1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებები

  1. E. Human Rights
    მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც ეს არის ჩემი მორალური სფეროს და ღირსების ხელყოფა. არავის - არც ერთ პიროვნებას, არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ჩვენთვის ადამიანის უფლებების წართმევა.

  2. ადამიანის უფლებათა იდეის ცენტრში არსებობს 2 მთავარი ღირებულება. პირველი ადამიანური ღირსება და II თანასწორობა. ადამიანის უფლებები შეიძლება იქნას გაგებული როგორც ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი სტანდარტების განმსაზღვრელი; და მათი უნივერსალობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ სულ მცირე ამ თვალსაზრისით, ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა მოვახდინოთ ვინმეს დისკრიმინაცია. ეს 2 რწმენა და ფასეულობა რეალურად არის ის, რაც ყველას მოეთხოვება ადამიანის უფლებათა იდეის სამსახურში ჩასადგომად და საეჭვოა ვინმე არ ეთანხმებოდეს მათ. ამიტომაც ღებულობს ეს იდეა მხარდაჭერას ყველა განსხვავებული კულტურების მხრიდან მთელ მსოფლიოში, ყველა ცივილიზებული მთავრობის მხრიდან და ყველა უდიდესი რელიგიის მხრიდან. თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სახელმწიფოს ძალაუფლება არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი და თვითნებური. ის უნდა იყოს შეზღუდული სულ მცირე იმ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობით, რომლებიც მისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფ ყველა პირს მისცემს საშუალებას იცხოვროს ადამიანური ღირსების შეგრძნებით. ბევრი სხვა ფასეულობა შეიძლება გამომდინარეობდეს ამ ორი ფუნდამენტური ფასეულობიდან და შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანების და საზოგადოებების თანაცხოვრების უფრო ზუსტ განსაზღვრას. მაგ: თავისუფლება: რადგანაც ადამიანის ნება არის ადამიანური ღირსების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი ნების წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება ამცირებს ადამიანის ღირსებას სხვების პატივისცემა: რამდენადაც ვინმეს მიმართ პატივისცემის ნაკლებობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეაფასოს მათი ინდივიდუალობა და ადამიანური ღირსება. არადისკრიმინაციული დამოკიდებულება: რადგანაც ადამიანის ღირსების თანასწორობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ ადამიანები არა-რელევანტური ფიზიკური (ან სხვა) მახასიათებლების საფუძველზე. შემწყნარებლობა: რადგანაც არატოლერანტულობა ნიშნავს, რომ არ არსებობს პატივისცემა განსხვავების მიმართ. და თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს იდენტურობას ან ერთფეროვნებას. სამართლიანობა: რადგანაც ადამიანები იმსახურებენ სამართლიან მოპყრობას. პასუხისმგებლობა: რადგანაც სხვების უფლებების პატივისცემა იწვევს პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედების მიმართ.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ.; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  3. სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, მისი წყარო არ არის სახელმწიფო, კანონმდებლობა ან საზოგადოება. ეს უფლებები თანდაყოლილია. ისინი ჩვენ სწორედ იმიტომ გვეკუთვნის, რომ ადამიანებად დავიბადეთ. აქედან გამომდინარე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დაფიქსირებულია თუ არა ეს უფლებები კონსტიტუციაში ან სხვა საკანონმდებლო აქტებში, ვინაიდან ჩვენი კუთვნილი უფლებები და თავისუფლებები ყველა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. ამ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა არ შეიძლება შემოიფარგლოს დროის რომელიმე მონაკვეთით და არ შეიძლება შეილახოს სხვა ღირებულებებით. ადამიანის უფლებები არ არის კავშირში პოლიტიკურ პროცესებთან (სხვა საქმეა, თუ როგორ იყენებენ ამას პოლიტიკოსები), ისინი პოლიტიკური პროცესის გარეთ არსებულ ღირებულებებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები არ არის ყველა სხვა ღირებულების ტოლფასი, ამ უკანასკნელთან შეჯახებისას ადამიანის უფლებები წამყვან როლს ასრულებს. სწორედ ამაში ვლინდება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალიზმი. ფუნდამენტურობის მიუხედავად ადამიანის უფლებები აბსოლუტური არ არის. შეიძლება ხდებოდეს და ხდება კიდეც მათი იგნორირება სხვა ღირებულებათა სანაცვლოდ. პატიმრობა პირად თავისუფლებას ეწინააღმდეგება, რასიზმის პროპაგანდის აკრძალვა კი აზრის გამოთქმის თავისუფლებას; პოლიციელთა და გამომძიებელთა ზოგი ქმედება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს და ა. შ. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში შეჭრა თვითნებურად არ ხდება და წინასწარ განსაზღვრული ვითარებითა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურითაა შეზღუდული.
