(250-336)–არიოზობის ერესიარქი. არიოზობის (და არა «არიანობის») დოქტრინის არსი შემდეგში მდგომარეობს: ძე ღმრთისა საუკუნო არ არის. მამა ღმერთმა მისი დაბადების აუცილებლობა მაშინ იგრძნო, როცა სამყაროს შექმნა გადაწყვიტა. სამყარო მის უშუალო შეხებას ვერ გაუძლებდა და ამიტომ საჭირო გახდა ჯერ ძის გაჩენა, როგორც სამყაროს შესაქმნელი ინსტრუმენტისა. არიოზელთა ცნობილი ფორმულა ძის შესახებ ასე გამოითქმის: «იყო (დრო), როცა არ იყო» (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) არიოზი, როგორც პავლე სამოსატელი, ასწავლიდა, რომ ღმერთი აბსოლუტურად ერთია. მსგავსად კაცისა, იგი ფლობს გონებას (ლოგოსს) როგორც არაჰიპოსტასურ ძალას. მისი აზრით, მამისაგან ძის შობა ამტკიცებს, რომ ძე არ არის მარადიული; იყო ისეთი დროისწინა მომენტი, როცა ძე საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ ძე ქმნილებაა, თუმცა პირველი და უმაღლესი. ძე არ არის ჭეშმარიტი ლოგოსი მამისა ან მისი ბუნებითი ძე. არიოზის ერესი 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი. ამავე კრებაზე დაატყდა არიოზს ღმრთის რისხვა, რომლის თაობაზეც წმ. იაკობ ნასიბინელის «ცხოვრება» მოგვითხრობს: «ყოველი, რაჲცა-რე იყო მუცელსა მისსა – ნაწლევნი და გულ-ღჳძლი ფირტჳთურთ – განკრბა განსავალსა მისსა და დაეცა იგი ადგილსა მას მყრალსა, ვითარცა ღირს იყო, და ბოროტად სულნი წარჰჴდეს რისხვითა ზეგარდამოჲთა» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8