1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კოლონტაი ალექსანდრა

ადრეული ბოლშევიკური საზოგადოების ერთ-ერთი თვალშისაცემი ფიგურა და ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობაში ერთადერთი ავტორიტერული ქალი.კოლონტაის სახელს წინააღმდეგობებით აღსავსე ცნობები უკავშირდება. რევოლუციის დასრულებისთანავე ალექსანდრა კოლონტაი, რომელიც წარსულში ცნობილი იყო, როგორც მენშევიკების პარტიის აქტივისტი და სოციალისტური ფემინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბოლშევიკების რიგებში გადადის და სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის სათავეში დგება. ამ თანამდებობიდან, იგი აქტიურად ახორციელებს ბოლშევიკური პარტიის პოლიტიკას მუშათა კლასის ქალებთან მიმართებაში. მიუხედავდ იმისა, რომ კოლონტაი მხარს უჭერდა პარტიის ძირითად მიმართულებას ქალთა გათავისუფლებისა მათი საზოგადოებრივ წარმოებაში ჩართვის გზით და ხედავდა ქალთა დიდ როლს კულტურულ რევოლუციაში, კოლონტაი, განსხვავებით მამაკაცი ბოლშევიკი ლიდერებისა, მიიჩნევდა, რომ მხოლოდ წერა-კითხვის შესწავლით ვერ გადაწყდებოდა ქალთა ჩაგრული მდგომარეობის საკითხი, არამედ იმ შემთხვევაში, თუ ქალები სხვაგვარად დაიწყებდნენ ფიქრს საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებზე. კოლონტაი არ მოიაზრებდა ქალებს როგორც ობიექტებს, რომლებზე ზემოქმედებითაც უნდა მომხდარიყო მათივე განვითარება და გააქტიურება, არამედ როგორც სუბიექტებს, რომელთა გადაწყვეტილებებზე და ქმედებაზეც იყო დამოკიდებული კულტურული რევოლუციის ბედი და საკუთარი მდგომარეობა საზოგადოებაში. თუმცაღა თვით კოლონტაის შეხედულებებიც ქალების დაწინაურების შესახებ ემყარებოდა ტრადიციული „ქალური“ თვისებებისა და ქცევის ნორმების ჩანაცვლებას „მამაკაცური“ თვისებებითა და ქცევის ნორმებით და არ ისმებოდა კითხვა მამაკაცურობის ავკარგიანობის შესახებ. კოლონტაი მამაკაცურ თვისებებსა და მამაკაცებს უბრალოდ უფრო სრულყოფილ და თავისუფალ არსებებად მოიაზრებდა ახალი სოციალური წყობის შესაქმნელად და ქალების განვითარებისა და გათავისუფლების გზად მათ მიერ მამაკაცების უნარ-ჩვევების გადაღება ესახებოდა. კოლონტაი გახლდათ ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს ქალებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ავტორი. თავისი ხანგრძლივი და აქტიური პოლიტიკური კარიერის მანძილზე კოლონტაიმ სოციალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ კარიერის დასაწყისში შეძლო. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია კოლონტაის იხსენიებს როგორც პირველ ქალ ელჩს, რომელიც საბჭოთა მთავრობამ ნორვეგიაში 1923 წელს მიავლინა. კოლონტაის ერთ-ერთი ბიოგრაფის ტომ კონდიტის აზრით, 1920-იანი წლებიდან, როდესაც კოლონტაი საბჭოთა კავშირის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა ნორვეგიას, შვედეთსა და მექსიკაში „1945 წლამდე, ვიდრე მან უარი არ განაცხადა დიპლომატიურ საქმიანობებზე ჯანმრთელობის გამო, კოლონტაი იმყოფებოდა ერთგვარ გადასახლებაში და როგორც დიპლომატი ჩამოცილებული იყო აქტიურ შიდა პოლიიკას. შესაბამისად, მისი შეხედულებები ოჯახისა და ქალთა სტატუსის შესახებ საბჭოთა კავშირში გახუნდა. როგორც საბჭოთა კავშირის ელჩი შვედეთსა და ნორვეგიაში, სავაჭრო დელეგატი მექსიკაში და დელეგატი ერთა ლიგაში ასევე ფინეთისა და საბჭოთა კავშირის სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილე 1940 წელს, ალექსანდრა კოლონტაი დიდი გულმოდგინებით ემსახურა ხელისუფლებას და 1946 წლიდან გარდაცვალებამდე (1952 წელი) გახლდათ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი“.კოლონტაის გადართვამ საგარეო პოლიტიკასა და ფიზიკურად საზღვარგარეთ ყოფნამ იქონია გავლენა ქალთა საკითხებთან მიმართებაში 1920-იანი წლების დასაწყისში განვითარებული კოლონტაისებური ხედვის დაკნინებასა და არაეფექტურ განხორციელებაზე საბჭოთა კავშირში.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9