სირიული გნოსტიციზმის წარმომადგენელი. შვილი სინოპის ეპისკოპოსისა. გადმოცემით ცნობილია, რომ იგი მამამ განკვეთა ეკლესიიდან, როცა გნოსტიკურმა აზრებმა გაიტაცა. დაახ. 150 წელს მარკიონი მივიდა რომში, სადაც გაიცნო სირიიდან ჩასული გნოსტიკოსი კერდონი და მისი დახმარებით საბოლოოდ განავითარა თავისი გნოსტიკური სისტემა. გნოსტიციზმის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით მისი მსოფლმხედველობა უფრო მარტივია; კერძოდ, მას არა აქვს სწავლება ეონებზე. მარკიონის მიერ დაარსებული საზოგადოება ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ყველა სხვა სირიული გნოზისის საზოგადოებათა შორის. მარკიონელებმა რომში, იტალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ეგვიპტეში, პალესტინასა და სხვა ქვეყნებში VI ს-მდე იარსებეს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8