1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოდერნიზაციის თეორიები

– დასავლური კულტურაში მოდერნიზაციის საფუძვლების ჩამოყალიბების სხვადასხვაგვარი ახსნა არსებობს. ვებერისეული ხედვა უპირატესობას იმ ფასეულობათა ხასიათში ხედავს, რომელიც მატერიალური სიკეთის დაგროვებასა და გაფართებაზეა ორიენტირებული. მეორე მიმართულება უპირატესობას სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურას (უპირველეს ყოვლისა, სოფელთან შედარებით ქალაქის სიჭარბეს) ანიჭებდა (ფ. ბროდელი, იგივე მ. ვებერი). მესამე მიმართულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძალაუფლების განაწილების პრინციპსა და ამ პრინციპის ინსტიტუტებში გამყარებას ანიჭებდა (შ. ეიზენშტადტი). საუკუნენახევრის მანძილზე მოდერნიზაციის თეორიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო შეხედულება მსოფლიო ისტორიის თანამედროვე ეტაპეზე თითოეული საზოგადოების სწორხაზოვანი განვითარების შესახებ. ეს მიუთითებდა ყოველი საზოგადოების იმ სისტემაში შესვლის აუცილებლობაზე, რომელიც დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, მათ „ცენტრალურ“ ცივილიზაციასთან „მიერთებაზე“. ზუსტად ეს იყო პროგრესის, როგორც პროცესისა და მიზნის არსი. სოციალური რეგულაციის ყველა ადრინდელი ვარიანტი, მიღწევები და ღირებულებები გადაისინჯა დასავლეთის მიერ შექმნილი თანამოედროვეობაში შესასვლელად. ამიტომ ყველა არადასავლური კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ახალ რეალობაში შესვლისათვის ვარგისიანობის თვალსაზრისით განიხილებოდა. ყველა სახის ისტორიული და ადგილობრივი და ისტორიული თავისებურება განიხილებოდა მხოლოდ როგორც საწყისი ფაზის სპეციფიკა, რომელიც სწრაფ ტრანსფორმაციასა და გაქრობას ექვემდებარებოდა. XIX საუკუნისა და XX საუკუნის გარკვეული პერიოდის მანძილზე განვითარების თავისებურების პრობლემატიკა ფაქტობრივად იმ მკვლევართა ყურადღების მიღმა დარჩა, რომლებიც არადასავლური ქვეყნების განვითარების გზებსა და შესაძლებლობებზე საუბრობდნენ. მეტიც, თუ ადრე აქცენტი კეთდებოდა დასავლური საზოგადოებისა და მისი განვითარების სპეციფიკაზე, შემდგომში დამკვიდრდა დასავლური მოდელის უნივერსალურობის იდეა მთელი მსოფლიოსათვის. 70-იანი წლების დასაწყისამდე მოდერნიზაციის თეორია „ვესტერნიზაციის“ კონცეფციისბაზაზე ვითარდებოდა, რომელიც დასავლური ლიბერალიზმის უნივერსალობას ამტკიცებდა. ვესტერნიზაციის თეორიის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ გათანამედროვების პროცესი როგორც ისტორიულად, ისე ლოგიკურად გულისხმობს, პირველ რიგში, მეურნეობის წარმართვის კაპიტალისტური მეთოდის მიღებას, ასევე დასავლეთის, როგორც „მსოფლიო ცივილიზაციის“ ექსპანსია. პრობლემა მხოლოდ „სასტარტო პირობებისა“ და „წინააღმდეგობების“ გამოვლენაში, ასევე სხვადასხვა საზოგადოებათა უნივერსალური ხასიათის მქონე მოდერნიზაციის ინდექსის მიხედვით შეფასებაში მდგომარეობდა. კოლონიური სისტემის დაშლასა და სუვერენული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, რასაც თან სდევდა კულტურული თვითმყოფადობის იდეოლოგიური მტკიცება, არ გამოუწვევია სწორხაზოვანი კონცეფციის გადახედვა. დეკოლონიზაციის