1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ეროვნული, ანუ აქტიური პერსონალობის პრინციპი

(Heimatsprinzip oder aktives Personalitätatsprinzip, Subditions-und Subjections-oder strafrechtliches Nationalitätsprinzip). ეს პრინციპი გულისხმობს დებულებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული ქვეყნის მოქალაქემ ჩადენილი დანაშაულისათვის ყველა შემთხვევაში, პასუხი უნდა აგოს საკუთარი ქვეყნის კანონებით. თუკი პირის მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაული ისჯება მის ქვეყანაში, იგი სამშობლოში აგებს პასუხს (quilibert est subditus legibus patriae suae et exstra territorium). ამ პრინციპის ყველაზე გამოჩენილი დამცველები გერმანიაში იყვნენ ა. ბერნერი და ლ. ბარი, ხოლო საფრანგეთში - ფ. ელი, თუმცა ამ პრინციპის ზოგიერთი დებულება მათამდეც გამოითქვა. ა. ბერნერის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ ქვეყნის ყოველი ქვეშევრდომი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, ვალდებულია დაემორჩილოს საკუთარი ქვეყნის კანონებს, ე.ი. ქვეყნის სისხლის სამართლის კანონი ავალდებულებს ყოველ მოქალაქეს პიროვნულად. ამგვარად, პირის ყოფნა ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქედ, წარმოშობდა მის მიმართ საკუთარი ქვეყნის კანონების გამოყენების საფუძველს. ა. ბერნერის მეორე არგუმენტი იყო ის, რომ დანაშაული არის ქმედება, რომელიც ხელყოფს პიროვნების ღირსებასა და პატივს. მოქალაქის ღირსების ხელმყოფმა, პასუხი უნდა აგოს სამშობლოს კანონებით, რომელიც განსაზღვრავს მისი სამოქალაქო მდგომარეობის ყველა პირობას. ა. ბერნერი აგრეთვე აღნიშნავდა, რომ პირი, საზღვარგარეთ წასვლისას, სრულიადაც არ კარგავს ფაქტიურ კავშირს სამშობლოსთან, ვინაიდან იგი სარგებლობს საკუთარი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვითა და მფარველობით, ხოლო დაცვის უფლება გულისხმობს, აგრეთვე, პირის ვალდებულებას დაემორჩილოს სამშობლოს მოთხოვნებს მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ა. ბერნერის თეორიის არსი მდგომარეობდა შემდეგში: პირმა უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი ქვეყნის სამართლებრივი პრინციპებით, დაიცვას მისი კანონმდებლობა და პასუხი აგოს ამ კანონების მიხედვით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
Source: ნარჩემაძე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9