აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
ალა ალქ

ალაო

საბას განმარტებით ალაო არის ფქვილი დანოტიოებული.

ეს ახსნა სწორია (თუმცა არასრული) და ამ სიტყვის შემდგომ განმარტებათა დედაწყარო... ამ სიტყვებით იწყება „განმარტებითი ლექსიკონის“ ახსნაც. (იხ. „ქართ. ენის განმ. ლექს“. I ტ. 266 გვ.). ამ ლექსიკონის განმარტება ვრცელია და ალაოს სხვა ნიშნებიც არის წარმოდგენილი:

„გაღვივებული, გამხმარი და დაღერღილი ქერი, სიმინდი, ხორბალი და მისთანანი. ხმარობენ ლუდის, არყისა და ბურახის გამოსახდელად“.

ახსნილია „ალაო პურიც“ (დასველებული და ჩახურებული ხორბლის პური, გული არ უცხვება“). (ნიკო ჩუბინაშვილის განმარტებით: „ალაო, ფქვილი დაწვიმული, რომელიც კარგად არ მოიზილება, არც გაღვივდება“. ამასვე იმეორებს დავით ჩუბინაშვილიც).

ეს განმარტება ერთგვარ წარმოდგენას გვაძლევს ალაოს მნიშვნელობაზე, მაგრამ მას აკლია მნიშვნელოვანი რამ: არ არის ნათქვამი, რომ ალაო ორგვარია: ბუნებრივი და ხელოვნური.

ბუნებრივ დაალაოებას იწვევს მარცვლეულის წვიმით დასველება-დანოტიოებისაგან ჩახურება და დაყანდება, აგრეთვე მზისგან ჩახურება. მინდორში, ხანგრძლივი წვიმების დროს დატოვებულ პურის ძნას ან ზვინს, ან კალოზე დიდხანს დატოვებულ ხორბალის ხვავს ნესტი მოედება (შეიძლება მიწიდანაც აიღოს), ან მზე დაჰკრავს.

ბუნებრივად „დაალაოებულ“ ხორბალს თავისი „სატკივარი“ არ ეტყობა. ხალხი ამბობს: „ალაო გაიგება ფქვილისაგან: სანამ ხორბალი არ დაიფქვის, არც ეტყობა“... ალაო ცომის გუნდა „თონეში იწევს“, ცვივა, კუტდება, საჭმელად არ ვარგა.

ხელოვნურად დაალაოება ხდება არყის (სხვაგან: ლუდისა და ბურახის) გამოსახდელად... მარცვლეულს ჩაყრიან ჭურჭელში და დაასხამენ წყალს, მარცვალი გაღვივდება, „გაღეჯეჯდება“. გაღვივებულ მარცვალს მზეზე გაფენენ ან ღუმელთან დაყრიან, გააშრობენ და დაფქვავენ. დაფქვილი ალაო ფქვილია, ალაოს იყენებენ საფუარად, დედად: განსაზღვრული დოზით უზამენ „საარყეს“ (იხ. „ბოზა“), რომელიც დუღილს საჭიროებს: „ალაო შემოუძახებს და დუღილს დააწყებინებს“.

როგორც ვხედავთ მარცვლეულის დაალოებას იწვევს ორი მოვლენა: დანესტიანება და ჩახურება. ამ მიზეზით ალაო ორ სახელს ატარებს:
წყლის ალაო ნესტის, ნოტიოს, წვიმის მიზეზით გამოწვეული ალაო.
მზის ალაო მზის მიზეზით გმოწვეული; ალაო მზედაკრული ხორბლის ალაო.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9