1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრანსნაციონალური ურთიერთობები

ჯეიმს რუზენაუს განმარტებით არის „პროცესი, რომელშიც მთავრობათაშორისი საერთაშორისო ურთიერთობები გაჯერდა კერძო პირების, ჯგუფების, და საზოგადოებათაშორისი ურთიერთობებით, რომლებსაც შეუძლიათ და აქვთ კიდევაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოვლენათა მსვლელობაზე.“ ბევრი ფიქრობს, რომ ტრანსნაციონალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ქმნის სრულიად ახლებურ საზოგადოებრივ ფორმირებებს, რომლებიც თანაცხოვრობენ და ზოგჯერ კონკურენციასაც კი უწევენ სახელმწიფოს. ამ მრავალმიმართულებიანი ურთიერთობების ასაღწერად ჯონ ბარტონმა გამოიყენა ეგრეთ წოდებული „ობობას ქსელის“ ტრანსნაციონალური ურთიერთობების მოდელი. ეს მოდელი დემონსტრირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო შედგება ბევრი სხვადასხვა ჯგუფებისაგან, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის საგარეო კავშირები და სხვადასხვა ინტერესები. მაგალითად, რელიგიური ჯგუფები, ბიზნეს წრეები, პროფესიული კავშირები და ასე შემდეგ. ეს მოდელი მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალიზმის სკოლის მიერ დამკვიდრებულ „ბილიარდის ბურთის“ მოდელს, რომელიც სახელმწიფოთა სისტემას ხატავს როგორც ბილიარდის ბურთების ნაკრებს. ბილიარდის ბურთი გამოხატავს ერთიან და შეკრულ სახელმწიფოს. ბარტონის მიზანია გვაჩვენოს, რომ მსოფლიოს ახასიათებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლება ვიდრე ანტაგონიზმი და კონფლიქტები. თავის ერთ-ერთ ბოლო ნაშრომში ჯეიმს რუზენაუმ კიდევ უფრო გააღრმავა თავისი ტრანსნაციონალური ურთიერთობების თეორია იმით, რომ ამჯერად ყურადღება გაამახვილა ადამიანების ურთიერთობაზე მაკრო დონეზე. მისი თქმით ინდივიდუალურ ოპერაციებს დიდი გავლენა აქვთ მსოფლიო საქმეებზე. დღევანდელობის უკეთ ინფორმირებული, უკეთ განათლებული და უფრო მობილური ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული თავიანთ სახელმწიფოზე. აქდან გამომდინარე, რუზენაუ გვამცნობს, რომ სახელმწიფო-ცენტრული და ანარქიული სისტემა მართალია არ გადაგვარებულა, მაგრამ მასთან ერთად თანაარსებობს მულტი-ცენტრული მსოფლიო, რომელიც შედგება სხვადასხვა „სუვერენიტეტისგან თავისუფალი“ (sovereignity free) კოლექტივებისგან, რომლებიც არსებობენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და კონკურენციაში არიან სახელმწიფო ცენტრული სამყაროს „სუვერენიტეტით შეზღუდულ“ (sovereignity bound) აქტორებთან. რუზენაუ ფიქრობს, რომ პლურალისტული მსოფლიო, რომელსაც ახასიათებს ინდივიდებისა და ჯგუფების ტრანსნაციონალური ქსელები უფრო მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ასევე დასძენს, რომ ასეთი მსოფლიო ასევე უფრო არასტაბილური იქნება, რადგან ძველი წყობა რომელიც სახელმწიფოებს ეფუძნება ნგრევის პროცესშია. მიუხედავად ამისა, კონფლიქტები იშვიათად მიგვიყვანენ ომამდე, რადგან ბევრი კოსმოპოლიტანი პიროვნებები, რომლებიც გაწევრიანებული იქნებიან ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციაში ადვილად არ გახდებიან ანტაგონისტურ ბანაკებად დაყოფილი მტრები.
Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9