ყუჭი ძალიან შავია. იტყვიან:
„ისეთია, როგორც შავი ყუჭიო“. საბას განმარტებული აქვს ყურჭი („ძლიერ შავი“). აგრეთვე „ყვირჭი“ („ბრყვილი ანუ ლაქა რომ დააჩნდეს რასმე, აგრეთვე შავი ფერი“). რაჭულ დიალექტშიც „ყურჭი“ ძალიან მწიფე ხილს თურმე ნიშნავს (იხ. „განმარტ. ლექსიკ.“), ალბათ ჩამუქების გამო.
საბას განმარტება: „ყვირჭი (ბრიყვლი ანუ ლაქა რომ დააჩნდეს რასმე, აგრეთვე შავი ფერი), საინტერესო მასალას წარმოადგენს სიტყვა „გულ-უბრყვილოს“ ეტიმოლოგიისათვის. მართალია, საბა სხვაგან ამბობს „ბრყვილი მოსუსტებულიაო“, მაგრამ „ყვირჭის“ განმარტებაში ბრყვილი, ლაქა და შავი ფერი აშკარად ერთმანეთის სინონიმებად აქვს წარმოდგენილი. „გულ-უბრყვილოც“ თავისი შინაარსით მიგვითითებს გულკეთილი ადამიანის გულზე, რომელსაც „ბრყვილი“, ლაქა, შავი ფერი არა აქვს (უ-ბრყვილ-ოა) და გულ-შავის, გულბოროტის, „გულ-ბრყვილ-იანის“ საპირისპირო ტერმინად უნდა ვიგულისხმოთ.