1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოდერნიზაცია

  1. ფართო აზრით, გულისხმობს ზოგადსაკაცობრიო ევოლუციის თანმდევი, ახალი სააზროვნო ფორმებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრების პერმანენტული პროცესს. ასეთი გაგებით, მოდერნიზაცია უწყვეტი და უსასრულო პროცესია და მისი შედეგი არ არის ერთჯერადი მონაპოვარი. ვიწრო აზრით, ამ ტერმინით სოციოლოგიაში აღნიშნავენ ტრადიციული, სასოფლო, აგრარული საზოგადოებიდან სეკულარული, ინდუსტრიული, ურბანისტული საზოგადოებად ტრანსფორმაციას. მოდერნიზაციის პროცესი დღეისათვის არ შემოიფარგლება ერთი ცალკეული ქვეყნის შინაგანი განვითარებით. ის უნდა განიხილებოდეს გლობალური მასშტაბით, რადგან მოდერნიზაცია გავრცელდა თავისი წარმოშობის ადგილიდან - დასავლეთიდან - და მთელი სამყარო მოიცვა. მოდერნიზაცია კურსის ფარგლებში შეიძლება განვიხილოთ როგორც: 1. დასავლური საზოგადოების (ცივილიზაციის) განვითარების კონკრეტული ეტაპისათვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული ნიშნების ერთობლიობა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ზოგადად, დასავლური საზოგადოების განვითარების კონტექსტში, ამ ცივილიზაციის წინამორბედ კულტურულ ფორმების თავისებურებებთან უშუალო კავშირში. 2. სოციალურ-კულტურული ნიშნების ერთობლიობა, რომელიც მსოფლიო საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპის სპეციფიკამ სხვა, არადასავლურ საზოგადოებათა (კულტურათა, ცივილიზაციათა) მახასიათებლად აქცია. ამ არადასავლურ საზოგადოებათა მოდერნიზაციის პროცესში გამოკვეთილი ახალი კულტურული პროცესების აღწერას კურსში რამდენიმე სალექციო თემა ეთმობა. მოდერნიზაციის პირველი გაგება შეიძლება გამოვიყენოთ დასავლური საზოგადოების ისტორიული და თანამედროვე განვითარებაზე მსჯელობისას, ხოლო მეორე - თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აღსაწერად. მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად მიჩნეულია: ეკონომიკაში - ახალი ტექნოლოგიებისა და კაპიტალის გამოყენების გაზრდა, ბუნებრივი რესურსების ფართო ათვისება, მეურნეობის მეორადი და მესამეული სექტორების გაფართოება, კაპიტალის, შრომისა და სასაქონლო ბაზრის განვითარება. სოციალურ სფეროში - სოციალურობის ადრინდელი, წინასწარგანსაზღვრული (ასკრიპტიული) ტიპებისა და სოციალური კუთვნილების ზოგადი ტიპების შესუსტება, ადრინდელი, პირველ რიგში, რელიგიური, საერთო ასკრიპტიული კავშირების ფრაგმენტაცია და ახალი, საბაზრო ან პროფესიულ კრიტერიუმებზე დამყარებული რაციონალური კავშირების სფეროს გაფართოება. ამ უკანასკნელს თან სდევს სოციალური და პროფესიული დიფერენციაციის ზრდა, განსაკუთრებით კლასობრივი, ქონებრივი და ფუნქციური, წარმოების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ერთმანეთისაგან გამოყოფა, ურბანიზაციის ზრდა და სოფლის ჩართვა საბაზრო ურთიერთობებში. სტატუსის ადრინდელი, მემკვიდრეობით მიღებული და ჯგუფისადმი კუთვნილებით განსაზღვრულ ასკრიპტიული სიმბოლოთა ნაცვლად მზარდ აღიარებას იღებს „მიღწევის“ კრიტერიუმი მოღვაწეობის ახალ, უპირველეს ყოვლისა, სამეურნეო, ფინანსურ და საქმიან სფეროში. პოლიტიკის სფეროში - ცენტრალიზებული ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებში ყალიბდება საკუთარი ინტერესებისათვის მებრძოლი სხვადასხვაგვარი სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობები, ელიტები და ჯგუფები; დინასტიური რეჟიმების ლეგიტიმურობის ტრადიციული ფორმების შესუსტება და დემოკრატიის ზოგიერთი ელემენტის შემოტანა; ცვლილება ცენტრსა და პერიფერიას შორის ურთიერმიმართებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ პერიფერიისათვის ხელმისაწვდომი ხდება ხელისუფლება ცენტრში. კულტურულ სფეროში - ღირებულებითი ორიენტაციების დიფერენციაცია, საზოგადოებრივი ცოდნისა და განათლების სეკულარიზაცია და პლურალიზაცია, იდეოლოგიური მიმართულებების მრავალფეროვნება, მასმედიის განვითარება. უპირატესობა ენიჭება და აღიარებული ხდება ქცევის სულ უფრო მეტი ინდივიდუალიზაცია და პიროვნების თვითგამორკვევა. სულიერ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებად მიიჩნევა სეკულარიზმის გავრცელება რისი საფუძველიც არის მეურნეობისა და პოლიტიკის ავტონომიურობის ზრდა, მოღვაწეობის პრაქტიკული და რაციონალური ფორმების გაფართოება, სადაც განმსაზღვრელი კრიტერიუმები არა მორალური, სულიერი ან ესტთეტიკური მოსაზრებებია, არამედ ეფექტურობა და პრაქტიკული სარგებელი. ამ ცვლილებების (რომელთა ხარისხის განსაზღვრა ემპირიულადაც არის შესაძლებელი) არსებითი პარამეტრები მოსახლეობის მობილურობის, სოციალურ და პოლიტიკურ მართვაში მისი მონაწილეობის და, ასევე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფის თანამედროვე კულტურაში ჩართულობის ხარისხია. მოდერნიზაცია მოიცავს მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს, ათავისუფლებს რა მათ ყოფისა და წარმოების უძრავი ფორმებისაგან. მაგრამ მოდერნიზაციის პროცესის სტრუქტურაში ყოველთვის ხდება მეწარმეთა ფენის გაძლიერება და დაქირავებული შრომის გამოყენების ზრდა. ინსტიტუციური თვალსაზრისით - მოდერნიზაცია გამოიხატება ინსტიტუტების დიფერენციაციის ზრდაში, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ მოღვაწეობის ახალი ფორმების რეგულაციას. ცხოვრების ყველა სფერო, რელიგიურის ჩათვლით, უფრო მრავალფეროვანი ხდება. სოციალური თვალსაზრისით, მოდერნიზაციის მამოძრავებლი ძალა, უმეტესწილად, ის აქტიური ფენებია, რომლებსაც შუალედური პოზიცია უკავიათ ადრე არსებულ ძირითად სოციალურ ფენებთან მიმართებაში. ხშირად მოდერნიზაციის ინიციატორებად გამოდიან უცხო კულტურული ელემენტები, სხვა კონფესიური თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. მათ ახასიათებთ გაზრდილი მობილურობა და აქტიურობა სავაჭრო-საწარმოო სფეროში.
    Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. სოციალური და პოლიტიკური ცვლილების პროცესი, რომლის წყალობითაც თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებები აღმოცენდა; კაპიტალისტური ეკონომიკური წესრიგისა და ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის წარმოშობა-განვითარება.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9