1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მორგენთაუ ჰანს

გერმანული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერიჰანს მორგენთაუს ნაშრომი „ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის“ მიჩნეულია პოლიტიკური ნაშრომების მწვერვალად. ამ ნაშრომმა დიდი ხნით განსზაღვრა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული და პრაქტიკული ინტერესები და მთელი ამ დარგის განვითარების შემდგომი ხასიათიმორგენთაუს ქვეყნების პოლიტიკა არის თუკიდიდეს, მაკიაველის და ჰობსის იდეების გაგრძელება, თუმცა უფრო თანამედროვე ენით დაწერილი და გაჯერებული დაგროვილი ისტორიული გამოცდილებით და პოლიტიკური სიბრძნით. თავის საფუძველში ეს წიგნი იგივე ფუნდამენტზეა დაარსებული როგორც ზემოთ განხილული ნაშრომები, კერძოდ ის, რომ ადამიანის ბუნება არის მტაცებლური, ბუნებრივად მზაკვარი და ბნელი, და რომ ეს ფაქტი აისახება პოლიტიკურ ურთიერთობებზე. პოლიტიკა და ეთიკა ერთმანეთისგან შორს დგანან და, რომ პოლიტიკური ძალა და ძლიერება არის მშვიდობის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის, რომ მორგენთაუს რეალიზმს უწოდებენ ნეოკლასიკურ რეალიზმს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეალიზმი არის მეოცე საუკუნის განახლებული კლასიკური ტრადიცია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში. მორგენთაუ, ისევე როგორც მისი იდეური წინამორბედები, თვლიდა, რომ ქალები და კაცები ბუნებით არიან პოლიტიკური ცხოველები, ისინი დაბადებულნი არიან, რათა მოიპოვონ ძალა და დატკბნენ ძლიერების ნაყოფით. იგი ამბობდა, რომ ადამიანებს ახასიათებთ ძალისადმი ლტოლვა (lust) და ამას უწოდებდა animus dominandi, რომელიც იწვევს გარდაუვალ პოლიტიკურ ბრძოლას ადამიანებს შორის. ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ იყვნენ სხვების პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკედებელი. ეს ქმნის საჭიროებას იმისას, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური სფერო, სადაც თავისუფული იქნებიან სხვისი პოლიტიკური დიქტატისგან. საბოლოო ვარიანტი ასეთი სფეროსი, რომლის შიგნითაც იქნება უსაფრთხოება, არის სუვერენული სახელმწიფო. მის გარეთ კი უსაფრთხოების მიღწევა შეუძლებელია მეორეს მხრივ, სისტემა, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ ელემენტებს, რომლებსაც გააჩნიათ კერძო ინტერესები და სურვილი, დაიცვან ეს ინტერესები, წარმოშობს საჭიროებას იმისას, რომ სახელმწიფოს შიგნით მოხდეს ძალის მობილიზება და საჭირო შემთხვევაში გამოყენება. ერთი სიტყვით, სახელმწიფოებზე დაფუძნებულ სისტემას მივყავართ ანარქიამდე და კონფლიქტამდე. როგორც მისი აზრობრივი წინამორბედები, ასევე მორგენთაუც ავლებს მკვეთრ ხაზს პირად ეთიკასა და პოლიტიკას შორის და მკაცრად აკრიტიკებს მეორე მსოფლიო ომამდე დამკვიდრებულ ვილსონისეულ ლიბერალურ პოლიტიკას, რომელიც ქადაგებდა, რომ სახელმწიფოთა ქმედებებიც იგივე მორალური და ეთიკური სტანდარტებით უნდა განისაჯოს როგორც ცივილზებულ ადამიანთა ურთიერთობები. მორგენთაუ ამ ყოველივეს დამღუპველად და უპასუხისმგებლობად მიიჩნევდა. მისი აზრით, ეს იყო უდიდესი ინტელექტუალური შეცდომა, რადგან ასეთი მიდგომა ვერ ხედავდა განსხვავებას პირად სფეროსა და სახალხო სფეროს შორის. როგორც უკვე განვიხილეთ, პოლიტიკური რეალისტებისათვის ამ ორ სფეროს შორის განსხვავება ფუნდამენტურია. მორგენთაუ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მართვის ფუნდამენტური საფუძველია იმის ნათელი შეგრძნება, რომ პოლიტიკური ეთიკა და პირადი ეთიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. საჭიროა ამ ფაქტის არა უგულებელყოფა, არამედ მისი ნათლად გააზრება და ცდა, რომ ამ გამოუვალი გარემოებიდან შეეცადო და საუკეთესო შედეგი მიიღო. მორგენთაუ თავის ნაშრომის შესავალშივე აყალიბებს პოლიტიკური რეალზმის 6 პრინციპს, რათა გააქარწყლოს გაუგებრობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის პოლიტიკური რეალიზმი.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9