1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბოდ ბოე ბოვ ბოლ ბონ ბორ ბოფ ბოშ

ბოემე იაკობ (1575-1624)

იაკობ ბოემე დაიბადა 1575 წელს. იგი დეკარტის უფროსი და ფრ. ბეკონის უმცროსი თანამედროვეა.მაშინდელი გერმანია გლეხთა ომის დამარცხების მძიმე შედეგებიდან ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულიყო. ეკონომიკურად, კულტურულად და პოლიტიკურად ჩამორჩენილ ქვეყანაში სასიკეთო გამოსავალიც არ ჩანდა. ქვეყანა ოცდაათწლიანი ომისაკენ მიდიოდა, რომელიც 1616 წელს დაიწყო. ამანაც განაპირობა გერმანული პროგრესული აზრის მისტიკური და რელიგიური სამოსელი. იდეალისტური პანთეიზმის პრინციპი „ღმერთი ყველაფერშია და ყველაფერი ღმერთშია“ და, ასევე, ვაიგელის პრინციპი „ადამიანი არაფერია ღმერთის გარეშე და ღმერთი არაფერია ადამიანის გარეშე, ორივე ყოველთვის ერთადაა“, ბოემემ გაიგო, როგორც ინდივიდის მიერ საკუთარ სულში მთელი სამყაროს დანახვის შესაძლებლობის საყრდენი.სამყარო და ღმერთი ბოემესთვის, მართალია, ერთი და იგივეა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამყარო წარმოიშვა. მანამდე ღმერთი არავითარი გარკვეულობა არ იყო, ე. ი. არც ღმერთი იყო და არც სამყარო. მანამ ის იყო პირველსაწყისი უფსკრული, რომელსაც ბოემე, მისტიკური ტრადიციის მიხედვით, არარას უწოდებს, რადგან ყოველ არსს, ანუ რაობას აქვს თავისი საფუძველი თუ მიზეზი; პირველსაწყისს კი ის არ შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ღმერთში მაშინვე არის ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლა. ამ ბრძოლით, ამ ტანჯვით (quel), იქმნება თვისებრიობა (qualitet). ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი სამყაროდ ქმნის თავის თავს. არარა (Nichts), რაობად (Ichts) იქცევა. მთავარი ისაა, რომ ეს ღმერთის ღირებულების დამდაბლება კი არ არის, არამედ ამაღლება. ეს ქმნადი ღმერთია. აქ ბრძოლით უკეთესის წარმოშობა ხდება. ამდენად, წინააღმდეგ ნეოპლატონური დაღმავალი ემანაციისა, გაცნობიერებულია აღმავალი განვითარების იდეა. ამ აზრის თანმიმდევრული გატარება ბოემემ ვერ შეძლო. წინააღმდეგობანი მის ნააზრევში არაა იშვიათი მოვლენა. მასთან იმის მტკიცებასაც ვხვდებით, რომ ღმერთი აბსოლუტურად ნეგატიურია და იმასაც, რომ სამყარო ღმერთის სხეულია. რამდენადაც ყოველი არსებული ბოემესათვის ღმერთის გამოვლინებაა, ის, გარკვეული აზრით, ღმერთის ენას წარმოადგენს. ყოველი არსებული რაღაცას გვეუბნევა ღმერთზე. საგნები ღმერთის ენაა და ჩვენ იგი უნდა გავიგოთ. ბოემესათვის ეს გარეგანის და შინაგანის, ფიზიკურისა და ფსიქიკურის, სულისა და სხეულის კავშირის პრობლემაა და მისი ენის თეორიაც, ამ გლობალური ასპექტით, ცდილობს ენის რაობის გაგებას. ნაშრომში „საგანთა ხელწერა“, რომლის ერთ-ერთი ქვესათაურია „იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიქმნება ბოროტება სიკეთედ და სიკეთე ბოროტებად“, ბოემე წერდა: „შინაგანი გარეგანში არსებობს და შინაგანს გარეგანი უჭირავს, როგორც სარკე, რომელშიც ის ხედავს თავისი ყოველი ფორმირების თავისებურებას. გარეგანი მისი ხელწერაა, მისი ნიშანია“. ასეთი დიალექტიკური კავშირი რომ არ იყოს გარეგანსა და შინაგანს შორის, ენას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა. ადამიანები ვერც ღმერთს გაუგებდნენ და ვერც ერთმანეთს. ენის ხმაური იმ სპეციფიკისაა, რომ ადამიანს უმხელს მისსავე შინაგან ფორმას. ხმაში სული თავის ფორმას აქსოვს. მავანის ხმის ჟღერა ამოძრავებს სხვებში მსგავს ფორმებს. ამდენად, სხვისი სული თავისებური საკრავია, რომელზედაც ადამიანის ენა უკრავს. ყველა ადამიანური ენის საფუძველში, ბოემეს აზრით, ძევს „ბუნების ენა“. ეს ისაა, რითაც ადამი ნივთებს სახელს აძლევდა. მაგრამ მას წინ უძღვის ენა, რომლითაც ღმერთმა თავისი ნება გამოხატა სამყაროს შექმნისას. იგი არსებითად განსხვავდება ადამიანთა ენისაგან. ღმერთის ენა საგნებს ქმნის. ენა თავისთავად არ ნიშნავს მეტყველებას. მეტყველება ყოველთვის დიალოგურია. ადამის შექმნამდე ღმერთი არ ლაპარაკობდა. მისი აზრის გახმოვანება არ იყო საჭირო.ბოემეს გავლენა დიდია მომდევნო თაობათა როგორც რელიგიურ, ისე ფილოსოფიურ აზროვნებაზე. XIX ს.-ში საფრანგეთში იგი წმინდა მარტინმა ააღორძინა. ნიუტონი გატაცებული იყო მისით. რომანტიკოსები, შელინგი, ჰეგელი პატივისცემით იხსენიებდნენ მას. მნიშვნელოვანი იყო მისი გავლენა რუსულ რელიგიურ და იდეალისტურ აზროვნებაზე, მაგალითად, ნიკოლაი ბერდიაევზე (1874-1948).
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9