პროცესი დასავლურ ისტორიოგრაფიაში განიხილებოდა, როგორც დასავლური ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფორმების გავლენის შედეგი, როგორც მათი „დიფუზია“. სოციოკულტურულ ჭრილში მოდერნიზაცია უნდა წარმართულიყო როგორც მოძრაობა „ავტორიტეტულობიდან თავისუფლებისაკენ“, როგორც დრომოჭმული ტრადიციების გარდაქმნა და გადალახვა, ტექნიკურ ეფექტურობაში განხორციელებული რაციონალობის დამკვიდრება და საპარლამენტო დემოკრატიის გაფართოებაზე დამყარებული ახალი პოლიტიკური კულტურის ათვისება. საზოგადოებათა დაყოფა „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ დიქოტომიის საფუძველზე გულისხმობდა მათ დაყოფას „განვითარების უნარის მქონე“, „მოწინავე“ და „ჩამორჩენილ“ საზოგადოებებად. ამ უკანასკნელთათივის კი გარდაუვალი იყო საერთო გზისათვის გვერდის ავლა. ამ პროცესს თან ახლავს დასავლური ფასეულობების, ნორმების და ქცევის სტერეოტიპებს აუცილებელი სესხება. ხშირად, მოდერნიზაცია გაიგება როგორც ავტორიტარიზმისა და დესპოტიზმის გადალახვა, ქცევისა და საზოგადოების რეგულაციის ტრადიციული ფორმების თანდათანობითი განდევნა და მათი ახალი, გონივრულობისა და მეცნიერულ პრინციპებზე დაყრებული ფორმებით ჩანაცვლება. უცვლელი და დრომოჭმული წესრიგიდან საზოგადოება გადადის მუდმივი ცვლილებებისა და სრულყოფის პროცესისაკენ. ასეთი პრინციპები სხვადასხვა ვარიაციებით შეიძლება შეგვხვდეს ლიბერალურ, რეფორმატორულ ან სოციალისტურ მიმართულებებში. არადასავლური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა შეესაბამებოდა „ისტორიზმის“ იმ განწყობას, რომლის მიხედვით წარსულის ისტორიამ „ჩაიარა“ და ამიტომ უნდა შეიცვალოს ახალი, თანამედროვე საზოგადოებით. ნაშრომები, რომლებიც აღმოსავლური კულტურების ძველი და კლასიკური პერიოდის ისტორიისა და არადასავლური საზოგადოებების სტრუქტურისა და ფუნქციობის კვლევას ეძღვნებოდა მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდენ - ამ საზოგადოებათა ტიპის ცვლილება გარდაუვალი იყო რეფორმების ან რევოლუციის გზით. ცივილიზაციური თვალთახედვით, მოდერნიზაციის თეორია თავდაპირველად „ძველი“ ცივილიზაციების „გადალახვასა“ და ყველა საზოგადოებისათვის პროგრესის უნივერსალური გზის დასახვაში მდგომარეობდა. სოციოლოგიური თვალსაზრისით, მოდერნიზაციის თეორია სოციალურობის, როგორც ტრადიციისა და თანამედროვეობის, ჩამორჩენილობისა და განვითარებულობის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დიქოტომიურ აღქმას ემყარებოდა.არსებობდა ტრადიციული საზოგადოებებისათვის დამახასიათებელი იმ „ნაკლოვანი თავისებურებების“ ჩამონათვალი, რომელიც ხელს უშლიდა და აფერხებდა იმიტაციურ მოდერნიზაციას. ამ ჩამონათვალში შედიოდა სოციალური სტრუქტურის შემდეგი თავისებურებანი: ასკრიპტიული კავშირები: ურთიერთვალდებულებები ოჯახისა და ნათესაობის ფარგლებში, მეგობრული და კლანური კავშირები, მცირე ჯგუფები, საზოგადოებრივი აზრი; ამ კავშირებიდან გამომდინარე, კოლექტიური წარმოდგენების უპირატესობა და ინდივიდის ჯგუფისაგან განუყოფელობა; ლოკალურ ერთეულებსა და ტერიტორიებზე მიჯაჭვულობა; კასტური და კლასობრივი ბარიერები; მკაცრი მსოფლმხედველობრივი კონტროლი, ორიენტირებული საბოლოო