1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურის სოციოლოგია

თანამედროვე კულტურის სოციოლოგია ხშირად ეყრდნობა ანთროპოლოგიას, ისტორიას, ფემინისტურ, მედია, კულტურულოგიურ კვლევებს, ლიტერატურ კრიტიკას, პოლიტიკურ მეცნიერებას და სოციალურ ფსიქოლოგიას. კულტურის სოციოლოგიაში მუშაობა გულისხმობს ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენებას, რაც საშუალებას გვაძლევს შემოქმედებითად მოვეკიდოთ ჩვენი შესწავლის საგანს. თანამედროვე კულტურის სოციოლოგიაში გამოიკვეთა სამი მიმართულება. თითოეული მათგანის შესწავლის საგანია მნიშვნელობის განმსაზღვრელი პროცესები სხვადასხვა ანალიტიკურ დონეზე.ესა თუ ის მნიშვნელობა შეიძლება არ იყოს გაზიარებული ან ლოგიკური მოცემული ჯგუფის თუ მთლიანად საზოგადოების ყველა წევრისთვის. საერთო ნორმები, ღირებულებები, კოგნიტური ჩარჩოები და მოქმედების აღიარებული გზები არ შეიძლება იყოს ყველასთვის გამჭვირვალე და სწორხაზოვანი. არამედ, გამომდინარე კონტექსტიდან ინდივიდები და სოციალური ჯგუფები ეყრდნობიან მოცემული მნიშვნელობების სიმბოლურ რეპერტუარებს. თუმცა, ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა დროს შეიძლება განსხავებულ ქმედებებს ირჩევდეს ან კიდევ სხვადასხვა ხალხი ერთსა და იმავე კონტექსტში არ დაეყრდნოს ანალოგიურ სიმბოლოებს. მეორე ხაზი შეისწავლის მნიშვნელობის განსაზღვრის პროცესებს, რომლებიც გვხვდება ინსტიტუციურ სფეროებში ან კულტურული პროდიუსერების ქსელებში. ეს მიდგომა კულტურას განიხილავს როგორც სოციალურ პროდუქტს და ხაზს უსვამს სპეციფიკურ კონტექსტებს, სადაც ვხვდებით კულტურულ წარმოებასა და ინოვაციას. აქ განიხილება, თუ როგორ იქმნება კონკრეტულ ორგანიზაციულ კონტექსტში ხელოვნება ან კიდევ, თუ როგორ ხდება მუსიკის გარკვეული სტილის გავრცელება, ან მეცნიერების პრაქტიკაში დანერგვა. ყოველივე ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას შეიძლება ახდენს კულტურული პროდუქტის შექმნაზე. მაგალითად, მოგვიანებით საუბარი გვექნება პოსტმოდერნისტული არქიტექტურის განვითარებაზე, წარმოადგენს თუ არა ის კონკრეტული პროფესიული გარემოს პროდუქტს, თუ უფრო ფართო მასშტაბის მსოფლიო ისტორიული ცვლილებებით არის განპირობებული. მუსიკის სფეროს რაც შეეხება, პეტერსონის მიხედვით, როკ მუსიკის წარმოშობა მიეწერება ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებს და არა დემოგრაფიულ აფეთქებას. მესამე მიდგომა კულტურის სოციოლოგიაში გამოიძიებს მნიშვნელობის განმსაზღვრელ პროცესებს „ტექსტში“, ეყრდნობა ტექსტუალურ ანალიზს, რაც უფრო ახლოა ჰუმანიტარული მეცნიერებებთან, ვიდრე კულტურის სოციოლოგიასთან. კულტურული რეპერტუარები, ობიექტები და ტექსტები ანალიტიკურად ემიჯნება სოციალურ კონტექსტს და განიხილება როგორც შესწავლის დამოუკიდებელი ობიექტი. თუ კულტურას ენას შევადარებთ, მაშინ მასაც აქვს თავისი შინაგანი სტრუქტურა; რაც შეეხება მნიშვნელობების წარმოქმნას ამ შინაგან სტრუქტურას თანამიმდევრული ხასიათი აქვს. კულტურის სოციოლოგიები მიმართავენ სხვა დისციპლინების ანალიტიკურ საშუალებებს, რათა უკეთ და სიღრმისეულად იქნეს გაგებული კულტურის ესა თუ ის სტრუქტურა; მაგალითად, ცნებები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება შემდეგია: სიმბოლური კოდები, ნიშნების სისტემები, ჟანრები, ნარატივები. დისკურსიული ანალიზისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ტექსტუალურ ნიშან-თვისებებს იკვლევს, სოციოლოგები, რომლებიც ანალოგიურ მეთოდებს მიმართავენ, პარალელებს ავლებენ მოცემულ ტექსტუალურ ნიშან-თვისებებსა და იმ გზებს შორის რომელთა საშუალებითაც ინდივიდები გავლენას ახდენენ ამ ნიშან-თვისებებზე და, პირიქით, ექცევიან მათი გავლენის ქვეშ. მნიშვნელობის შექმნის პროცესის შესწავლა „საფუძველში“, „ინსტიტუციონალურ სფეროში“, და „ტექსტში“ არ გამორიცხავს ერთმანეთს და ანალიზი შეიძლება გაკეთდეს სამივე მეთოდის გამოყენებით. თუკი მნიშვნელობის წარმოებას განვიხილავთ როგორც სამივე დონეზე ერთდროულად მიმდინარე პროცესს, მაშინ ასეთი მიდგომა დაგვეხმარება გადავლახოთ კამათი იმის შესახებ, კულტურა თანხმობას ემყარება, თუ კულტურაიდეოლოგია ასახავს ძალაუფლების ურთიერთობებს. პირველ რიგში, „საფუძვლის“ მეთოდის გამოყენება საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ რეპერტუარების განხორციელება, როგორც სოციალურ ჯგუფებში და ჯგუფებს შორის არსებული სხვაობა და კონფლიქტი. თუმცა, ასეთი ტიპის ანალიზი ეწინააღმდეგება იმ შეხედულებებს კულტურის შესახებ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კულტურა არის იდეოლოგია – რადგანაც კულტურული რეპერტუარები, ინდივიდი, ისტორიული ცვალებადობა მიუთითებს იმაზე, რომ კულტურული ძალაუფლება არ არის ადამიანების მანიპულირება მათი ინტერესების შექმნის გზით. (ანუ მარქსის მიხედვით ცრუ ცნობიერების შექმნა). მეორე მნიშვნელობის შექმნა „ინსტიტუციურ სფეროში და ტექსტში“ გვეხმარება განვსაზღვროთ ვარიაციებისა და გაურკვევლობის წყაროები, რაც თავიდან აგვაცილებს შემდეგ ვისაუბროთ კულტურის კონსენსუსისა და იდეოლოგიური დომინაციის შესახებ.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9