1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონსტრუქტივიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში

ფოკუსს ახდენს ადამიანის შემეცნებაზე და მის ადგილზე მსოფლიო პოლიტიკაში. კონსტრუქტივისტები ამბობენ, რომ როგორც ასეთი, არ არსებობს გარეგანი, ობიექტური სოციალური რეალობა. სოციალური და პოლიტიკური სამყარო არ არის ფიზიკური არსება ან მატერიალური საგანი, რომელიც არსებობს ადამიანური შემეცნების გარეთ. ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო სისტემა არ არის რაღაც სივრცეში არსებული, როგორც მაგალითად მზის სისტემა. ის არ არსებობს თავისთავად. ის არსებობს მხოლოდ ხალხთა ინტერდისციპლინარული გაგების/შემეცნების საფუძველზე. კონსტრუქტივისტები ამბობენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არის ადამიანური ქმნილება, მაგრამ არა ფიზიკური და მატერიალური, არამედ წმინდა ინტელექტუალური და იდეური. საერთაშორისო სისტემა მათი თქმით არის იდეათა კონა, გარკვეული ნააზრევები, ნორმათა სისტემები, რომლებიც მოწესრიგებულ იქნა გარკვეული ხალხის მიერ გარკვეულ დროში და გარკვეულ ადგილას. აქიდან ლოგიკური დასკვნა არის ის, რომ თუ ფიქრები და იდეები, რომლებიც შეადგენენ საერთაშორისო სისტემას შეიცვლებიან, მაშინ შეიცვლება თვითონ სისტემაც. ეს ხდება იმიტომ, რომ სისტემა არსებობს ნააზრევში და იდეებში. კონსტრუქტივიზმს ზოგჯერ უწოდებენ ახალ მიდგომასაც, (approach) მაგრამ სინამდვილეში ასეთი მეთოდოლოგია ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან არის შემონახული. იტალიელი ფილოსოფოსი ჯამბატისტა ვიკო ამტკიცებდა, რომ ბუნებრივი სამყარო ღმერთის შექმნილია, მაგრამ ისტორიული სამყარო კაცის ქმნილებაა. ისტორია არ არის თვითქმნადი პროცესი, იგი შექმნილია კაცების და ქალების მიერ. ისინი ასევე ქმნიან სახელმწიფოებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ისტორიულ კონსტრუქციებს. სახელმწიფოები არიან ხელოვნური ქმნილებები და აქედან გამომდინარე სახელმწიფოთა სისტემაც ხელოვნურია. კონსტრუქტივიზმის ძირითადი მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად: 1. ადმიანური ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობების ჩათვლით, შედგება ძირითადად იდეებისა და აზრებისაგან და არა მატერიალური მდგომარეობის ან ძალისაგან; 2. ძირითადი იდეური ელემენტები, რომლებსაც კონსტრუქტივისტები ეყრდნობიან არის ის რწმენები (იდეები, კონცეფციები, მოსაზრებები), რომლებიც ფართოდ არის გაზიარებული ხალხის მიერ; 3. ეს საერთო რწმენები (ბელიეფეს) გამოხატავენ ხალხის ინტერესებს და იდენტურობას; 4. კონსტრუქტივისტები შეისწავლიან იმ გზებს, რომლის მეშვეობითაც ყალიბდებიან და გამოიხატებიან ურთიერთობები. მაგალითად ისეთი კოლექტიური სოციალური ინსტიტუტის საშუალებით, როგორიც არის სახელმწიფოს სუვერენტეტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მატერიალური რეალობა, მაგრამ არსებობს იმდენად რამდენადაც ადამაინებს კოლექტიურად სწამთ მისი არსებობისა და მოქმედებენ ამ რწმენის შესაბამისად. კონსტრუქტივისტები მსოფლიოს წარმოიდგენენ როგორც სოციალურ კონსტრუქციას, რომელიც შექმნილია ადამიანების მიერ, მათი აზრების და იდეების მეშვეობით. ნებისმიერ კონსტრუქციას აქვს მატერიალური მხარე მაგრამ იგი მხოლოდ მეორეხარისხოვანია. ანუ, ფიზიკური ელემენტი არსებობს მაგრამ იგი არაფერს წარმოადგენს ინტელექტუალური ელემენტის გარეშე, რომელიც მას აძლევს მნიშვნელობას, გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და წარმართავს. აზრს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში ვიდრე ფიზიკურ საგნებს, ისინი არაფერს წარმოადგენენ ინტელექტუალური კომპონენტის გარეშე. ვენდტის მიხედვით, სოციალურ კონსტრუქციებს აქვთ სამი ელემენტი: საერთო ცოდნა, მატერიალური რესურსები, და პრაქტიკა. კონსტრუქტივისტები ასევე ამბობენ, რომ ერი და ეროვნებაც სოციალური კონსტრუქციაა, რომლებიც შეიქმნა დროში და სივრცეში. მათ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ეროვნულობა გავრცელდა XIX საუკუნეში განათლების და ბეჭდვითი კულტურის გავრცელებასთან ერთად და გახდა საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობა. შესაბამისად, კიდევ ერთი თავისებურება კონსტრუქტივიზმისა ისაა, რომ კონსტრუქტივიზმი ყურადღებას აქცევს არა მარტო იდეების და რწმენების გაზიარების ფაქტს, არამედ იმას, თუ რამდენადაა ისინი გაზიარებული.ალექანდრე ვენდტმა დაიწყო ახალი ერა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში. თუმცა კი, ტერმინი „კონსტრუქტივიზმი“ მისი მოგონილი არ არის, დღესდღეობით ეს ტერმინი აუცილებლად ასოცირდება ვენდტის სახელთან.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9