საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ეროვნული ბანკის შესახებ,,, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციები. ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს სახელმწიფო კუთვნილებაა. ეროვნულ ბანკს აფუძნებს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. თუმცა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. დღევანდელი სახით ბანკი 1991 წლიდან არსებობს.
საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ მის საქმიანობაში. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლებამოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“.
Source: მიკრო კვლევები, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რესურს ცენტრი, – თბ. 2008