სა სვ სი სმ სო სუ სწ სხ
საა საბ საგ სად სავ საკ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საჩ საც საწ საჭ სახ

საკოცნელი და საწვეროსნო

„საკოცნელი“ ლოყაა, „საწვეროსნო“ წვერის ადგილი, ნიკაპი.

„საკოცნელი მეუბნება!“ – იტყვიან, როცა ლოყა ექავებათ. როცა ნიკაპი ექავებათ, ამბობენ „საწვეროსნო მეუბნებაო“.

ხალხური ახსნით, როცა „საკოცნელი გეუბნება“, ახლობელი, სასურველი ქალი გესტუმრება, ხოლო, როცა „საწვეროსნო გეუბნება“, – ვაჟი. ამ თქმებს უმთავრესად შვილების მომლოდინე დედა ქალები ხმარობენ.


„ამ დილით საკოცნელიც მეუბნებოდა და საწვეროსნოც, დღეს ვინმე გაგახარებსო და მართლაც ორივენი მომიხვედით!“

ამ ხალხურ თქმებთან დაკავშირებით საგულისხმოა შ. რუსთაველის პოემის ერთი ადგილი:

ვაზირმან ცნა, გაეგება: ჩემსა მზეა ამოსრული,
ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული.

პოემის ამ ადგილის მიხედვით ვაზირი წინასწარ გრძნობდა, რომ ვიღაც სასურველი სტუმარი ეწვეოდა და ამას თურმე ახარებდა – ეუბნეოდა რაღაც „სახარული ნიშანი“, რაც შესაძლოა, პოეტს მსგავსი ხალხური გაგებით ჰქონდეს ნაგულისხმევი.

საბა ორბელიანის ლექსიკონში „საკოცნელი“ და „საწვეროსნო“ არ არის. „განმარტებით ლექსიკონში“ ახსნილია „საწვერე სახეზე ის ადგილი, სადაც წვერი ამოდის“, და იქვე მოყვანილია მაგალითი ხალხური ლექსიდან: „საწვერე რომ გექავებოდეს, წვიმა მოვა“.

აქაც მსგავსი მოვლენაა შენიშნული.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9