1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მონეტარული პოლიტიკა

ეხება ცენტრალური ბანკის პოლიტიკას დაარეგულიროს ფულის მიწოდება და სესხის განაკვეთი. მონეტარული პოლიტიკა როგორც წესი უფრო ინსტიტუციონალიზებული და ეფექტურია, ვიდრე ფისკალური. მაგალითისთვის, განვიხილოთ თუ როგორ ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას ფედი. მას აქვს ორი ინსტრუმენტი, რომლითაც ეკონომიკაზე ახდენს ზეგავლენას: ღია საბაზრო ოპერაციები (open market operations) და პროცენტი (discount rate). ორივე ინსტრუმენტის მიზანია გავლენა მოახდინოს კრედიტის ხელმისაწვდომობაზე ანუ ბანკების სურვილი გასცენ სესხი და ინდივიდების და კორპორაციების სურვილი აიღონ სესხი. როგორც ცნობილია, ფულის ბრუნვის დიდი ნაწილი არის უხილავი ფული, ანუ ჩეკები და გადარიცხვები და არა ნაღდი ფული. ამერიკაში უფრო მეტად გამოიყენება საბანკო ტრანსფერები ანგარიშსწორებისას. უფრო მეტიც, ფულის ნაკადის მოცულობა უფრო მეტად დამოკიდებულია ბანკების მიერ კრედიტის გამოყოფაზე ვიდრე სახელმწიფოს მიერ ფულის დაბეჭდვაზე. ფედი ახდენს ფულის მიწოდების მენეჯმენტს სწორედ ამ პროცესებზე ზეგავლენით. როდესაც ბანკი გამოუყოფს სესხს თავის კლიენტებს ეს ზრდის ეკონომიურ აქტივობას. საქონლის და სერვისების წარმოების ზრდა გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფლილებლად იწვევს დასაქმების ზრდას. ეს დამატებითი მუშახელი კი თავის შემოსავალს ხარჯავს, ან სულაც თავად იღებს სესხს შენაძენის გასაკეთებლად. ეს პროცესი შებრუნებადია: როდესაც ბანკები ამცირებენ სესხის გაცემას, საქონლის და მომსახურეობის შეძენა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება, რასაც მოსდევს დანახარჯების შემცირება, შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის დაცემა. ამ ყოველივეზე ზემოქმედებს და არეგულირებს ფედერალური რეზერვი. ფედი განსაზღვრავს იმ ქონების პროპორციებს, რომელიც უნდა იმყოფებოდეს რეზერვში. მას აქვს ინსპექციის უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე და ასევე შეუძლია დააძალოს ცვლილებები სესხის გაცემის პოლიტიკაში. ყველაზე გავრცელებული ტექნიკა ფულის მიწოდების სამართავად არის ღია საბაზრო ოპერაციები. ფედი ან ზრდის ფულის მიწოდებას, ან გამოწოვს ფულს საბანკო სისტემიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის გზით. როდესაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდები იყიდება, მაშინ ამ ქაღალდების გამყიდველი ინსტიტუტები (როგორც წესი ბანკები და სადაზღვევო კომპანიები), იღებენ დიდი რაოდენობით ფულს ჩეკის სახით ფედისგან, რაც ზრდის ფულის მიწოდებას. საბანკო სისტემაში ფულის ჩადებით და შესაბამისად ბანკების სესხის გაცემის უნარიანობის ამაღლებით ფედი აწარმოებს გაფართოებაზე ორიენტირებულ მონეტარულ/ფინანსურ პოლიტიკას (expansionary monetary policy). ამის საპირისპირო არის ხელმომჭირნეობაზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკა (tight monetary policy), რომლის დროსაც ფედი ყიდის ფასიან ქაღალდებს და მიღებული ფულის შედეგად ეფექტურად გამოსწოვს ფულს საბანკო სისტემიდან. საწყისი პროცენტი/დისკონტი (discount rate) არის ასევე ძლიერი ინსტრუმენტი