აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
ალა ალქ

ალქატი

ალქატი ძველი ქართული ლიტერატურული ენის ლექსიკის მკვიდრია, გვხვდება რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა. (1465)

სხვა ადგილას ვკითხულობთ: „ლხინი ჩემი ვაალქატე“ . (251).

საბა ორბელიანი ალქატს „გლახას“ მნიშვნელობით განმარტავს და იმოწმებს რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს.“ (ალქატი, გლახა. „ვეფხისტყაოს.“).

ეს სიტყვა თვალადურ მეტყველებაში დღესაც ცოცხლობს.
ალქატი სახე აქვსო, გამხდარ, სახეგალეულ ადამიანზე იტყვიან.
ალქატი მიწა მწირი, ღარიბი მოუსავლიანი მიწაა.
ალქატი მარცვალი მსუბუქი, მოუსვლელი, ბჟიტი მარცვალი.

ხალხურ „ამირანში“ გვხვდება ალქატი ფერი: „ფერი ალქატი გქონია“.

„ქართ. ენის განმარტებით ლექსიკონში“ ალაქატი ამგვარად არის ახსნილი: „ძვ. ღარიბი, გლახაკი, უქონელი“ და დამატებულია გურული „ალქატი ღომი – თხელი ღომი“.

ნ. ჩუბინაშვილის განმარტებით ალქატი „მსუბუქი, მჩატე, დამშხალულია“. ამ განმარტებაშივე ნ. ჩუბინაშვილი იმოწმებს „ვეფხისტყაოსნის“ 249 და 1455 სტროფებს, რომლებიც ჩვენი დროის (საიუბილეო) გმოცემის 251 და 1465 სტროფებია.

საკვირველია, რომ „ალქატის“ ნ. ჩუბინაშვილისეული ახსნა „მსუბუქი, მჩატე, დამშხალული“ არაფრით არ ესადაგება 1465-ე სტროფის შინაარს, ამ სტროფის „ალქატი“ საბას განმარტებით „გლახაა“ (გლახაკის, ღარიბის, უქონელის მნიშვნელობით).

ამგვარადვე განმარტავს ამ სტროფის „ალქატს“ თეიმურაზ ბაგრატიონიც: „ალქატი – უქონელი ანუ გლახაკი“. თეიმურაზი შემდეგ ამბობს: „ალქატს სხვა მნიშვნელობაცა აქვს, მაგრამ აქა ესე კმარა“ (თ. ბაგრატიონი, განმარტებანი, გვ. 266, გ. იმედაშვილის გამოც.).

როცა თ. ბაგრატიონი ალქატის სხვა მნიშვნელობას ახსენებდა, ალბათ „მსუბუქს, მჩატეს და დამშხალულსაც“ გულისხმობდა, მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული სტროფის განმარტებისას ეს სხვა მნიშვნელობანი მას არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, რადგან შოთა რუსთაველის პოემის სტროფში აღწერილი ფრიდონის მდგმოარეობა არავითარ შემთხვევაში არ უდრის „მსუბუქს, მჩატეს და დამშხალულს“ („მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა“).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9