1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მუდ მულ მუნ მურ მუს მუტ მუქ მუღ მუშ მუჰ

მუჰაჯირობა

არაბ. „მუჰაჯერეთ“ – გადასახლება, კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება თურქეთის იმპერიაში XIX საუკუნეში, დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან.რუსეთის ხელისუფლებას სურდა დაუმორჩილებელ კავკასიელ მთიელთა თურქეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, გათავისუფლებული მიწები ფართო კოლონიზაციისათვის გამოეყენებინა, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით. 1859 წელს, რუსების მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ჩეჩნები, დაღესტნელები და ოსები თურქეთისაკენ დაიძრნენ. შემდეგი გადასახლების პროცესმა მოიცვა დასავლეთ კავკასია, სადაც კულმინაციას 1863-1864 წწ. მიაღწია. დას. კავკასიის ტომები: მრავალრიცხოვანი ადიღეელები (ჩერქეზები), უბიხები, აბაზები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ყარაჩაელები თურქეთში გადასახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან გადასახლებულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო, რადგან დაღესტან-ჩეჩნეთისათვის თურქეთი შორს იყო, ხოლო ოსები, ყაბარდოელები და ბალყარელები რუსეთის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დას. კავკასიის ტომებს, ზოგიერთი მათგანი (უბიხები) მთლიანად აიყარა და თურქეთში გადასახლდა. ამრიგად, კავკასიელ მთიელთა ძალდატანებითი გადასახლება თურქეთში, რუსეთის მიერ კავკასიელ მთიელთა მიმართ გატარებული გენოციდის პოლიტიკის გაგრძელება იყო. მუჰაჯირობის პროცესმა აფხაზეთიც მოიცვა. 1867 წელს განხორციელდა აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში, რომლის მიზეზებიც იყო რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის დაპყრობა და კავკასიის ომის დამთავრება, აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აქ რუსული მმართველობის შემოღება, მხარის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, აფხაზეთში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება და 1866 წლის ლიხნის აჯანყება. 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას, 1877 წ. აგვისტოში მოხდა აფხაზთა მეორე მასობრივი ძალდატანებითი გადასახლება თურქეთში.
Source: ხორავა ბეჟან. აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა / [რედ.: ზურაბ პაპასქირი, თეიმურაზ გვანცელაძე]; თსუ-ს სოხუმის ფილიალი, ექვთიმე თაყაიშვილის სახ. საისტ. საზ-ბა, აფხაზეთის ორგ. - თბ.: არტანუჯი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9