1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეორეალიზმი

  1. 60-70 წლებში წამოჭრილმა მეორე დებატებმა საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტივისტებსა და ბიჰეივიორისტებს შორის გარდამტეხი გავლენა იქონია რეალიზმზე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე. ამ პერიოდში სათავე დაედო ნეორეალიზმს, რომლის მიდგომა რეალიზმისადმი როგორც თეორიისადმი იყო უფრო მეთოდოლოგიური, უფრო მეცნიერული, და არა ნორმატიული, როგორც ეს კლასიკურ რეალიზმს ახასიათებდა. ნეორეალიზმის მამათავრად ითვლება ქენეთ უოლცი, რომლის საყოველთაოდ აღიარებული ნაშრომი „საერთაშორისო პოლიტიკის თეორია“ (1979) განავითარებს სრულიად განსხვავებულ რეალიზმს. უოლცის მეთოდოლოგია განმსჭვალული იყო ამბიციებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობები გამხდარიყო სამეცნიერო დისცპილინა. მაშასადამე, უოლცის მთავარი მცდელობა ის იყო, რომ ჩამოეყალიბებინა კანონის მაგვარი მცნებები საერთაშორისო ურთიერთობებში და ამით ამ დისციპლინისათვის მეცნიერული ელფერი მიეცა. უოლცი ამბობს რომ საერთაშორისო პოლიტიკის თეორია ისევე შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც სხვა ნებისმიერი თეორია. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა: - საერთაშორისო პოლიტიკა აღვიქვათ როგორც განცალკევებული სფერო ან არეალი, - უნდა აღმოვაჩინოთ კანონზომიერებათა მაგვარი წესები მასში (law like statements) და, - შევიმუშავოთ დაკვირვების შედეგად გამოვლენილი კანონზომიერების ახსნის გზები ასეთ კანონზომიერებებად უოლცმა მიიჩნია სახელმწიფოთა საქციელი, რომელიც ყველაზე კარგად ე.წ. Realpolitik-ით არის ახსნილი. კერძოდ, სახელმწიფო ინტერესების უზენაესობა, კონკურენციის დარეგულირება (რაშიც ძალთა ბალანსი მოიაზრება), ძალის პრიმატი და ასე შემდეგ. ანუ, ესენია მეთოდები, რომლებიც არ იცვლებიან მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებული პიროვნებები და სახელმწიფოები იყენებენ ამ მეთოდების განმეორებითობას უოლცი ხსნის საერთაშორისო სისტემის ხასიათით. ამით იგი ავლებს მტკიცე ზღვარს კლასიკურ/ნეოკლასიკურ და ნეორეალიზმს შორის. კლასიკური რეალისტების და მორგენთაუსგან განსხვავებით, რომლებიც საუბრობენ სახელმწიფოს მართვის ეთიკაზე, ადამიანის ბუნებაზე, საგარეო პოლიტიკის წარმოებისას წამოჭრილ მორალურ დილემაზე, უოლცი არ ახსენებს არც ერთ მათგანს და მთლიანად ახდენს ფოკუსირებას საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურაზე და ამ სტრუქტურის ზეგავლენაზე საერთაშორისო ურთიერთობებზე. იგი საერთაშორისო პოლიტიკას, მასში არსებულ კანონზომიერებებს და სახელმწიფოთა ქცევის წესებს ხსნის სტრუქტურის თავისებურებით. ოლცის თეორიული ფოკუსი იყო განეცალკევებინა საერთაშორისო პოლიტიკა სხვა სფეროებისგან. ამისათვის მან ჩამოაყალიბა საერთაშორისო პოლიტიკის (სპ) სტრუქტურის, სისტემის და სისტემის ელემენტების მცნება. იმისათვის, რომ გავიგოთ უოლცისეული ნეორეალიზმი, სათითაოდ ავხსნათ ის ძირითადი კონცეფციები, რომლებსაც უოლცი გვთავაზობს: სისტემა შედგება სტრუქტურისა და ურთიერთმომქმედი ელემენტებისაგან. სტრუქტურა მოიცავს მთელს სისტემას და საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ სისტემაზე, როგორც მთლიანობაზე. სრუქტურა განსაზღვრავს თუ როგორ არიან მოწყობილი სისტემის შემადგენელი ნაწილები, ელემენტები. ამავდროულად, უოლცის მიხედვით ამ შემთხვევაში სტრუქტურა არ ნიშნავს პოლიტიკური ინსტიტუტების ერთობლიობას, არამედ იმას თუ როგორ არიან ისინი მოწყობილნი. მაშასადამე, უოლცი საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურას განსაზღვრავს სამ ელემენტზე დაყრდნობით: 1. მოწყობის პრინციპი; 2. შემადგენელი ელემენტების ხასიათი; 3. ძალთა განაწილება მოწყობის პრინციპის მიხედვით სპ სისტემა არის დეცენტრალიზებული და ანარქიული. ეს იმით არის განპირობებული, რომ არ არსებობს უზენაესი მმართველობა/მთავრობა, რომელიც დაარეგულირებდა ურთიერთობებს სისტემის შემადგენელ ელემენტებს შორის. უოლცი ხსნის, თუ როგორ შეიძლება წესრიგის არარსებობა, ე.ი. ანარქიულობა ჩაითვალოს წესრიგად, პოზიტივისტური ეკონომიკის მოდელის გამოყენებით. მაგალითად, ეკონომიკაში საუბრობენ ეკონომიკურ ადამიანზე, რომელიც მიმართულია მოგების მაქსიმიზაციისაკენ და საუბრობენ ბაზრებზე. მაგრამ ბაზრები წარმოიშობა სპონტანურად, წინასწარი განზრახვის გარეშე. იგი წარმოიშობა ინდივიდუალური ელემენტების: ადამიანების და ფირმების ურთიერთქმედების შედეგად. შექმნისთანავე ბაზრები გველინებიან როგორც ცალკე ძალა, რომლის გაკონტროლება სისტემის ელემენტებს აღარ ძალუძთ. ბაზრები ზღუდავენ და განაპირობებენ ელემენტების ქცევის წესებს, რაც განაპირობებს მათ ბედს. ზოგი კოტრდება, ზოგი კი მდიდრდება. უოლცის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სტრუქტურა განისაზღვრება არა ყველა მოქმედი ელემენტის მიერ, არამედ მთავარი მოქმედი ელემენტების მიერ, რომლებიც არიან სახელმწიფოები. მიუხედავად იმისა, რომ ნეორეალიზმი აღიარებს სხვა არასახელმწიფო აქტორების არსებობას, როგორებიცაა საერთაშორისო ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები და სხვა მონაწილეები, მისი მიდგომა საერთასორისო პოლიტიკისადმი არის სახელმწიფო-ცენტრული. უოლცი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები ქმნიან თამაშის წესებს ყველასათვის. შეიძლება ისინი უმნიშვნელოდ ჩაერიონ არასახელმწიფო მონაწილეთა საქმიანობაში დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა სახელმწიფოები აწესებენ ურთიერთქმედების წესებს, ან პასიურობით, რომელიც უფლებას იძლევა არაფორმარული წესების განვითარებისა, ან აქტიური ჩარევით და იმ წესების შეცვლით, რომლებიც მათ, სახელმწიფოებს, აღარ აწყობთ. როდესაც ამის საჭიროება იქმნება სახელმწიფოები ცვლიან წესებს, რომლებიც არეგულირებს მონაწილეთა ურთიერთობებს. აქედან გამომგდინარე, უოლცი ასკვნის, რომ სახელმწიფოები არიან ის ელემენტები, რომელთა ურთიერთქმედება ქმნის საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურას და რომ ეს ასე იქნება დიდი ხნის განმავლობაში. უოლცი ასევე ამტკიცებს, რომ სახლემწიფოები არიან მსგავსნი, იმდენად რამდენადაც თითოეული სახლემწიფო არის სუვერენული. მისი თქმით, სუვერენიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოები არ განიცდიან სხვა სახელმწიფოების ან აქტორების ზეგავლენას. სუვერენიტეტი და სხვაზე დამოკიდებულება არ არის შეუთავსებელი და დაპირისპირებული მცნებები. სახელმწიფოს სუვერენულობა ნიშნავს, რომ მას აქვს არჩევანი გადაწყვიტოს როგორ გაუმკლავდეს საშინაო, თუ საგარეო პრობლემებს. ეს არჩევანი ასევე გულისხმობს სხივსთვის დახმარების თხოვნას და ამით საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას. „თითოეული სახელმწიფო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სახელმწიფო, არის სუვერენული პოლიტიკური ერთეული.