1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბარტი როლანდ

შვეიცარელ ლინგვისტ ფერდინანდ სოსურის ნააზრევზე დაყრდნობით შეეცადა გამოევლინა კულტურული ფენომენის თვითნებური ხასიათი და ყოველდღიური ცხოვრების დაფარული მნიშვნელობები. ბარტს არ აინტერესებდა კარგის ცუდისგან გამორჩევა თანამედროვე მასკულტურაში, არამედ მას სურდა ეჩვენებინა თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოებების ერთი მხრივ, სპონტანური ფორმები და რიტუალები როგორ განიცდიან სისტემურ დამახინჯებას, და მეორე მხრივ, რომ ნებისმიერ მომენტში ე.წ. ბუნებრივად აღიარებული ფორმების დეისტორიზაცია არის მოსალოდნელი, მათი მითად ქცევის საშუალებით. „მთელი საფრანგეთი ამ ანონიმური იდეოლოგიის მონაწილეა: ჩვენი პრესა, ფილმები, თეატრი, ლიტერატურა, რიტუალები, სასამართლო სისტემა, დიპლომატია, საუბრები, ჩვენი შეხედულებები ამინდის, მკვლელობის, სასამართლოს, ქორწილის, სამზარეულოს, სამოსელი, რომელიც ჩვენ გვაცვია, ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოკიდებულია იმ გამოსახულებაზე, ანუ რეპრეზენტაციაზე, რომელსაც ბურჟუაზიას აქვს და ასევე ჩვენც თავს გვახვევს სამყაროსა და ადამიანებს შორის დამოკიდებულებასთან მიმართებაში (ბარტი, 1972). ბარტის მიერ ჩამოყალიბებული კულტურის ცნება ბიბლიოთეკას, ოპერასა და თეატრს სცილდება და მოიცავს ყოველდღიურობას. თუმცა ეს ყოველდღიურობა ბარტისთვის მუქარით არის აღსავსე და უფრო სისტემურად ორგანიზებული ხასიათი აქვს. ბარტისთვის “მითი წარმოადგენს ლაპარაკის ტიპს“. ის თავის ნაშრომში, მითოლოგიები განსაზღვრავს წესების, კოდებისა და კონვენციების დაფარულ ერთობლიობას, რომლის საშუალებითაც გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის (ე.ი. ვისაც ძალაუფლება გააჩნია) მნიშვნელობები ხდება უნივერსალური და „წინასწარ მოცემული“ მთელი საზოგადოებისთვის. ბარტი მიუთითებდა ისეთ ფენომენებზე, მაგ., როგორიც არის საჭიდაო მატჩი, მწერლობა, ტურიზმი. ბარტის მიხედვით, ამ ფენომენებს ხელოვნური ბუნება ახასიათებთ, გააჩნიათ გარკვეული იდეოლოგიური საყრდენი. თითოეული მათგანი ერთსა და იმავე რიტორიკის ფარგლებში ჩამოყალიბდა (ის რაც ნორმალურად მიღებულია – ამ რიტორიკის ფარგლებში) და გადაიქცა მითად, ანუ „სემიოლოგიური სისტემის მეორადი წესრიგის“ უბრალო ელემენტად (ბარტი 1972). ქვემოთ, უფრო დეტალურად განვიხილავთ ბარტის მიერ ჟურნალ „პარი მატჩის“ გარეკანზე დაბეჭდილ ფოტოს, სადაც ზანგი ჯარისკაცი სალუტით დგას ფრანგულ დროშასთან; ფოტოს გააჩნია პირველადი და მეორადი წესრიგის კონოტაცია: პირველ შემთხვევაში, სალუტი ერთგულების ჟესტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, ამავე დროს, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ საფრანგეთი არის უდიდესი იმპერია, და ყველა მისი შვილი, კანის ფერის მიუხედავად ერთგულად უნდა ემსახუროს საფრანგეთს. ბარტის მიერ ამ ლინგვისტიკური მეთოდის გამოყენებამ ენის გარეთ არსებული სხვა დისკურსიული სისტემების მიმართ (მოდა, კინო, საჭმელი) ახალი შესაძლებლობები განავითარა თანამედროვე კულტურულ კვლევების სფეროში. გაჩნდა იმედი, რომ სემიოტიკური ანალიზის საშუალებით შესაძლებელი გახდებოდა ენას, გამოცდილებასა და რეალობას შორის შეუმჩნვეველი ზღვარი დაფიქსირებულიყო და გაანალიზებულიყო; რომ ზღვარი გაუცხოებულ ინტელექტუალსა და „ნამდვილ“ სამყაროს შორის მნიშვნელადი გახდარიყო და ამავე დროს გამქრალიყო. სემიოლოგიური ანალიზი საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო კულტურის ორი დაპირისპირებული განსაზღვრების შერიგება – მორალური შეხედულებებისა (ამ შემთხვევაში ბარტის მარქსისტული შეხედულებები) და პოპულარული თემების: საზოგადოების ცხოვრების წესის შესწავლა. ამისათვის საჭირო იყო ახალი ანალიტიკური მიდგომების შემუშავება. ამ თეორეტიზაციის პროცესში ცნებამ „იდეოლოგია“ ფართო მნიშვნელობა მიიღო. ბარტმა დაინახა, რომ „ანონიმური იდეოლოგია“ განმსჭვალავდა სოციალური ცხოვრების ყოველ შესაძლო დონეს, და ვლინდებოდა ყველაზე ყოფით რიტუალშიც კი და საზღვრავდა ყველაზე არაფორმალურ სოციალურ შეხვედრებს.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9