სწავლება წინასაუკუნო საღმრთო იდეების შესახებ, რომელთა მიხედვითაც იქმნება სამყარო, ყველაზე უფრო დაწვრილებით ღირ. მაქსიმე აღმსარებელმა დაამუშავა. იგი ამ იდეებს უწოდებს „ლოგოსებს“, ანუ „სიტყვებს“, და მათში გულისხმობს იმ ღმრთეებრივ ძალებსა და შემოქმედებით სიტყვებს, რომელთა შესახებაც შესაქმის წიგნის პირველი თავი და ფსალმუნნი (18,1-4) გვაუწყებენ. თვით ტერმინი ლოგოსი ღირ. მაქსიმესთან მრავალმნიშვნელოვანია – ეს არის იდეაც, პრინციპიც, შექმნილი ყოფიერების კანონიც და ის მიზანიც, რომლისკენაც ქმნილება მიისწრაფვის. ცალკეულ საგანთა ლოგოსებს შეიცავენ უფრო საერთო ლოგოსები, როგორც სახეებს – გვარი. ყველა ისინი კი ერთად შეცულნი არიან ჰიპოსტასში წმიდა სამებისა, რომელიც არის პირველსაწყისი და საბოლოო მიზანი მთელი შესაქმისა. ლოგოსში მთელი ყოფიერება ეზიარება ღმერთს. მცირე ლოგოსები სხვა არაფერია, გარდა ჰიპოსტასური ლოგოსის ენერგიებისა, რომლებადაც როგორღაც შემოქმედებითად ნაწევრდება ერთი ღმრთეებრივი ლოგოსი და რომლის საშუალებითაც ყველა მასში ერთიანდება ისე, როგორც წრის ცენტრში – რადიუსები. ჰიპოსტასური ლოგოსი განსაზღვრავს კანონებს, რომლის მიხედვითაც არსებობს შექმნილი სამყარო; სამყარო თავისი ყოფიერების დასაბამს სწორედ მის მიერ იღებს; იგი განახორციელებს საღმრთო განგებულების საქმეს და, როგორც მსაჯული, განსაზღვრავს საბოლოო ხვედრს ქმნილებისა. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთობლიობა ლოგოსებისა ქმნის ზექვეყნიურ საძირკველს შექმნილ არსებათა ყოფიერებისთვის და მთელი მსოფლიო ამ ლოგოსებზე ჰკიდია (Архимандрит Алипий, Архимандрит Исайя, Догматическое богословие, СТСЛ, 1994.) ფილონ ალექსანდრიელთან ლოგოსი (სიტყვა ღმრთისა) დამაკავშირებელი რგოლია ღმერთსა და მის მიერ შექმნილ სამყაროს შორის; იგი თავის თავში სამყაროს მარადიულ იდეებს – პირველსახეებს შეიცავს. მაგრამ ფილონისთვის, როგორც პლატონის ფილოსოფიის მიმდევარისთვის, ლოგოსი არა ცხოველი პირი, არამედ ფილოსოფიური აბსტრაქციაა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8