თა თე თო თქ
თევ თეო

თეოდორიტე კვირელი

(დაახ. 393-466) – დაიბადა ანტიოქიაში, განათლებაც იქვე მიიღო. მას კარგად ჰქონდა შესწავლილი ანტიკური ფილოსოფია და ლიტერატურა, მათ შორის ნეოპლატონიზმი. იცოდა რამდენიმე ენა. 23 წლის ასაკში მონასტერს მიაშურა და შვიდი წლის განმავლობაში წმიდა წერილს, ძველ აპოლოგეტთა თხზულებებსა და მამათა ეგზეგეტიკას სწავლობდა. 423 წელს არჩეულ იქნა ანტიოქიის ახლოს მდებარე ქალაქ კვიროსის ეპისკოპოსად, რომელსაც 35 წლის განმავლობაში სიბრძნით მართავდა. თუმცა მის ბიოგრაფიას ჩრდილი მიაყენა რამდენიმე თხზულებამ და დაპირისპირებამ წმ. კირილე ალექსანდრიელთან, მაგრამ თეოდორიტე კვირელს ევტიქის წინააღმდეგ ბრძოლისა და მრავალი დოგმატური და ეგზეგეტიკური თხზულების შექმნისათვის, ქალკედონის კრებისა და მსოფლიო ეკლესიის სხვა მამებთან ერთად, „ნეტარი მამისა“ და გამოჩენილი ღმრთისმეტყველის სახელი აქვს დამკვიდრებული. ქართულად მასზე ე. კობახიძის მიერ ვრცელი მონოგრაფია არის გამოცემული (2008 წ.). „კუალად ამისიცა სათანადო არს უწყებაჲ, ვითარმედ იპოებიან ეპისტოლენი რაჲმე თევდორიტესნი და ნესტორისნი, რომელთა შინა ურთიერთას შემწყნარებელად იხილვებიან, გარნა შეწმასნილნი არიან. რამეთუ წმასნიან მათ მწვალებელნი, რაჲთა მათ ძლით იბრძოლებოდის კრებისა მიმართ. ხოლო უკუეთუ ვისმე ჰნებავს ცნობად, ვითარმედ თეოდორიტე ფრიადცა სძულობდა ნესტორს, წარიკითხენ თჳთ მის თევდორიტეს აღწერილი წიგნი წვალებათათჳს“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9