    Source: თავისუფლება № 3(27), - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004 წ.
  4. ცნება სათავეს შორეულ წარსულში იღებს, როცა თვით ტერმინი წარმოადგენდა საერთაშორისო დისკუსიების საგანს თითქმის სამოცი წლის წინ, ვიდრე დაარსდებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 1945 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა გამოყენების ფარგლები, ხოლო ამჟამად მათი კონცეფცია განსაზღვრავს საერთაშორისო საზოგადოების სტრუქტურას. ადამიანის საერთაშორისო უფლებების საფუძვლები მომდინარეობს მრავალი საუკუნის მანძილზე განხორციელებული ფილოსოფიური კვლევებიდან. მართლაც, ადამიანის უფლებები წარმოადგენს კანონის უზენაესობის ტრადიციული კონცეფციის თანამედროვე ინტერპრეტაციასა და შემდგომ განვითარებას.ადამიანის უფლებათა წარმოშობის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს: ძირითადი უფლებების არსებობის აღმოჩენა შეიძლება მე-13 საუკუნის დასაწყისში ევროპაში, რომლებმაც მას შემდეგ ადგილი დაიმკვიდრა სხვადასხვა, ძირითადად ევროპულ ფილოსოფიურ სკოლებში. მრავალი თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების აღმოჩენა შეიძლება ფილოსოფიურ მსჯელობებში, რომელთა შინაარსი უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავისუფლება და „უფლებებიც“ კი. ადამიანის უფლებათა ცნება უკავშირდება კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს – აუცილებელ შეზღუდვებს სუვერენის ან პარლამენტის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების გამოყენებაზე. კანონის უზენაესობა, თავის მხრივ, უკავშირდება ბუნებითი სამართლისა და რელიგიური დოქტრინების თეორიას. აქედან გამომდინარე, ზოგიერთის აზრით, ადრეულ რელიგიურ წყაროებში მოცემული საზოგადოების ქცევის წესები და მითითებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საფუძველს. ყველა სარწმუნოების ძირითადი დოგმები ადგენს ქცევის ნორმებს, ხშირად ეს ნორმები რელიგიურ ხასიათს ატარებს. ამგვარი ნორმების მრავალი ასპექტი დღესაც გამოიყენება – მაგალითად, შარიათის სამართალი მრავალ ისლამურ სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წყაროებში განსაკუთრებით გამოიყოფა ვალდებულებები, პოლიტიკური და რელიგიური ტრადიციებით მსოფლიოში აღიარებულია ზოგიერთი „უფლება“ ხალხისთვის: უფლება იმისა, რომ მმართველობა იყოს სამართლიანი და დასაბუთებული, მმართველის შეზღუდვა, ჩაერიოს მის ქვეშევრდომთა პირადი ცხოვრების და საკუთრებით სარგებლობაში. ამის მაგალითი შეიძლება აღმოვაჩინოთ ინგლისში: 1215 წლის „თავისუფლებათა დიდი ქარტია“ მოიცავდა მთელ რიგ პრინციპებს, რომლებიც ამჟამად მოქცეულია ადამიანის უფლებათა სამართლის ფართო საზღვრებში, კანონის წინაშე თანასწორობის, საკუთრების უფლებისა და რელიგიის თავისუფლების ელემენტების ჩათვლით, თუმცა ასეთი უფლებები ვრცელდებოდა მხოლოდ დიდებულებზე. 1320 წლის „არბროთის დეკლარაცია“ (შოტლანდია) კი პირიქით, საუბრობს თავისუფლების აბსოლუტურ უფლებაზე, რომელიც დიდებაზე, სახელსა და სიმდიდრეზე უფრო მაღლა დგას. ზოგიერთი მინიმალური უფლება მოიხსენიება 1688 წლის „ინგლისისა და უელსის უფლებათა ბილში“, თუმცა მათი შესრულების უზრუნველყოფის გარეშე.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  5. ესაა პიროვნების ყოფიერების გარკვეული ნორმატიული (მორალური ან იურიდიული შინაარსის მქონე) თვისებები და განსაკუთრებულობანი, რომლებიც გამოხატავენ მის თავისუფლებას. ამასთანავე, ადამიანის უფლებები მისი სიცოცხლის, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან, სხვა ინდივიდებთან მისი ურთიერთობის განუყოფელი და აუცილებელი ხერხები და პირობებია. ადამიანის უფლებათა თეორიაში ჩამოყალიბებულია პრინციპები, რომელიც თანამედროვე სამყაროს ფასეულობითი ორიენტირია. ეს პრინციპები ყალიბდებოდა, მდიდრდებოდა ისტორიულად და დღეს კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს პრინციპებია: - ადამიანის უფლებები მას დაბადებიდანვე ეკუთვნის (თანდაყოლილია), ამიტომ ისინი ბუნებითია, განუყოფელია და ხელშეუვალია; - ადამიანის უფლებები უმაღლესი ფასეულობაა, ხოლო მათი პატივისცემა, შესრულება და დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა; - ადამიანის უფლებები არის ძალაუფლების