1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია

ჯოზეფ ნაიმ და რობერტ კიოჰანმა ჩამოაყალიბეს თავიანთ გახმაურებულ ნაშრომში ძალა და ურთიერთდამოკიდებულება (1977). ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იყო ომამდე. ადრე ურთიერთობები წარმოებდა სახელმწიფოს ლიდერებს შორის და ძალის გამოყენება ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთი საშუალება ქვეყნის ლიდერებს შორის წამოჭრილი კონფლიქტების გადასაჭრელად. უსაფრთხოების და თვითგადარჩენის „მაღალ პოლიტიკას“ ჰქონდა უპირატესობა ეკონომიკის და სოციალური საკითხების „მცირე პოლიტიკასთან“ შედარებით კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ხანაში ეს უკვე ასე აღარ არის ორი მიზეზის გამო: პირველი, დღესდღეობით ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ არის მხოლოდ ურთიერთობები ქვეყნის ლიდერებს შორის, არამედ არსებობს ურთიერთობები ბევრ სხვადასხვა დონეზე ბევრი სხვადასხვა აქტორების და სამთავრობო განშტოების გავლით. მეორე, წარმოებს ხშირი ურთიერთობები ადამიანებს და ჯგუფებს შორის სახელმწიფოს ჩაურევლად. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პირობებში სამხედრო ძალა პოლიტიკის წარმოების ნაკლებად გამოყენებადი ინსტრუმენტია. ამ დამოკიდებულების შედეგია ის, რომ ხდება სხვადასხვა ჯგუფების ფორმირება ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამ საკითხებს ახასიათებთ სხვადასხვა ხარისხის კონფლიქტურობა. ამ კონფლიქტების უმრავლესობისთვის სამხედრო ძალა შეუფერებელი ინსტრუმენტია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ეპოქაში ძალას უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და სხვა რესურსები უფრო ფასობს, მაგალითად, როგორიცაა მოლაპარაკების წარმოების უნარჩვევები (negotiating skills). და ბოლოს, მარტივი ურთიერთდამოკიდებულების ხანისგან განსხვავებით კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ხანაში სახელმწიფოები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ სოციალურ სფეროს ვიდრე ეროვნულ უსაფრთხოებას. მოკლედ რომ ითქვას, რეალიზმის საპირისპიროდ, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია მოიაზრებს გაცილებით უფრო მშვიდობიან და უსაფრთხო მსოფლიოს. კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას აქვს შემდეგი შედეგები: 1. სახელმწიფოები სინქრონულად განახორციელებენ სხვადასხვა ინტერესებს და ტრანსნაციონალური აქტორები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები შეეცდებიან საკუთარი ინტერესების განხორციელებას სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად; 2. ძალა და ძლიერება განისაზღვრება ცალკეული სფეროების მიხედვით. მაგალითად, ნაის და კიოჰეინს მოჰყავთ დანიის და ნორვეგიის მაგალითი, რომ მათ აქვთ შესამჩნევი ძლიერება საერთაშორისო ნაოსნობაში, რადგან ჰყავთ დიდი სავაჭრო და ტვირთმზიდი ფლოტილიები, მაგრამ ეს გავლენა სხვა სფეროებზე არ ვრცელდება; 3. საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობა გაიზრდება, რადგან მხოლოდ ისინი არიან პატარა ქვეყნების პოლიტიკური ქმედებების ასპარეზი და ამავდროულად ისინი მეთვალყურეობენ დღის წესრიგის დაგეგმვას საერთაშორისო დონეზე. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ჰომოგენური არ არის და ის მხოლოდ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონებზე ვრცელდება, როგორიცაა დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ანუ, ასეთი ურთიერთობები აღენიშნებათ პლურალისტულ, ინდუსტრიულ სახელმწიფოებს. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება მოდერნიზაციასთან ერთად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.ამ მოდერნიზაციის გავლენის გამოძახილია ნაის და კიოჰეინის უახლესი ნაშრომი ამ თემაზე, „ძალა და ურთიერთდამოკიდებულება საინფორმაციო საუკუნეში,“ რომელიც ავტორებმა 1998 წელს სტატიის სახით დაბეჭდეს ცნობილ ჟურნალ საგარეო ურთიერთობებში (Foreign Affairs). ამ სტატიის სიახლე ისაა, რომ ნაი და კიოჰენმა ყურადღება მიაპყრეს საერთაშორისო ურთიერთობებში ინფორმაციის მნიშვნელობას და გვამცნეს, რომ „სავარაუდოა რომ ახალ საუკუნეში სინფორმაციო ტექნოლოგია იქნეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი (power resource).