1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრაგმატიკა, როგორც სემიოტიკის ნაწილი

უფრო გვიან განვითარდა, ვიდრე სინტაქსი. მიუხედავად ცალკეულ ავტორთა მნიშვნელოვანი წვლილისა პრაგმატიკის სფეროში, სემიოტიკის ეს სფერო ყველაზე უფრო სისტემატიზირებული სახით დამუშავებული ჰქონდა ზემოთ ხსენებულ მორისს აღნიშნულ სტატიაში. ტერმინი „პრაგმატიკა“ მორისმა შეომოიტანა პრაგმატიზმთან ახლო ასოციაციით, თუმცა პრაგმატიკასა და პრაგმატიზმს შორის არავითარი უშუალო კავშირი არ არსებობს. პრაგმატიკა სწავლობს ენობრივი ნიშნების გამომყენებელთან დამოკიდებულებას. პრაგმატიკას აინტერესებს, თუ როგორ იყენებს ადამიანი ნიშნებს, რა ძალისხმევას ახმარს ის მას. პრაგმატიკული ელემენტის შემოტანამ სემიოტიკურ კვლევებში მნიშვნელოვნად შეცვალა წინადადების სზრისის გაგება. თუ აქამდე სემანტიკური და სინტაქსური სტრუქტურები თვითკმარად ითვლებოდა, პრაგმატიკული განზომილების კვლევებში შემოსვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ აუცილებელია პრაგმატიკული ფენომენის გათვალისწინებაც. ამგვარი ტრანსფორმაცია ნათლად აისახა ვიტგენშტაინის კვლევებში. თუ „ლოგიკურფილოსოფიურ ტრაქტატში“ ის აიგივებდა აღსანიშნსა და მნიშვნელობას (და, მაშასადამე იდგა ორფენოვანი სემანტიკის პოზიციაზე), გვიანდელ „ფილოსოფიურ გამოკვლევებში“ მნიშვნელობას განსაზღვრავდა, როგორც ენობრივი ნიშნის, უკვე გამოთქმის გამოყენების წესს. იგივე მიხედვით, ენობრივი ნიშნების გამოყენების წესების რაოდენობა ძალზე დიდია და შესაბამისად ამ თვალსაზრისისა, ვიტგენშტაინს არც უცდია ამ წესების კლასიფიკაცია. სამაგიეროდ ეს განახორციელა მისმა მიმდევარმა, ამერიკელმა ლინგვისტმა, სერლმა, რომელმაც მოახდინა წესების რედუცირება ორ მთავარ ნაირსახეობაზე. ეს წესებია რეგულატორული და კონსტიტუციური წესები. რა განსხვავებაა მათ შორის? რეგულატორული წესი ნიშანთა მოწესრიგება დალაგებას ცდილობს. ეს წესები შეგვიძლია შევადაროთ ქუჩაში მოძრაობის წესებს. არსებითია ის ფაქტი, რომ მოძრაობის წესების არ არსებობა ვერ მოსპობს თავად მოძრაობას. თუ წესები არ იარსებებს, იარსებებს მოძრაოობა, თუმცა მოუწესრიგებელი და ქაოტური, სახიფათო სახით. ამისაგან განსხვავებით კონსტიტუციური წესები არა მხოლოდ აწესრიგებს მოვლენას, არამედ ის ამ მოვლენის და მოვლენის საზრისის კონსტრუირებას ახდენს. კონსტიტუციური წესების ნიმუშად სერლი ასახელებს თამაშის წესებს. თამაში (აქ ლაპარაკია game-ზე და არა play-ზე), შეიძლება განისაზღვროს გარკვეული წესების შესაბამისად განხორციელებულ მოქმედებად. წესები თამაშში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სწორედ, ამიტომ ცდილობდა გვიანი ვიტგენშტაინი ენობრივი აქტივობა აღეწერა თამაშის ტერმინებით. პრაგმატიკის ძირითადი სამუშაო ცნება არის გამოთქმა. გამოთქმის სპეციფიკა ისაა, რომ ის არის არა იმდენად წერილის, არამედ მეყტველების პრიმატით განსაზღვრული ერთეული. პრაგმატიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა კონტექსტი. არსებობს კონტექსტის ორი ნაირსახეობა ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური. ერთიც და მეორეც საზრისის დეტერმინაციას ახორციელებს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ექსტრალინგვისტური კონტექსტი ითვალისწინებს მოლაპარაკის სოციალურ სტატუსს, მის კმპეტენციას, ვითარებას რომელშიაც გამოიყენება ენა, კონკრეტული ვითარების განმსაზღვრელ სხვადასხვა პარამეტრებს და ა.შ. რაც შეეხება ლინგისტურ კონტექსტს, ის ახორციელებს კონკრეტული გამოთქმის დეტერმინაციას ყველაფერი იმის საფუძველზე, რაც მანმადე ითქვა თენის შესახებ და გარდა ამისა, ყველაფერი იმითაც რის თქმასაც მოლაპარაკე აპირებს გამოთქმის შემდეგ თემის ირგვლივ. პრაგმატიკული განზომილების კვლევის პროცესში სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება დაეთმო იმგვარი ფენომენის შესწავლას, როგორიცაა განზრახვა ანუ ინტენციონალობა.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9