მათესა (1,1-16) და ლუკას (3,23-38) სახარებებში გადმოცემულია გენეალოგია მაცხოვრისა, ქალწულ მარიამის ქმრად წოდებული იოსების შტოს მიხედვით, რადგან ებრაული ტრადიციით „მამულად და არა დედულად ბრძანებულ არს ნათესავთა მკჳდრობისა საცნაურ ყოფად“; ამიტომ „მამად საგონებელისა მის ნათესავნი აღიწერებოდეს, ვითარცა ყრმისა მშობელისანი“. ამასთანავე, ვინაიდან ძველი სჯულით, დასაქორწინებელნი ერთი ტომისანი უნდა ყოფილიყვნენ და იოსების ნათესავთმეტყველებით იგი დავითის ტომიდან იყო, ცხადია, ღმრთისმშობელიცა და ქრისტეც დავითის ტომიდან უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მახარებლები ერთსა და იმავე გენეალოგიას აღწერენ, სახელთა რიგში განსხვავებაც გვაქვს: მათეს მიერ მოცემულ მატთანის, იაკობისა და იოსების რიგს ლუკასთან შეესაბამება მელქის, ელისა და იოსების სახელები. განსხვავების მიზეზი ის არის, რომ მათემ ბუნებითნი მამანი მოიხსენა, ხოლო ლუკამ – სჯულიერნი. ბუნებითი ეწოდება მამას, რომელსაც „თჳსითავე მთესველობითა“ ჰყავს შვილი, ხოლო „სჯულიერად მამად წოდებად მათი ჩუეულებაჲ აქუს წერილსა, რომელნი პირველად თჳთ უშვილონი მომკუდარ იყვნენ და შემდგომად სიკუდილისაღა შვილიერ ქმნილ იყვნენ ძმათთესულისა ნაშობისაგან“. ესეც თესლის აღდგენის ძველი ებრაული წესი იყო, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი ძმის ცოლი მეორე ძმას უნდა შეერთო. სახარებაშიც ანალოგიური შემთხვევაა: მატთანის ქვრივი შეირთო მისმა ძმამ მელქიმ. ამ დედაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა იაკობი, მეორედან – ელი, რომლებიც ერთმანეთის ნახევარძმები იყვნენ. უშვილო ელის გარდაცვალების შემდეგ მისი ქვრივი შეირთო იაკობმა, რომლისგანაც ეყოლა იოსები; ე. ი. იოსების ბუნებითი მამა იყო იაკობი, ხოლო სჯულიერი – ელი. „ესრეთ უკუე ერთდედითთა ძმათა ელი და იაკობ, ვინაჲთგან უშვილოდ მოკუდა ელი, იაკობმან აღუდგინა მას თესლი და შვა იოსებ ბუნებითად თჳსი, ხოლო შჯულისაგანად ელის ძე. ესრეთ ორთავე მათგანად ითქუმის იოსიფ. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ წარმოითქუა ნათესავთმეტყუელებაჲ იოსეფისი, მის თანავე მისვე მისისა ნათესავისაგანად იხილვების ქალწულიცა ყოვლად წმიდაჲ ღმრთისმშობელი მარიამ, ვითარ-იგი სჯულისაებრ მოსესსა არა ჯერ-იყო აღრევად ნათესავი ნათესავისა თანა, რამეთუ ერთისა და მისვე მამულისაგანთა უბრძანებს ქორწინებად მოსლვად, რაჲთა არა იქმნეს ტომებით სამკჳდრებელი ნათესავისაჲ ნათესავად“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8