1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოსური ფერდინანდ

სოსური ამბობს, რომ სოციალური სტრუქტურის ან ქმედების გაგება შეუძლებელია კულტურული ელემენტების გათვალისწინების გარეშე. როგორც ლინგვისტვისთვის, მისთვის ენაა ამოსავალი წერტილი. იგი აცნობიერებს, რომ ლაპარაკი თავისთავად სოციალური ქმედებაა, რომელიც ფსიქოლოგიურად არის მოტივირებული და კონკრეტულ სიტუაციურ შეზღუდვებს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდები შეიძლება ჩაითვალონ როგორც პასუხისმგებელნი თავიანთ სალაპარაკო აქტებზე, მათ რეალურად არანაირი კონტროლი არ გააჩნიათ იმ ენაზე, რითაც ისინი ახორციელებენ მოცემულ სალაპარაკო აქტებს. მოლაპარაკე ინდივიდებს არ შეუძლიათ იმ ნიშნების განსაზღვრა, რომლებსაც ისინი მიმართავენ ლაპარაკის დროს. ეს ნიშნები ფიქსირებულია საზოგადოების მიერ მკაცრად ჩამოყალიბებული ჩარჩოების ფარგლებში. როდესაც სოსური საუბრობს ენის სოციალურ დეტერმინაციაზე, ის არ მიუთითებს სოციალური ინსტიტუტების შედარებით ძალაზე. ენა როგორც სიმბოლური სისტემა, რომელიც ურიცხვი სოციალური აქტის თავმოყრაა, წარმოადგენს დამოუკიდებელ ძალას. ენა აბსტრაქტული კოდია, რომლის სტრუქტურაც დეტერმინირებულია კანონების მიერ, რომლებიც შინაგანია თავისთავად და არა სოციალური სისტემის ზეწოლის შედეგად მოცემული. სიტყვები წარმოადგენენ ნიშნებს, რომლებიც იშლება აღმნიშვნელად და აღსანიშნად. სოსური მკვეთრად მიჯნავს აღმნიშვნელს, ბგერასა თუ სიტყვის მატერიალური კომპონენტს აღნიშნულისგან, ცნება რომელზეც მატერიალური ბგერა არის მიბმული. ის თვლის, რომ აღმნიშვნელსა და აღნიშნულს, მატერიალურსა და იდეალურ კომპონენტებს შორის დამოკიდებულება არის „თვითნებური“. არ არსებობს ობიქტურად აუცილებელი ან „ნამდვილი“ მიზეზი იმისა, თუ რატომ აღინიშნება ესა თუ ის ცნება რაღაც გარკვეულ ბგერათა შეთანხმებით; მათი ერთმანეთზე მიბმა ხდება ჩვეულების გამო. სოსური უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ სიტყვის გაგება რთულია, როდესაც ის ნამდვილ სოციალურ ობიექტს ეხება და მასთან ხდება დაწყვილება ენის საშუალებით. ეს ურთიერთობაც არის თვითნებურად განპირობებული ჩვეულების მიერ. მნიშვნელობა გამომდინარეობს ურთიერთობებიდან – განსხვავებები და მსგავსებები – რომლებიც ყალიბდება სიტყვებს შორის, ენობრივი სისტემის ნიშნებს შორის. ცვლილებები ამ ურთიერთობებში არ არის იმ სოციალურ ობიექტებში მომხდარი ცვლილებების ამსახველი, რომლებსაც ისინი ეხებიან. ნიშანთა სისტემა ახლო მომავალში არის უცვლელი. ის ვითარდება შინაგანი კანონების შესაბამისად. მისი შემადგენელი ნაწილების ახლანდელი განლაგების გაგება შესაძლებელია მხოლოდ ადრეული ტრადიციების განხილვის საშუალებით, რომელთა წიაღშიც ისინი ჩამოყალიბდნენ. თუ ეს ნებაყოფლობითი ურთიერთობა არსებობს სიტყვებსა და საგნებს შორის ენაში, სოსურის მიხედვით, რატომ არ უნდა არსებობდეს იგივე ყველა სოციალურ ინსტიტუტში და აქტივობაში? მისი აზრით, ლინგვისტიკა არის სემიოტიკის ქვეგანაყოფი, ნიშნების უფრო ზოგადი მეცნიერება. თითოეული სოციალური აქტივობა არის არეული ნიშანთა სისტემასთან, რომელიც ენის ანალოგიურად მუშაობს. არც ისტორიული განვითარება და არც სოციალური ურთიერთობა არ განსაზღვრავს ნიშანთა სისტემის ამ სტრუქტურას. მისი მნიშვნელობის გაგება შესაძლებელია მხოლოდ ინსტიტუციონალური კულტურის შინაგანი კოდების რეკონსტრუქციის საფუძველზე. სემიოტიკურ ანალიზს მიუხედავად მცდელობებისა, მაინც ცალმხრივი ხასიათი აქვს. ის ეხება ნიშანთა სისტემებს და არა საზოგადოებებს. მიუხედავად იმისა, რომ ენათა სისტემები სოციალური ინსტიტუტების მსგავსია, სემიოტიკა გვთავაზობს ჩავატაროთ „სტრუქტურული ანალიზი“ და თავი დავანებოთ ინტერაქციონისტული და სიტუაციური შეზღუდვების შესწავლას. სემიოტიკა ამდენად გვაბრუნებს კულტურის ძლიერი ავტონომიის გაგებასთან, რომელსაც ჰერმენევტიკა გვთავაზობდა. დილთაის მიხედვით, სოციალური ქმედება მხოლოდ შიგნიდან უნდა შესწავლილიყო. თუმცა მისთვის „შიგნიდან“ ნიშნავს სუბიექტური გმოცდილების მოცემულობებისკენ დაბრუნებას. სოსურისთვის კი სიტყვების შინაგანი ურთიერთობების შესწავლას. სემიოტიკა ფორმალურად უდგება ნიშანთა სისტემების სტრუქტურების შესწავლას. სტრუქტურა შედგება ანალოგების და კონტრასტების რთული მოცემულობებისგან, რომლებიც მკვლევარმა უნდა გამოავლინოს მონაწილე ინდივიდების სუბიექტური გამოცდილების გათვალისწინების გარეშე. ეს მოსაზრება რომ გაგვეზიარებინა, მაშინ მნიშვნელობის კვლევისთვის თავი უნდა დაგვენებებინა, რაზეც არის დაფუძნებული კულტურული ანალიზი. ყველა არსებული თანამედროვე მიდგომა კულტურის მიმართ ინტერესდება მნიშვნელადი მოქმედებით და არა ინსტრუმენტულით, ასევე აღიარებს სიმბოლური სისტემების ავტონომიას და მიჯნავს მას არაკულტურული სახის დეტერმინაციებისგან. თუმცა კვლავ საკამათოა, თუ რას მოიცავს სიმბოლური სისტემების ავტონომია, რამდენად დამოუკიდებელია კულტურა, როგორ უნდა დამყარდეს მათი დამოკიდებულება კულტურასთან. ასევე უთანხმოება სუფევს კულტურის შინაგანი შემადგენელი ელემენტების ირგვლივ. რომელია კულტურის ძირითადი კომპონენტები და როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9