1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოდერნული საზოგადოება

ინდუსტრიული საზოგადოებაა. საზოგადოების მოდერნიზება, უპირველეს ყოვლისა, მის ინდუსტრიალიზაციას ნიშნავს. ისტორიულად, მოდერნული საზოგადოების აღზევება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინდუსტრიული საზოგადოების წარმოშობასთან. მოდერნულობის ყველა ძირითადი მახასიათებელი/ნიშანი დაკავშირებულია ცვლილებათა ერთობლიობასთან, რომელმაც ორი საუკუნით ადრე განაპირობა ინდუსტრიული საზოგადოების წარმოშობა. ტერმინი „ინდუსტრიალიზაცია“ და „ინდუსტრიული საზოგადოება“ გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ეკონომიკური და ტექნოლოგიური კომპონენტებია, რომლებიც მის არსს წარმოადგენენ. ინდუსტრიალიზმი ცხოვრების წესია, რომელიც მოიცავს ძირეულ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცვლილებებს. ინდუსტრიალიზაციის ყოვლისმომცველი გარდაქმნების შედეგად საზოგადოება ხდება მოდერნული. მოდერნიზაცია არის უწყვეტი და უსასრულო პროცესი. ისტორიულად, მოდერნიზაცია საუკუნეებს მოიცავს, თუმცა, არსებობს დაჩქარებული მოდერნიზაციის მაგალითები. ორივე შემთხვევაში, მოდერნიზაცია არ არის ერთჯერადი მონაპოვარი. როგორიც არ უნდა იყოს განვითარების დონე, ყოველთვის არსებობენ „ჩამორჩენილი“ რეგიონები და „პერიფერიული“ ჯგუფები. ეს არის მოდერნულ საზოგადოებაში დაძაბულობისა და კონფლიქტების მუდმივი საფუძველი. მოდერნიზაციის პროცესი არ შემოიფარგლება ერთი ცალკეული ქვეყნის შინაგანი განვითარებით. ის უნდა განიხილებოდეს გლობალური მასშტაბით, რადგან მოდერნიზაცია გავრცელდა თავისი წარმოშობის ადგილიდან - დასავლეთიდან - და მთელი მსოფლიო მოიცვა. განვითარების არათანაბარი დონის მქონე ნაციების არსებობა მსოფლიო სახელმწიფოთა სისტემაში არასტაბილურობის ფუნდამენტური ელემენტია.მოდერნული საზოგადოების წარმოშობა დაკავშირებულია XVIII საუკუნეში მომხდარ ორ დიდ ცვლილებასთან (ძვრასთან) პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. ორივე მათგანი იმ ფართო ცვლილებების ნაწილია, რომლებმაც, რენესანსისა და რეფორმაციის შემდეგ, დასავლეთი გადაიყვანა განვითარების ახალ, დანარჩენი სამყაროსაგან განსხვავებულ, ეტაპზე. ცვლილებათა ეს მოდელი გულისხმობდა ინდივიდუალიზმსა და, საბოლოო ჯამში, სეკულარიზმს, რაც პროტესტანტულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა. ცვლილებები გამოიხატა ასევე მეცნიერების განვითარებაშიც. ცვლილებებმა ამ ორივე მიმართულებით XVIII საუკუნის ბოლოს კულმინაციას მიაღწია. პირველმა მოდერნმა განაპირობა პოლიტიკური რევოლუციები საფრანგეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე კი, რომელიც მიმდინარეობდა ტექნოლოგიური ინოვაციებისათვის ხელსაყრელ ვითარებაში, დიდ ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო. ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებმა დააფუძნეს მოდერნული საზოგადოების პოლიტიკური ტიპი - კონსტიტუციური და დემოკრატიული. ეს ნიშნავს არა იმას, რომ ამიერიდან ყველა მთავრობას ამგვარი ხასიათი ჰქონდა, არამედ იმას, რომ აქედან მოყოლებული, პრაქტიკულად ყველა მოაზროვნისათვის ცხადი გახდა, რომ ახლა პოლიტიკურ სისტემებს აღარ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია ლეგიტიმურობაზე, თუ ის არ იქნებოდა დამყარებული კონსტიტუციურად გამოხატულ „ხალხის ნებაზე“.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9