და მარადიულ ღირებულებებზე საწინააღმდეგოდ ინსტრუმენტული ფასეულობებისა, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკულ ქცევას არეგულირებენ. გარდაქმნების დამაბრკოლებელ კულტურულ წინააღმდეგობებად მიჩნეული იყო შემდეგი ღირებულებები: „სამუშაო“ დროის იგნორირება, ყოველდღიური და შეუპავარი შრომის უნარის არქონა, ფატალიზმი, ეთნოცენტრიზმი, სიამაყისა და ღირსების გამძაფრებული განცდა, მორიდებულობის კონსერვატიული ნორმები, ადგილობრივი პოლიტიკური ავტორიტეტების პატივისცემა და „საკუთარ“ მიწასთან მიჯაჭვულობა, ჩუქების როგორც გაცვლის ფორმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ა. შ. კულტურის სტრუქტურაში აღინიშნება გახლეჩა მაღალ მორალურ ორიენტაციებსა და ადამიანური ყოფის რეალური პირობების უგულვებელყოფას შორის, პრობლემების რეალური გადაჭრის თავიდან არიდება, სტატუსის, გენდერული და ასაკობრივი როლების თანამედროვეობისათვის არაადეკვატური დიფერენციაცია. კომუნიკაციური ბარიერთა რიცხვს მიაკუთვნებენ მშობლიურ ენასთან, წეს-ჩვეულებასთან, ტრადიციულ ეტიკეტთან და მიჯაჭვულობას. კულტურულ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოტორული ნიმუშები და სხეულის ჩვეული პოზიციები ასევე მიიჩნევა როგორც წინააღმდეგობა ახლის ათვისებაში. ტრადიციის როგორც მოდერნიზაციის დამაბრკოლებელი გარემოების ასეთ ანთროპოლოგიური დისკრედიტაციას თან ერთვოდა ცივილიზაციურიც. ეს პირველ რიგში რელიგიას ეხებოდა. მ.ვებერის კონცეფციის თანახმად, არადასავლური რელიგიები არ მიიჩნევიან მოდერნიზაციული პოტენციის მატარებლად. ამგვარად, თანამედროვეობა ამ კონტექსტში უპირისპირდება ტრადიციულს. სოციალურკულტურული თვალსაზრისით, ამ თანამედროვეობის მატარებლად მიიჩნევა ინდივიდი როგორც პიროვნება, რომელმაც თავი დააღწია ასკრიპტიულ კავშირებს და რომელიც საკმაოდ თავისუფალია ქცევასა და აზროვნებაში. ეს აქტიური შემოქმედებითი პიროვნებაა, რომელიც არ არის შებოჭილი კოლექტიური ავტორიტეტებით. მის მახასიათებლებად მიიჩნევა მზადყოფნა გარდაქმნებისათვის და მათში აქტიური მონაწილეობა. ეს პიროვნება რაციონალური გეგმის მიხედვით მოქმედებს. XX საუკუნის უდიდესი ნაწილი მანძილზე ტრადიციისა და დისკრედიტაცია და მოდერნიზაციის აპოლოგია თანაარსებობდა კოლონიალიზმის კრიტიკისა და არადასავლური საზოგადოებების თვითმყოფადობის დაცვასთან ერთად. საზოგადოებრივი აზრის მიერ ვესტერნიზაციის უარყოფითი შედეგების გაცნობიერება კოლონიურ პერიოდში ხდებოდა, იმით იყო გამოწვეული, რომ სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა არადასავლურ საზოგადოებებზე დასავლური კულტურის გავლენის წინააღმდეგობრივი ხასიათი. დასავლურიკულტურის შეთვისების პერიოდს მოჰყვა ბრძოლა დეკოლონიზაციისა და აზიის, აფრიკისა დალათინოამერიკული ქვეყნების თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის. 1960-იანი წლების ბოლომდე სამეცნიერო ლიტერატურაში ჭარბობდა შრომები, რომლებიც ტრადიციისა და თანამედროვეობის დიქოტომიურ აღქმას ემყარებოდა და რომლებშიც არადასავლური საზოგადოებების ძველი მემკვიდრეობა განიხილებოდა როგორც უდავო დაბრკოლება მოდერნიზაციის გზაზე. შესაბამისად, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება უტილიტარიზმის, სეკულარიზმისა და რაციონალიზმის ღირებულებებს. მაგრამ 1970-იანი წლებში ბევრ ქვეყანაში არსებულმა მრავალრიცხოვანმა სირთულემ, წარუმატებელმა მოდერნიზაციამ და რევოლუციურმა ძვრებმა მკვლევრები აიძულა ძველი უნივერსალური მოდელების გადაეხედვა და განვითარების პროცესების ახალი, შედარებითი კვლევის წამოწყება. დასავლურ სოციალურ მეცნიერებაში 1970-80-იანი წლების მანძილზე წარმოებულმა კვლევამ გამოიწვია შეხედულების ცვლილება ტრადიციის არსსა და მის ხასიათთანდაკავშირებით. „ტრადიციული“ კულტურების უფრო სერიოზულმა შესწავლამ გამოავლინა, რომ მათი მახასიათებლები და დამოკიდებულება თანამედროვეობასთან მნიშვნელოვან არაერთგვაროვნებას ამჟღავნებს. აღმოჩნდა, რომ ასკრიპტიული კავშირები - ოჯახური, ნათესაური, კლანური - ხშირად ხდებოდნენ ახალი საწარმოო ურთიერთობების მატარებლები. ეს უფრო ეფექტური იყო, ვიდრე კავშირების ინდივიდუალიზაცია, რასაც ხშირად, საზოგადოების რღვევა და მისი კრიმინალიზაცია სდევდა თან. თეორიული თვალსაზრისით, მოდერნიზაციის ადრეული მოდელების კრიტიკა, პირველ რიგში, მიმართული იყო „ტრადიცია-მოდერნიზაციის“ დიქოტომიის წინააღმდეგ. ეს კრიტიკა ემყარებოდა განვითარების, როგორც ევოლუციური პროცესის განსაზღვრებას, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მოწყობის ადრინდელი სოციალურ-კულტურული პრინციპების განდევნასა და ჩანაცვლებას. კრიტიკის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა კულტურული მემკვიდრეობისა და ურთიერთობათა სოციალურ-კულტურული სისტემის როლის გამოვლინება. პროგრესისტული კონცეფციების საწინააღმდეგოდ, კულტურული მემკვიდრეობა განიხილებოდა როგორც სტაბილურობის შენარჩუნების წინაპირობა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ფუნქციობას. ხოლო ტრადიცია განიხილებოდა როგორც სოციალურკულტურული კავშირების აუცილებელი ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდის სოციალიზაციის არსებით ფორმებს, ჯგუფთაშორის ურთიერთობის ორგანიზაციასა და საზოგადოების ერთობას. ნებისმიერ დამუშავებულ ვარიანტში მოდერნიზაციის თეორია აღიარებს ორი სფეროს ურთიერთქმედებას - საზოგადოების ინტეგრაციასა და დიფერენციას, შესაბამისად, მისი დამოუკიდებლობისა და შენარჩუნებაში, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით გამოიხატება სუვერენიტეტის პრინციპში, ხოლო კულტურული თვალსაზრისით - თვითმყოფადობის, იდენტურობის პრინციპში. ამ დასკვნებმა მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიწვია მოდერნიზაციის პროცესის არსის გადახედვა. ასეთი გააზრების ერთგვარ კატეგორიული ფორმულირებაა ს. ჰანთინგტონს ეკუთვნის: „მოდერნიზაცია აუცილებლად არ ნიშნავს ვესტერნიზაციას. არადასავლური საზოგადოებებმა შესაძლოა განიცადონ მოდერნიზაცია ისე, რომ უარი არ თქვან საკუთარ კულტურაზე, არ მიიღონ დასავლური ღირებულებები, ინსტიტუტები და ქცევის ფორმები. სინამდვილეში მოდერნიზაცია აძლიერებს ამ კულტურებს და იწვევს დასავლეთის შედარებით დასუსტებას. შიძლება ითქვას, რომ სამყარო სულ უფრო და უფრო მოდერნიზებული და ნაკლებად დასავლური ხდება“. მოდერნულობის გაგების პირველ ვარიანტს პირობითად კულტურულს