“ მიუხედავად ამ მსგავსებისა, სახელმწიფოები განსხვავდებიან კიდევაც. მაგრამ ისინი განსხვავდებიან არა ფუნქციების, არამედ შესაძლებლობების მიხედვით. თითოეული სახელმწიფო ასრულებს მსგავს ფუნქციებს, მაგრამ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. მოკლედ რომ ითქვას, საერთაშორისო სისტემის მთავარი მოქემდი ელემენტები არიან ერთი და იმავე ფუნქციების მქონე სუვერენული სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი შესაძლებლობებით. საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის დამახასიათებელი მესამე ელემენტი არის ძალთა გადანაწილება. ფუნქციურად მონაწილეები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათი განმასხვავეებელი ნიშანია მათი განსხვავებული შესაძლებლობები შეასრულონ ერთი და იგივე ამოცანა. სისტემის ეს მესამე ელემენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ძალაზე და ძლიერებაზეა დაფუძნებული. უოლცის თქმით, „სტრუქტურებს განსაზღვრავს არა მათში წარმოდგენილი ყველა მონაწილე, არამედ მონაწილეთა შორის ყველაზე უფრო ძლიერები.“ პოლიტიკური სისტემები ერთმანეთისგან გასნხვავდებიან იმის და მიხედვით, თუ რამდენი ძლიერი სახელმწიფოა მასში. პოლიტიკური სისტემა იცლება, როდესაც იცვლება ძალთა განაწილება ელემენტებს შორის. სტრუქტურის ცვლილება ასევე ცვლის თამაშის წესებს და მისი შემადგენელი ელემენტების საქციელს, რომელთა ურთიერთქმედებაც უკვე სხვაგვარ შედეგებს იძლევა. მაშასადამე, ნეორეალიზმის თეორიიდან გამოდინარე არსებობს კანონზომიერებები/მეთოდები საერთაშორისო პოლიტიკაში, რომლებიც მეორედება მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვა ადამიანები და სახელმწიფოები იყენებენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფოები მოქმედებენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ანუ „თითოეული სახელმწიფო აწესებს მოქმედების კურსს, რომელიც მისი აზრით საუკეთესოდ მოემსახურება მის ეროვნულ ინტერესებეს.“ უზენაესი ეროვნული ინტერესი კი არის უსაფრთხოება და თვითგადარჩენა რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალასთან და ძლიერებასთან. საერთაშორისო პოლიტიკაში ძალა და ძლიერება იგივე როლს ასრულებს, რასაც საბაზრო ეკონომიკაში ფული. პოლიტიკის წარმატებულობა უოლცის თვალსაზრისით, განისაზღვრება სახელმწიფოს შენარჩუნებით და გაძლიერებით და ვინაიდან და რადგანაც საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა არის ანარქიული, რომელიც არის მისი შემადგენელი ერთეულების მოქმედების განმსაზღვრელი, ამიტომ არის, რომ სახელმწიფოები დროისა და პიროვნებების ცვლის მიუხედავად ქცევის ერთგვაროვან მეთოდებს იყენებენ. ანარქიის პირობებში სახელმწიფოებმა თვითონ უნდა მიხედონ საკუთარ თავს. ამის გამოა, რომ სახელმწიფოები, განსაკუთრებით ძლიერი სახელმწიფოები იღწვიან სისტემაში არსებული ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად. თუ ძალთა ბალანსი შეიცვლა, მაშინ შეიცვლება სისტემაც. სისტემის ცვლილების ტიპიური გამომწვევი მიზეზი არის დიდ სახელმწიფოებს შორის ომი. ძალთა ბალანსის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ანარქიულ სისტემაში ყოველთვის არის ომის საშიშროება. უოლცი გამოყოფს ორი სახის სიტემას, ბიპოლარულს, რომელიც არსებობდა ცივი ომის დროს და მულტიპოლარულს, რომელიც არსებობოდა ცივ ომამდე და ცივი ომის შემდეგ. უოლცის აზრით, ბიპოლარული სისტემა არის უფრო სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო, ვიდრე მულტიპოლარული, რადგან „მხოლოდ ორი ძლიერი სახელმწიფოს არსებობისას მოსალოდნელია, რომ ორივე იმოქმედებს სისტემის შესანარჩუნებლად,“ ვინაიდან და რადგანაც სისტემის შენარჩუნებით ისინი ასევე ინარჩუნებენ საკუთარ სტატუსს. ნეორეალიზმის კიდევ ერთი დამცველი არის ჯონ მირშაიმერი, რომელმაც თავის ფართოდ განხილულ სტატიაში, „მომავალში დაბრუნება: არასტაბილურობა ევროპაში ცივი ომის შემდეგ,“ გააგრძელა უოლცის ნეორეალისტური არგუმენტი და გამოთქვა პრეტენზია, რომ ნეორელიზმი არის თეორია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალი მოვლენების განსაჭვრეტად. მირშაიმერმა განამტკიცა მოსაზრება, რომ ბიპოლარული სისტემა არის უფრო სტაბილური, ვიდრე მულტიპოლარული. მირშაიმერის აზრით, როდესაც სისტემა იცვლება ბიპოლარულიდან მულტიპოლარულით, უნდა მოველოდეთ გახშირებულ ძალადობას და ომებს. იგი ამბობს, რომ სუპერ სახელმწიფოს არარსებობა ევროპაში გამოიწვევს ძალადობისადმი გაზრდილ მიდრეკილებას ვიდრე გასული 45 წლის განმავლობაში, თუმცა არა ისეთ მწვავეს, როგორც ეს საუკუნის პირველი 45 წლის განმავლობაში იყო. ძლიერი სახელმწიფოების გამოსვლა ევროპის შუაგულიდან გზას გაუხსნის ახალი მულტიპოლარული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შედგება ხუთი ძლიერი სახელმწიფოს და რამოდენიმე პატარა სახელმწიფოსგან. ამ სისტემას მიდრეკილება ექნება არასტაბილურობისაკენ. ასევე, ატომური არსენალის შემცირება გამოიწვევს ატომური იარაღის შემაკავებელი ეფექტის შემცირებას, რაც გამოიწვევს არასტაბილურობას. მირშაიმერი აკეთებს ცოტა არ იყოს სენსაციურ განცხადებას, რომ რადგან დასავლეთი დაინტერესებულია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებით ევროპაში, იგი დაინტერესებულია ცივი ომის დროინდელი კონფრონტაციის შენარჩუნებით.
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
  2. ერთ-ერთი დამფუძნებელი კ. უოლცი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოთა სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებული ქცევის სიტუაციაში, მათი პოლიტიკა აიხსნება არა მხოლოდ შიდა მიზეზებით, არამედ სხვა სახელმწიფოთა მოქმედებითა და ქცევითაც. ამ მიზეზით, თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ ან ვეცადოთ წინასწარ განვსაზღვროთ ამგვარი ქცევა, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოთაშორისო სისტემის თავისებურებები, მისი სტრუქტურის სპეციფიკა.
    Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9