ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, არამედ იგი მოიცავს ტრანსნაციონალურ ურთიერთობებს, ანუ, ურთიერთობებს ადამიანებს, ჯგუფებს, ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს განეკუთვნებიან. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება რეალიზმის სკოლას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს განიხილავს როგორც მკაცრად სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვნად მიაჩნია.სოციოლოგიური ლიბერალიზმი განიხილავს საერთაშორისო ურთიერთობებს არა მარტო როგორც ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, არამედ როგორც ურთიერთობებს ინდივიდებს, ჯგუფებს და საზოგადოებებს შორის. დედააზრი კი ის არის, რომ ურთიერთგადამფარავი ურთიერთობები ხალხებს შორის არის უფრო თანამშრომლური ვიდრე სახელმწიფოებს შორის ვინაიდან და რადგანაც სახელმწიფოები არიან ექსკლუზიურები და მათი ინტერესები ერთმანეთს იშვიათად გადაკვეთენ და ფარავენ. მაშასადამე, სოციოლოგიური ლიბერალიზმის აზრით, რაც უფრო ხშირია ტრანსნაციონალური ურთიერთობები მით უფრო მშვიდობიანი იქნება მსოფლიო.
Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006