უწოდებენ, ხოლო მეორეს - აკულტურულს. არსებობს კულტურათა სიმრავლე, რომელთაგან თითოეულს აქვს ენა და გამოცდილება, რომლებიც განსაზღვრავენ პიროვნულობის, სოციალური ურთიერთობების, ცუდისა და კარგის, სათნოებისა/ზნეობისა და უზნეობის და ა. შ. სპეციფიკურ გაგებას. ეს მოდელი - მოდერნულობის კულტურული თეორია - თანამედროვე დასავლეთში მომხდარ ცვლილებებს ახალი კულტურის წარმოშობის საფუძველზე ხსნის. თანამედროვე ატლანტიკური სამყარო არის კულტურა (ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კულტურათა ჯგუფი), რომელსაც აქვს, მაგალითად, პიროვნების, ბუნების, კარგისა და ცუდის საკუთარი, სპეციფიკური გაგება, ეს კულტურა შეიძლება დავუპირისპიროთ სხვა დანარჩენებს, თავისი წინამორბედი ცივილიზაციების ჩათვლით (რომელთანაც, ცხადია, უამრავი საერთო აქვს). ყველაზე პოპულარულია მოდერნულობის მიზეზობრივი განმარტებები. მხოლოდ სოციალურ ახსნას მივყავართ მიზეზამდე: სოციალური ცვლილებები, ისეთები როგორიცაა მობილურობა და ინდუსტრიალიზაცია, განაპირობებენ ინტელექტუალურ და სულიერ ცვლილებს, რადგან ისინი უბიძგებენ ხალხს, დათმონ ძველი ჩვევები და რწმენები - რელიგია ან ტრადიციული მორალი - რომლებიც მიუღებელი ხდებიან, კარგავენ რა დამოუკიდებელ რაციონალურ საფუძველს, რაც გააჩნია მოდერნულობის ისეთ წარმოდგენებს როგორიცააინდივიდუალიზმი და ინსტრუმენტული აზროვნება. მაგრამ შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რა ვუყოთ მოდერნულობის ფართოდ გავრცელებულ და პოპულარულ ნეგატიურ თეორიას, რომელიც მოდერნიზაციის პროცესს განიხილავს არა როგორც ზრდას, არამედ როგორც დაქვეითებას და დაკნინებას? საინტერესოა, რომ ისინიც თავისებურად აკულტურისტები არიან. ამის წარმოსაჩენად, ჩვენ უნდა განვავრცოთ ზემოთ მოტანილი განმარტება. იმის ნაცვლად, რომ ცვლილებები განიხილოს როგორც შესაძლებლობათა რეალიზაცია, ნეგატიური თეორია მოდერნულობას ხშირად მხოლოდ საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მაგრამ ხშირად ის კონკრეტული კულტურისაგან დამოუკიდებლად განიხილება. მოდერნულობას ახასიათებენ როგორც პერსპექტივადაკარგულ, საფუძველგამოცლილ (ფესვებდაკარგულ) მოვლენას, რომელიც ქედმაღლობის გამო უარყოფს ადამიანური შესაძლებლობების შეზღუდულობას, ჩვენს დამოკიდებულებას ისტორიაზე ან ღმერთზე. ის განუსაზღვრელ ნდობას უცხადებს არამდგრად/ცვალებად ადამიანურ გონებას; აკნინებს თვითშემწყნარებლობას, რომელიც შორსაა ცხოვრების ჰეროიკული განზომილებისაგან. მოდერნულობის განმარტებების უდიდესი ნაწილი პოზიტიურ და ნეგატიურ ინტერპრეტაციაზე მოდის. ისინი აკულტურულობისაკენ არიან მიდრეკილნი. კულტურული ინტერპრეტაციები ძლიერია, მაგრამ მათი რიცხვი ნაკლებია. მაგალითად, ფრიდრიხ ნიცშე თანამედროვე სამეცნიერო კულტურას ახასიათებდა როგორც განპირობებულს ფასეულობათა სპეციფიკური მთლიანობით. ვებერმა, გარდა იმისა, რომ შემოგვთავაზა რაციონალიზაციის როგორც მყარი, კულტურულად დამოუკიდებელი ძალის თეორია, პროტესტანტული ეთიკა გაიაზრა როგორც რელიგიურ-მორალურ შეხედულებებათა განსაკუთრებული ერთობა, რომელმაც, თავის მხრივ, განაპირობა თანამედროვე კაპიტალიზმი
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9