კონტროლის, სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობის შემზღუდავი საშუალება, რათა სახელმწიფომ არ გადალახოს ადამიანის უფლებებით შემოფარგლული თავისუფლების საზღვრები; - უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა შეუთავსებელია რაიმე ნიშნით დისკრიმინაციასთან; - ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არ უნდა არღვევდეს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს; - ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ერთიანი უნდა იყოს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე; - ადამიანის უფლებები უნივერსალურია, დაფუძნებულია თანასწორობაზე, ისინი გარანტირებულია ყველასთვის, ვინც მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშაა; - პირადი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და თავისუფლებები თანაბრად ფასეულია, მათ შორის არ არსებობს იერარქია; - კოლექტიური უფლებები განუყოფელია ინდივიდის უფლებებისგან. ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ინდივიდუალურ უფლებებს ან ზღუდავდეს პიროვნების უფლებრივ სტატუსს; - ადამიანის უფლებები რეგულირდება კანონით; - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით იმ ვითარებების საფუძველზე, რომლებიც მითითებულია კონსტიტუციებში და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში, მაგალითად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისადმი მუქარის, კონსტიტუციური წყობისადმი საშიშროების, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობისადმი საფრთხის, სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისთვის საფრთხის შემთხვევაში. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დროებითი შეზღუდვა შესაძლებელია განსაკუთრებული ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში. შეზღუდვები თანაზომადი და პროპორციული უნდა იყოს იმ სიტუაციისა, რომლის გამოც მოხდა შეზღუდვა და უნდა მოისპოს ვითარების ნორმალიზაციისდა მიხედვით. ადამიანის უფლებათა კულტურის დაუფლება პიროვნებას საშუალებას აძლევს, შეაფასოს პოლიტიკური რეჟიმები, სახელმწიფოთა ჰუმანიტარული და სოციალური საქმიანობა, პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი და ზნეობრივი კულტურა, ხალხის სამართალშეგნება. ადამიანის უფლებების თანდაყოლილი ხასიათის გაცნობიერება და გათავისება ათავისუფლებს მას სახელმწიფოზე ზედმეტი დამოკიდებულებისაგან, საშუალებას აძლევს, დაიცვას საკუთარი უფლებები ყოველგვარი ხელყოფისაგან.
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
  6. თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების პატივისცემა - მსოფლიოს უდიდეს რელიგიათა და ფილოსოფიურ მოძღვრებათა უმეტესობაში მოიძებნება. ადამიანის უფლებები არ არის ისეთი რამ, რასაც შეიძენ, დაიმსახურებ ან მემკვიდრეობით მიიღებ - მათ „ხელშეუხებელს“ უწოდებენ, ვინაიდან არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, წაართვას ისინი რაიმე მიზეზით მეორე ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ ისინი საერთოა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად რასის, ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონების, წარმოშობის თუ სხვა სტატუსისა. ადამიანის უფლებები, ძირითადად, ცალკეულ ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ეხება. ეს უფლებები აკონტროლებს და არეგულირებს ადამიანების მიმართ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებას, კერძო პირებს თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში და სახელმწიფოებისგან მათ იურისდიქციაში მყოფ ადამიანთა ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოითხოვს. უკეთესი გათვითცნობიერების მიზნით ეს უფლებები ასახულია საერთაშორისო ტექსტებში (ანუ დოკუმენტებში), რომლებთან დაკავშირებითაც სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს და რომლებშიც ჩამოყალიბებულია სტანდარტები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ამ დოკუმენტთაგან ყველაზე ცნობილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ზოგიერთს აღნიშნული დოკუმენტებიდან ძალიან გრძელი სახელწოდება აქვს, მაგრამ მიღებულია ამ სათაურების ოდნავ შემოკლება. ამ ბროშურაში ყველაზე ხშირად მოვიხსენიებთ ევროპის საბჭოს კონვენციას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ - 1950 წელს ხელმოწერილი ეს დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ სახელით არის ცნობილი. 