აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აფთ

აფთარტოდოკეტები

Gk. ἂφϴαρτοϛ უხრწნელი; δοκέω მგონია მივიჩნევ
მონოფიზიტი ივლიანე ჰალიკარნასელის (VI ს.) მიმდევართა სწავლებით, ხორცი უფლისა არა მხოლოდ აღდგომის შემდეგ გახდა უხრწნელი (უვნებელი), არამედ ხორცშესხმისთანავე, ღმრთეებასთან შეერთების ძალით, უხრწნელი იყო. ბუნებით იგი ისეთი იყო, როგორიც ჩვენი ხორცი იქნება აღდგომის შემდეგ და როგორიც ჰქონდა პირველ ადამს ცოდვით დაცემამდე. უვნებობა და უხრწნელება იყო მისი ბუნებრივი მდგომარეობა. უფალი იმიტომ ევნო და მოკვდა, რომ თვით ინება ასე; ხრწნილების ყველა გამოვლენა მისი ნების საქმე იყო; ეს იყო არა ბუნებრივი, არამედ საკვირველი მდგომარეობა მისი ხორცისა. სხვაგვარად შეუძლებელია ვიფიქროთ, რადგან ხრწნადი ხორცის ვნება ჩვენ უხრწნელებას როგორ მოგვანიჭებდა? – მართლმადიდებელი პოლემისტების (ძირითადად, ლეონტი ბიზანტიელის) სწავლება აფთარტოდოკეტების წინააღმდეგ მოკლედ ასეთი იყო: ქრისტე არა უცოდველი ადამის და არა მარტო ერთი ადამის, არამედ მთელი ხრწნადი კაცობრივი ბუნების გამოსახსნელად მოვიდა. მას ამ ბუნების განსაკურნავად მისი ხრწნადობაც უნდა მიეღო. ამიტომ ხორცი ქრისტესი ისეთივე ხრწნადი იყო, როგორც ის ბუნება, რომლისგანაც იგი შეიქმნა. ღმრთეებასთან შეერთებით მხოლოდ მისი უცოდველობა იყო განპირობებული. მართალია, ქრისტეს ხორცს უცოდველობასთან ერთად, ასე ვთქვათ, ჰქონდა უფლება უხრწნელებისაც, და იგი, მართლაც, აუცილებლობის კანონით არ ექვემდებარებოდა სიკვდილს, რომელიც მბრძანებლობს ხორცზე ცოდვილი ადამიანისა, – რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უფალს ღმრთეების ძალით ყოველთვის შეეძლო ხორცის ვნებას წინ აღდგომოდა, მაგრამ უფალმა განგებულების მიზნებისთვის, რათა გაენადგურებინა სასჯელი ცოდვისა, ნებაყოფლობით მიიღო ჩვენი ხრწნადობა და მის გამოვლინებებს ნებაყოფლობით არ შეეწინააღმდეგა. ამ აზრით, ქრისტე ნებით ევნო, ნებით – ლოგოსისა და არა ბუნებით ხრწნადი ხორცისა, თუ მას თავისთავად მოვიაზრებთ. თუკი უფალი ზოგჯერ ხრწნადი ყოფიერების პირობებზე მაღლა დგებოდა, ესეც განპირობებული იყო ნებით უფლისა და არა ჰიპოსტასური შეერთების ძალით. ამგვარად, ხრწნადობა იყო ქრისტეს ხორცის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო უხრწნელება – საკვირველი. მისი ხორცი მხოლოდ აღდგომის შემდეგ მადლით გახდა უხრწნელი (Епифанович С., Преподобный Максим Исповедник и византийское богословие, М., 2003.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9