თითოეულისა ბუნებისადა თჳსაგან განთჳსებული გუამი ქონებად“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „თანამონიშე არს გუამი პირისა, ვითარ-იგი არსებაჲ ბუნებისა ღმრთისმეტყუელებითსა შინა გამომეტყუელებასა~ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9