1848 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენეკა ფოლსში, ნიუ იორკის შტატი, ჩატარდა ქალთა უფლებების პირველი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები ლუკრეცია მოტი და ელიზაბეტ ქეიდი სტენტონი გახლდნენ. „სენტიმენტების დეკლარაცია“, დოკუმენტი, რომელიც სენეკა ფოლსში გამართული დისკუსიების შედეგია ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ყაიდაზეა დაწერილი და ქალებისა და მამაკაცების უფლებრივი თანასწორობისაკენ მოუწოდებს, მას ხელს კონფერენციის წევრი 68 ქალი და 32 მამაკაცი აწერს. „ჩვენ მიგვაჩნია აშკარა ჭეშმარიტებად ის, რომ მამაკაცი და ქალი თანაბარუფლებიანებად შეიქმნენ და მათ შემოქმედმა მიანიჭა ძირითადი და თანდაყოლილი უფლებები; რომელთა შორისაც არის სიცოცხლე, თავისუფლება, და ბედნიერებისაკენ სწრაფვა,“ ნათქვამია დეკლარაციის შესავალში. შესავალს მოჰყვება ნუსხა დისკრიმინაციის იმ სხვადასხვა ფორმებისა, რასაც ქალთა სქესი განიცდის. კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობის უფლების არ ქონა, იმ კანონების მორჩილება, რომლის შექმნაშიც ქალებს არ მიუღიათ მონაწილეობა. გათხოვების შემთხვევაში ყველანაირი უფლების დაკარგვა, ქმრის მორჩილებაში გადასვლა, რომელსაც უფლება ეძლევა განკარგოს ცოლის საკუთრება და შემოსავალი, ასევე აღზარდოს და თუ საჭიროა დასაჯოს იგი. ქალებს არ აქვთ განათლების მიღების უფლება, არ აქვთ უფლება აქტიური ეკლესიური ცხოვრებისა, მათ მამაკაცებმა მორალის სხვანაირი უფრო მკაცრი კოდი დაუწესეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქალებს დაეკარგათ საკუთარი ძალების რწმენა, საკუთარი თავის პატივისცემა და გასჩენოდათ სურვილი ეცხოვრად დამოკიდებულებს თავიანთ „კეთილისმყოფელ“ მამაკაცებზე. ამ მთავარი არგუმენტების საფუძველზე დეკლარაცია ითხოვს ქალთა უუფლებო მდგომარეობის აღმოფხვრას და მათთვის ყველა იმ უფლებისა და პრივილეგიის აღდენას რაც ამერიკის მამაკაც მოაქალაქეებს აქვთ.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]