1950 წლიდან მოყოლებული, ცვალებადი ვითარებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კონვენცია თერთმეტჯერ შესწორდა და განივრცო ეგრეთ წოდებული „პროტოკოლებით.“ ეს კონვენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის იურიდიულ ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და მისი რატიფიცირება მოახდინეს - და თითქმის ყველა ამ ქვეყანაში იგი ეროვნულ კანონმდებლობაშია შეტანილი და მისი აღსრულება კანონის ძალით ხდება. ზემოთ მოხსენიებული, კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - გაერო-ს კონვენცია - წარმოადგენს პრინციპების თაობაზე განცხადებას, რომელიც ახლაც უდიდეს გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე. ბევრი იურისტი მოიშველიებს არგუმენტებს იმის სასარგებლოდ, რომ საერთაშორისო წესისა და პრაქტიკის მეშვეობით ეს კონვენციაც იურიდიული თვალსაზრისით სავალდებულო გახდა, ვინაიდან მრავალი ქვეყნის კონსტიტუციასა და სამართლებრივ პრაქტიკაშია გამოყენებული.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანის უფლებები ყოველ ორ ათწლეულში ერთხელ განიცდიდა ევოლუციას, ამიტომ მართებული იქნებოდა, გვესაუბრა ულებების „თაობებზე“. თავდაპირველად ადამიანის უფლებები მიჩნეული იყო მთავრობების მიერ მოქალაქეთა ცხოვრებაში ჩაურევლობის შესახებ მოთხოვნად - ამის მიზანი იყო სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. უფლებების ეს პირველი თაობა ცნობილია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სახელწოდებით. ეს უფლებებია: სიცოცხლის უფლება; უფლება, რომელიც გამორიცხავს ადამიანის წამებას და მის მიმართ ცუდად მოპყრობას; თავისუფლების უფლება; უფლება, რომელიც გულისხმობს შეხედულების, სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლებას; და ბოლოს, უფლება, რომელიც მშვიდობიანი თავშეყრის თავისუფლებას გულისხმობს. ეს ძირითადი უფლებებია და, როგორც დავინახავთ, უშუალო ზეგავლენას ახდენს პოლიციის საქმიანობაზე. 1960-იან წლებში წამოიჭრა მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებად უნდა იქნეს აღიარებული მთავრობების მხრიდან სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობის მიზნით პოზიტიური ჩარევის მოთხოვნებიც. უფლებების ამ მეორე თაობას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები ეწოდა. ეს უფლებებია: სოციალური დაცვის უფლება; მუშაობის უფლება; განათლების უფლება; საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.
    Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი: საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]
  7. ყველა ადამიანს თანასწორად, საყოველთაოდ და სამუდამოდ ეკუთვნის. ადამიანის უფლებები საყოველთაოა: ისინი ყოველთვის და ყველგან მთელს მსოფლიოში ერთი და იგივეა ყველა ადამიანისთვის. ადამიანის უფლებები ხელშეუვალია: თქვენ ვერ დაკარგავთ ამ უფლებებს, ისევე როგორც ვერ შეწყვეტთ ადამიანად ყოფნას. ადამიანის უფლებები განუყოფელია: ვერავინ წაგართმევთ უფლებას იმის გამო, რომ ის „ნაკლებადმნიშვნელოვანია“ ან „უმნიშვნელოა“. ადამიანის უფლებები ურთიერთდამოკიდებულია: ადამიანის უფლებები ერთობლივად ქმნის ურთიერთდამხმარე სისტემას. ადამიანის უფლებები ასახავს ადამიანის ძირითად საჭიროებებს. ისინი ქმნის ძირითად სტანდარტებს, რომელთა გარეშე ადამიანები ვერ იცხოვრებენ ღირსეულად. ადამიანის უფლებების შელახვა ნიშნავს, ადამიანს მოეპყრო ისე, თითქოს ის არ იყოს ადამიანი. ადამიანის უფლებების პროპაგანდირება ნიშნავს ყველა ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემის მოთხოვნას. ადამიანის უფლებათა დაცვის დღევანდელი საერთაშორისო ინსტრუმენტების წერილობითი სახით გაფორმებული წინამორბედებია დოკუმენტები, რომლებშიც ადამიანის უფლებებია დეკლარირებული, როგორიც არის „დიდი ქარტია“ (1215წ.), ინგლისის უფლებათა ბილი (1689წ.), საფრანგეთის მამაკაცისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (1789წ.) და აშშ-ის კონსტიტუცია და „უფლებათა ბილი“ (1791წ.).
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9