„დასაბამითგან უკეთური, რომელი ეშურობს მარადის უფლისა მიერ მადლსა და სიყუარულსა და ცხოვრებასა მორწმუნეთასა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „დასაბამი ცოდვისაჲ ეშმაკი არს და მშობელი ყოვლისა უკეთურებისაჲ“. „კეთილად დაებადა და თჳსითა გონებითა იქმნა იგი ეშმაკ. საქმეთაგან თჳსთა მოიპოვა მან სახელის-დებაჲ, რამეთუ ანგელოზი მთავარი იყო კეთილი და უკუანაჲსკნელ ეშმაკ ეწოდა მას შესმენისა მისთჳს. და სახიერი იყო მსახური ღმრთისაჲ, იქმნა იგი სატანა სახელ-შემსგავსებულად, რამეთუ სატანა მჴდომად ითარგმანების“. „ამისგან იქმნებიან სიძვანი და მრუშებანი. ამის გამო ადამი, მამაჲ იგი ჩუენი, სამოთხით გამოვარდა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ვინაჲთგან უკუე განდგომილ იქმნა, გამოჩნდა მტერად ღმრთისა და მტერად კაცთა, ხატად ღმრთისა დაბადებულთა. რამეთუ ამისთჳს კაცთმოძულე არს, ვინაჲთგან ღმრთისა მბრძოლი არს და ვძულთ ჩუენ, ვითარცა დაბადებულნი ღმრთისანი, და კუალად ვსძულთ, ვითარცა მსგავსებად ღმრთისა ქმნულნი“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „სატანა უკუე ეწოდა, რამეთუ წინააღმდგომი არს კეთილისაჲ, რამეთუ ესრეთ მოასწავებს ენაჲ ჰურიათაჲ, ვითარმედ სატანა წინააღმდგომიო... ხოლო ეშმაკად სახელ-ედების, რამეთუ შემასმენელი არს, რამეთუ ეშმაკი შემასმენელად გამოითარგმანების, ვინაჲთგან იგი იქმნების შემწე ჩუენდა ცოდვისა მიმართ და კუალად იგივე შემასმენელ და უხარის წარწყმედასა ზედა ჩუენსა და კუალად განაქიქებს საქმეთა ჩუენთა“. ბუნება მისი უხორცოა, „ხოლო ადგილი არს მთავრობისა მისისაჲ ჰაერნი“; მას „სოფლისაცა მთავარ ეწოდების, რამეთუ ქუეყანისა არს მთავრობაჲ მისი“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)„მზაკუვარ არს, ძმანო, და მრავალ-მანქანა მჴდომი იგი ჩუენი, და პირსა მჴნეთასა განემზადების დაჴსნად მათა, უძლურნი იგი არიანვე მისნი და არა ჰბრძავნ წარტყუენულთა მათ მის მიერ, ხოლო რომელთა ჰქონდენ ფრთენი სიმართლისანი, აღფრინდიან მათგან და ვერ ეწიის ისარი იგი მისი, რაჟამს ესრინ მათ. სულიერნი ხედვენ მას, რაჟამს-იგი ჰბრძავნ და არა იუფლიან იგი ჴორცთა თჳსთა ზედა. ყოველთა შვილთა ნათლისათა არა ეშინის მისგან, რამეთუ ბნელი ივლტინ წინაშე პირსა ნათლისასა. და შვილთა კეთილისათა არა ეშინის ბოროტისაგან, რამეთუ დასათრგუნველად მიეცა იგი ფერჴთა მათთა (შესქ. 3,15). რამეთუ რაჟამს ბნელის სახედ ეოცის მათ, იგინი ნათელ იქმნიან (მთ.5,14), და რაჟამს დაშრიალდის მათ ზედა, ვითარცა გუელი იგი, მარილ იქმნიან (მთ. 5,13) და ვერ ჭამის მათგან, და თუ ეჩუენის მათ მსგავსად ასპიტისა და იქედნისა, იგინი იქმნიან მსგავსად ნინეველთა ყრმათა. და თუ შევიდის მათდა მშიერებითა ჭამადთაჲთა, სძლიან მას მარხვითა მათითა, მსგავსად მჴსნელისა ჩუენისა. და თუ თუალთა განცხრომითა ჰბრძავნ მათ, მით აღიხილნიან თუალნი მათნი სიმაღლესა ცისასა“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ეშმაკსა არა თუ წინაჲსწარ რაჲ ცნობაჲ აქუს, რაჲთამცა უწყოდა, რაჟამს სული იგი მცველი წარვიდის კაცისა მისგან, არამედ ჟამსა ელინ და უმზირინ კაცსა მას, რომლისა თანა ქრისტე დამკჳდრებულ არნ. და რაჟამს იტყჳნ სიტყუათა უშუერთა და მწინკულევანთა, ანუ თუ გული უწყრებინ, ანუ თუ განრისხებულ არნ, ანუ თუ ჰბრძავნ ვის, ანუ გულის სიტყუასა ცუდსა შევრდომილ არნ, მაშინღა ცნის ეშმაკმან მან, თუ ქრისტე არა მის თანა არნ, მოვიდის და აღასრულის ნებაჲ მის თანა. რამეთუ ქრისტე მშჳდთა და მდაბალთა თანა დამკჳდრებულ არნ და რომელთა ეშინის სიტყუათაგან მისთა,... და რაჟამს იხილის კაცი იგი განკრძალულად და გულისმოდგინე არნ თაყუანისცემასა და ლოცვასა, გარე-შეიქცის მისგან, და ვერ ჰკადრის მიახლებად მას. იხილოს, რამეთუ ქრისტე მის თანა არნ“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ეშმაკნი „რბიან ყოველსა სოფელსა შინა და ჰბრძვანან კაცთა, რაჲთამცა აცთუნნეს იგინი. ხოლო გამოცხადებულად ვერ ჰბრძვანან, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ მის ზედა ძლევად მისა ჯუარითა ქრისტესითა და წმიდად დამარხვითა ჴორცთა ჩუენთაჲთა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ეშმაკი მართალს ვერ სძლევს: „რამეთუ ვერ უძლავს მართალთა მიმართ და მორწმუნეთა, ხოლო ერევინ ურწმუნოთა და აღასრულის ნებაჲ მისი მათ შორის, ხოლო მართალთა ვერ სძლევს, რამეთუ არარაჲ აქუნ მათა მიმართ მიზეზი და სირცხჳლეული განეშორის მათგან“(კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8