| | |
დაისღამე იმ იშვიათ სიტყვათა ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც თვალადურ მეტყველებაში დღესც იხმარება და ჩემი შემოწმებით არც ერთ ლექსიკონში არ უნდა იყოს.
„დაისი“ საბა ორბელიანის ლექსიკონში არ არის. ასევე არც მის თხზულებათა უკანასკნელი გამოცემის ლექსიკონებშია. უნდა ვიფიქროთ, რომ საბა ამ სიტყვას არ ხმარობდა, ან მის დროს ეს სიტყვა არ იხმარებოდა.
დაისი დავით ჩუბინაშვილის განმარტებით „მწუხრის დასაბამია“.
ამ განმარტებით იმიტომ ვიწყებ, რომ მეტად ნათელი და კონკრეტულია, თორემ ნიკო ჩუბინაშვილი უფრო ადრე დაისსა და დაისით ლოცვას ამგვარად ხსნიდა:
„ღამისთევა, პირველ ღამით გარდახდა მწუხრისა და ცისკრისა ერთად, „Всенощное бдение“. როგორც ამ განმარტებიდან ჩანს, ღამისთევა იწყება დაისის ლოცვით და მთავრდება ცისკრის ლოცვით. ისე, რომ დაისი (იგივე მწუხრი) და ცისკარი შეღამებისა და გათენების საზღვრებია.
საბა ორბელიანი ღამეს ვრცლად განმარტავს, ამის გამო მოვიყვანთ ნაწილს, რომელიც შეღამებას ეხება:
ღამე ეწოდების მწუხრიდან ვიდრე გათენებამდე, ხოლო
მწუხრი დასლვასა მზისასა და
შერიჟუება მცირედღა მოღამებასა,
ბინდი ღამის მოწევნასა, გინა დილის განთიადობასა“.
სად უნდა ვეძებოთ თვალადური „დაისღამის“ ადგილი?
„დაისღამე“ კომპოზიტია (დაის-ღამე) და მისი შინაარსიც უთუოდ შეიცავს დაისისა და ღამის შერწყმას – ისევე უნდა იყოს წარმოებული, როგორც „დილაღამე“, როგორც „დილაღამიან“ სინათლისა და სიბნელის, დღისა და ღამის გაყრას ნიშნავს., „დაისღამე“ ღამისა და დღის, სიბნელისა და სინათლის შეყრის (შერწყმის) ჟამია. ამიტომაც ჩემი თვალი ჩერდება საბას „შერიჟუება“-ზე. შერიჟუება კი „მცირედღა მოღამებაა“.
აღნაგობით შერიჟუება შერიჟრაჟებას ჰგავს. ეს ორი სიტყვა ერთი ძირიდან („რიჟ“) უნდა მოდიოდეს (შე-რიჟ-უება – შე-რიჟ-რაჟ-ება), შინაარსითაც „მცირედ მოღამების“ პროცესი მსგავსია განთიადის რიჟრაჟისა.
შესაძლებელია, ოდესღაც შეღამებისა და განთიადის იმ ჟამს, რომელზეც ლაპარაკია, ერთი სახელი რქმეოდა. ამას ადასტურებს საბასეული „ბინდის“ განმარტება: ბინდი საბას ერთდროულად ღამის მოახლოვებისა და განთიადის დაწყების ნიშნად აქვს ნაგულისხმევი: „ბინდი ღამის მოწევნისა, გინდა დილის განთიადობისა“.
შეიძლება წარმოვიდგინოთ:
ბინდი შეღამებისა, ბინდი განთიადისა –
რიჟრაჟი შეღამებისა, რიჟრაჟი განთიადისა.
ეს ჩემი ფიქრებია და ახლა ვნახოთ როგორ ახასიათებს შეღამებისა და შერიჟრაჟების მოვლენებს საბა ორბელიანი სხვა ადგილას:
„რიჟრაჟი ბინდ-ბანდი (შებინდება 1, 35 მარკ)“.
„გაცისკრება არს უწინარესი განთიადისა (ნათლებისა),
„ხოლო განთიადი არს მოწევნა ნათლებისა, რაიმე ნაწილი“.
„ხოლო რიჟრაჟი აღმოჩენა ნათლებისა, რაიმე ნაწილი“.
„ხოლო ალიონი რა ღამე და დღე გაირჩეოდეს...“
„შერიჟუება ბინდის პირი“.
„რიჟურაჟი“, რასაც საბა ბინდ-ბანდსა და შებინდებას უწოდებს, დამოწმებულია სახარების მარკოზის თავის 1,35 მუხლით და განთიადის რიჟრაჟს ნიშნავს:
„და განთიად რიჟურაჟს-ოდენ, აღდგა და გამოვიდა მიერ, და განვიდა უდაბნოსა ადგილსა მუნ და ილოცვიდა“.
მაშასადამე, საბა ორბელიანს შეღამებისა და „განთიადობის“ მსგავსი მოვლენები მსგავსივე და, შესაძლოა, ოდესღაც ერთი მნიშვნელობის სიტყვებით (რიჟურაჟი, რიჟრაჟი, შერიჟუება) აქვს ახსნილი.
თვალადური „დაისღამე“ ღამის წინამორბედი შერიჟუება, შებინდება, დაისიდან ღამეში გადასვლის ჟამია.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |