1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურათა ტიპოლოგიზაციის ტრადიციულობა და ინოვაციურობა

კულტურათა ტიპოლოგიური რაობის განსაზღვრის ერთი საინტერესო ნიშნი მათი ტრადიციულობისა და ინოვაციურობის თვალსაზრისით გამიჯვნაა. როგორც ითქვა, ტრადიციის ქვეშ იგულისხმება სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები, რომლებიც არა მხოლოდ გადაეცემიან თაობიდან თაობას, არამედ ნარჩუნდებიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მრავალი თაობის ცხოვრების მანძილზე. ტრადიცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, რა გადაიცეს მემკვიდრეობით, არამედ იმასაც, თუ როგორ გადაიცეს იგი. ეს ტერმინი გამოიყენება ქცევის წესებისა (სტუქტურის) და რწმენა-წარმოდგენების ხასიათის თითქმის იდენტურ ფორმებში განმეორებადობის აღსაწერად და ასახსნელად. ინოვაციის ქვეშ კი, იგულისხმება ახალი ტექნოლოგიებისა და ქცევის ახალი მოდელის ფორმირების მექანიზმი. ინოვაციები ქმნიან წინაპირობას სოციალურ-კულტურული ცვლილებებისათვის. განასხვავებენ რა კულტურათა ამ ორ ტიპს, მეცნიერები, უმრავლეს შემთხვევაში, პირველის ქვეშ გულისხმობენ არქაულ საზოგადოებებს ან ძველ ცივილიზაციებს როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ კულტურებს განვითარების კაპიტალიზმამდელ ეტაპზე. ჩვეულებრივ, ტრადიციულ საზოგადოებებს განსაზღვრავენ როგორც სტატიკურს, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის, აგრეთვე ურბანიზაციის ნაკლები ხარისხი. პოლიტიკური თვალსაზრისით, ტრადიციულ საზოგადოებებს აღწერენ როგორც დამყარებულს „ტრადიციული“ ელიტის ძალაუფლებაზე, რომელიც მართავს ამა თუ იმ „ზეციური მანდატის“ საფუძველზე. ტრადიციული საზოგადოება შეზღუდულია კულტურული ჰორიზონტებით, რომელსაც ტრადიცია ამყარებს. ამგვარად, ტერმინი „ტრადიციული“ გამოიყენება იმ საზოგადოებების აღსანიშნავად, რომლებიც შედარებით ნელა გარდაიქმნება, რომელთათვისაც დამახასიათებელია საქმიანობის ლეგიტიმაცია წარსულზე დაყრდნობით. პიროვნება ტრადიციულ კულტურებში რეალიზდება მხოლოდ რომელიმე კორპორაციისადმი მისი მიკუთვნების შედეგად და, უმრავლეს შემთხვევაში, იგი მკაცრად არის მიმაგრებული ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფთან. ინოვაციური კულტურების ქვეშ, რომელსაც „მოდერნისტულს“ და „ტექნოგენურსაც“ უწოდებენ, გულისხმობენ საზოგადოებებს, რომელთათვის დამახასიათებელია მეცნიერულტექნიკური პროგრესი, თავისუფალი საბაზრო წარმოება, კონსტიტუციური საპარლამენტო დაწესებულებები და პირადი თავისუფლება. ეს ყოველივე კი დამახასიათებელია თანამედროვე დასავლური ცივილიზაციისათვის. ზემოთ აღნიშნულ ელემენტებს შეიძლება ფუნქციური დატვირთვა ჰქონდეთ რომელიმე არადასავლურ საზოგადოებაში, რის გამოც ის, აგრეთვე მოდერნისტულ საზოგადოებად მიიჩნევა. ინოვაციური თუ მოდერნისტული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია დიფერენციაციის, ურბანიზაციის, განათლების მაღალი დონე და ინფორმაციის საყოველთაობა. პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდერნისტული საზოგადოება ემყარება მასების ფართო მონაწილეობას, რომელიც არ ღებულობს ლეგიტიმურობის ტრადიციულ პრინციპებს და ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას ეფექტურობის თვალსაზრისით. ინოვაციურ საზოგადოებას, ტრადიციულისაგან განსხვავებით, ახასიათებს კულტურული დინამიკა და ორიენტაცია ცვალებადობებსა და ნოვაციებზე. მისი თავისებურება და ძირითადი ფასეულობაა ინდივიდუალიზმი, რაც გულისხმობს პიროვნების თავისუფლებებისა და უფლებების პატივისცემას, აგრეთვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს. პიროვნება განიხილება ყოველგვარი ერთობისაგან დამოუკიდებლად. კულტურათა ტრადიციულობა ან ინოვაციურობა ძირითადად განისაზღვრება კულტურათა ხასიათის თავისებურებით: ერთი მხრივ, მისი მიდრეკილებით ტრადიციათა შენარჩუნებისაკენ, წარსულისაკენ, მეორე მხრივ, მისწრაფებით სიახლისაკენ, ცვლილებებისაკენ. კულტურათა ეს მახასიათებლები (ისევე როგორც სხვა დანარჩენი) ყალიბდება როგორც საზოგადოების შინაგანი თვისება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება და არავითარ შემთხვევაში მთლიანად არ არის განსაზღვრული დროითი და სივრცითი ფაქტორებით. ამიტომ, ალბათ, არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ ამა თუ იმ საზოგადოების გეოგრაფიულად აღმოსავლური მდებარეობა და ქრონოლოგიურად პრემოდერნულ ხანაში არსებობა უკვე საკმარისი არგუმენტია მისი ტრადიციულობის დასამტკიცებლად. მოდერნისტული საზოგადოების წარმოშობა დასავლეთში შესაძლებელი გახდა აქ მანამდე ინოვაციური საზოგადოების არსებობის გამო, დასავლეთში საზოგადოება ინოვაციური იყო კაპიტალიზმამდელ ხანაშიც. ამდენად, ალბათ, არ არის საჭირო ისტორიის დაყოფა ტრადიციული და ინოვაციური კულტურების ხანად. ისინი შეიძლება დროში თანაარსებობდნენ. გარდა ამისა, უნდა განვასხვაოთ ცნება „მოდერნისტული“ (რომელიც გულისხმობს თანამედროვე ეტაპზე დასავლურ სამყაროში წამოქმნილ კულტურულ ტიპს), „ინოვაციური“ კულტურებისაგან, რაც არის კულტურის თვისება - იყოს ორიენტირებული სიახლეზე. აქედან გამომდინარე, ხშირად ტრადიციულ საზოგადოებების მოდერნიზაცია უდრის ვესტერნიზაციას ინოვაციურობის გარეშე.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9