“ მათი თქმით, უკვე დაიწყო ახალი ხანა, ე.წ. „საინფორმაციო რევოლუცია“ რომელიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ უკვე იქონია დიდი ზეგავლენა კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების სამ ძირითად კომპონენტებზე: 1. საზოგადოებათაშორისი კონტაქტები; 2. სამხედრო ძლიერების როლის შესუსტება; 3. უსაფრთხოება, როგორც ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი. საინფორმაციო რევოლუციამ საგრძნობლად შეცვალა კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პირველი კომპონენტი, რადგანაც ინტერნეტმა და ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა საშუალებებმა მნიშვნელოვნად გაახშირეს და გააღრმავეს კონტაქტები ქვეყნებს შორის. სამხედრო ძალა და უსაფრთხოება კი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებში. ავტორები ასახელებენ ორ მიზეზს, თუ რატომ ვერ გარდაქმნა საინფორმაციო რევოლუციამ მსოფლიო პოლიტიკა: 1. ინფორმაცია გაედინება არა ვაკუუმში, არამედ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც უკვე დაკავებულია. პოლიტიკა ძერწავს საინფორმაციო რევოლუციას და პირიქით (რევოლუცია პოლიტიკას); 2. მშვიდობის დემოკრატიული ზონის გარეთ სახელმწიფოების მსოფლიო არ არის კომპლექსური ურთიერთდამოკდიებულების მსოფლიო. ნაი და კიოჰეინი გამოყოფენ ორი ტიპის ძალას: ქცევითი ძალა (behavioral power) და სარესურსო ძალა (resource power). - ქცევითი ძალა გაძლევს საშუალებას მიიღო ის შედეგი, რომელიც შენ გსურს. არსებობს ორი ტიპის ქცევითი ძალა: - რბილი ძალა (soft power) - შესაძლებლობა მიაღწიო სასურველ შედეგებს რადგან სხვებს უნდათ ის, რაც გინდა შენ; ანუ შესაძლებლობა მიაღწიო შენს მიზანს მოზიდვის და არა ძალდატანების საშუალებით; - ხისტი ძალა (hard power) - შესაძლებლობა გააკეთებინო სხვებს ის, რასაც ისინი სხვაგვარად არ გააკეთებდნენ ჯილდოების ან სასჯელის გამოყენებით; - სარესურსო ძალა ნიშნავს იმ რესურსების ქონას, რომლებიც როგორც წესი გამოიყენებიან შედეგების მისაღწევად. როგორც ზემოთ ითქვა, ნაი და კიოჰენი თვლიან, რომ საინფორმაციო ტექნოლოგია იქნება ახალი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. ნაი და კიოჰენი ასევე აღნიშნავენ, რომ ახალ საუკენეში ინფორმაციის სიჭარბეს მივყავართ ყურადღების მოდუნებასთან. ყურადღება ხდება იშვიათი რესურსი და ძალას იხვეჭენ ისინი ვისაც შეუძლიათ განასხვაონ მნიშვნელოვანი სიგნალები ფუჭი ხმაურისგან. ამ მოვლენას ნაი და კიოჰენი სიჭარბის პარადოქსს (paradox of plenty) უწოდებენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთ გარემოში ე.წ. სანდოობის რეპუტაცია (reputation for credibility) რაც გამოიხატება სანდო ინფორმაციის მიწოდებაში, თუნდაც ეს შენი ქვეყნისათვის არასახარბიელო ინფორმაცია იყოს, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არის, რომ BBC მსოფლიოში აღიარებულ ინფორმაციის მიმწოდებლად ითვლება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ბატალიები იმართება არა ინფორმაციის გადაცემის საშუალებებისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნა ან გაანადგურო ნდობა. ავტორები ასევე აღნიშნავენ ფაქტს, რომ ინფორმაციის საუკუნეში დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ უპირატესობა.კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება საინფორმაციო ხანაში ნიშნავს კომუნიკაციის უფრო მეტ არხებს მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებებს შორის. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო რევოლუცია ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია და ძალისმიერი პოლიტიკა (power politics) ჯერ კიდევ დომინირებს საერთაშორისო ურთიერთობებს. ამავდროულად, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება არ არის გლობალური მოვლენა და მხოლოდ ინდუსტრიულ-დემოკრატიულ სახელმწიფოებზე ვრცელდება, რომლებიც აშკარა უპირატესობით სარგებლობენ.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9