ფულის მიწოდების სამართავად. ეს არის ის პროცენტი, რომელსაც ფედი უწესებს წევრ ბანკებს, როდესაც ისინი ფულს სესხულობენ ფედისგან. საწყისი პროცენტი ასევე არის ერთგვარი პროცენტი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს დანარჩენი პროცენტების ოდენობაზე და მისი ცვალებადობა იწვევს ცვლილებებს სხვა პროცენტებშიც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მიზანი არის ფულის მიწოდების გაფართოება და შემცირება. საწყისი პროცენტის გაზრდა აძვირებს ფულის ღირებულებას, სესხის აღების სურვილს ამცირებს და შესაბამისად უნდა შეანელოს ეკონომიკური ექსპანსიაც. მისი შემცირება აქეზებს სესხის აღებას და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობაც უნდა გაიზარდოს. ფედის როლი აშშ-ში არის შეუნარჩუნოს სტაბილურობა ფინანსურ ბაზარს კრიზისების დროს და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ამავე დროს აკონტროლოს ინფლაცია, ანუ ეკონომიკური ზრდა დაბალი ინფლაციის თანხლებით. მეოცე საუკუნის დასაწყისში ფინასური პანიკა ძალიან გაიზარდა და ამიტომაც შეიქმნა ფედი. პანიკა არის პერიოდი, როდესაც შეშინებული ინვესტორები ცდილობენ სასწრაფოდ გაყიდონ თავიანთი ფასიანი ქაღალდები, რათა თავიანთი ფული უკან დაიბრუნონ. ფედი ასევე არის ფულის საბოლოო გამსესხებელი რათა უზრუნველყოს ლიკვიდურობა (საჭირო ოდენობის ფული, რათა განხორციელდეს ყველა ტრანსაქცია, რომლის განხორციელებაც ხალხს სურს) როდესაც დანარჩენი გამსესხებელი ინსტიტუტები არიან პანიკით პარალიზებულები. ფედის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი არის ინფლაციის კონტროლი ეკონომიკური აქტივობის მხარდაჭერასთან ერთად. ინფლაცია განსაკუთრებით საშიშია იმათვთვის ვინ გასცემს ფულს, ან იმათთვის ვისი შემოსავალიც განისაზღვრება მუდმივი შემოსავალის სახით (fixed income). ეს შემდეგანაირად აიხსნება: მუდმივი შემოსავლის ღირებულება მცირდება ინფლაციის გამო, რადგან მზარდი ფასების პირობებში მომავალი შემოსავალი, რომლის ოდენობა წარსულში დაიგეგმა, გამოირჩევა დაბალი მსყიდველობითი უნარიანობით. როდესაც ფედი ცდილობს გააკონტროლოს ინფლაცია იგი იცავს გამსესხებლების და სხვათა ინტერესებს, რომლებიც ზარალდებიან გაზრდილი ფასების შედეგად. თუ მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკა ფართოვდება ძალიან სწრაფად და საინფლაციო წნევა იზრდება, ფედი აუცილებლად მოქმედებას იწყებს. ჩუმი და მოკლევადიანი ქმედება ინფლაციის შესაჩერებლად იქნება ოპერაციები ღია ბაზარზე რაც შეამცირებს ფულის მიწოდებას და ასწევს განაკვეთს. უფრო საჯარო მოქმედება იქნება უკვე საწყისი პროცენტის გაზრდა. სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე ამ პოლიტიკის კომბინაციები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. 70-იანი და 80-იანი წლების განმავლობაში, როდესაც ინფლაციური წნევა მაღალი იყო ფედი ახორციელებდა „მკაცრ მონეტარულ“ პოლიტიკას და საპროცენტო განაკვეთიც უპრეცედენტოდ გაზარდა. 1994 წელს, როდესაც ინფლაციური წნევა იყო მოსალოდნელი, ფედმა წინასწარ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი და შეანელა ამერიკის ეკონომიკა.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9