და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დრო

დრო და მარადიულობა

ბიბლიური თხრობა სამყაროს შექმნის შესახებ იწყება სიტყვებით: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა (შესქ. 1,1). დასაბამი მიანიშნებს იმ გაელვებაზე, რომელშიც სულიერი და ნივთიერი სამყარო წარმოიქმნა. მართალია, ეს გაელვება გულისხმობს ქვეყნიერების დროის დასაწყისს, მაგრამ თავისთავად დროის ამგვარად აღქმა გონებისთვის მოუხელთებელია. დრო გულისხმობს რაღაც ხანგრძლივობას, ან პროცესს, რომლიდანაც წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამოყოფა შეიძლება; მაგრამ გაელვებას, ჩვენს შემთხვევაში, არა აქვს ხანგრძლივობა. წმ. ბასილი დიდის მიხედვით, დასაბამი ჯერ კიდევ არა მხოლოდ დრო, არამედ დროის უმცირესი ნაწილიც კი არ არის. ეს არის ზღვარი მარადიულობასა და დროს შორის. დრო იწყება გაელვების შემდეგ, ანუ ქვეყნიერების წარმოქმნასთან ერთად. ღირ. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვით: „დრო ცისა და ქვეყნის შექმნიდან აითვლება“. სამყაროს გარეშე დრო არ არსებობს, რადგან მარადიულობაში ხანგრძლივობასა და თანმიმდევრულობას ადგილი არა აქვს. ამიტომ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ღმერთმა სამყარო არა დროში, არამედ დროსთან ერთად შექმნა. ამ დროს კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დასაწყისიც აქვს და დასასრულიც. მეორედ მოსვლის შემდეგ ამქვეყნიური ჟამი დასრულდება და ქმნილება მარადიულობას შეუერთდება, მაგრამ განღმრთობილ ქმნილებათა სრულყოფის, ანუ ღმერთთან მიახლოების პროცესს დასასრული არ ექნება. ეს იქნება, ასე ვთქვათ, შექმნილი მარადიულობა, რომელსაც დასაწყისი აქვს. მას ასევე უძრავი დრო ან შეუწყვეტელი გაელვებაც შეიძლება ვუწოდოთ. მოკლე განსაზღვრებით: მარადიულობა – ეს არის გაჩერებული დრო, ხოლო დრო – ეს არის მოძრავი მარადიულობა. ამიტომაც, აღნიშნულ ცნებათა თანაშეზომილი შინაარსის გამო, შემთხვევითი არ არის, რომ წმიდა მამები დროისა და მარადიულობის მკვეთრ დაპირისპირებას თავს არიდებდნენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9