1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბრა ბრბ ბრე ბრი ბრუ ბრძ

ბრუნო ჯორდანოს შემეცნების თეორია

ბრუნომ უარყო ღმერთისა და სამყაროს, როგორც ტრანსცენდენტურის და იმანენტურის დაპირისპირება, მაგრამ მათ შორის განსხვავება შეინარჩუნა, როგორც არსების და მოვლენის, შინაგანი მიზეზის და შედეგის. მათ შორის დამოკიდებულების გაგება ნეოპლატონური ემანაციის მსგავსად გაიაზრება. სამყაროს მსჭვალავს სიყვარული, რომელიც ახლავს ყოვლისმომცველ ღვთაებრივ სინათლეს. სხეული მიისწრაფის სულისაკენ, სული - გონისაკენ, გონი - ღმერთისაკენ. ეს უკანასკნელი, მართალია, იმანენტურია, მაგრამ არსებითად განსხვავებულია ყოველი არსებისაგან. იგი მარადის მისწრაფების საგანია. ესაა „ჰეროიკული სიყვარულის“ დედააზრი, რომელიც ფაქტიურს უპირისპირდება, მისი არსის შესანარჩუნებლად. ამიტომ „ჰეროიკული (გმირული) სიყვარული“ ბრუნოსთან ნიშნავს წამებულად ყოფნის აუცილებლობას. უნივერსუმი, მართალია, მატერიალურია, მაგრამ გრძნობის ორგანოებით მიუწვდომელია როგორც მისი არსი, ისე მისი მთლიანობა. გრძნობის ორგანოებს შეუძლიათ დაიწყონ შემეცნება, მაგრამ უსასრულო უნივერსუმის მთლიანობაში წარმოდგენა მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ძალას შეუძლია, რომელიც თავად უსაზღვროა. შემეცნებით კი, უსასრულოს მხოლოდ გონება შეიმეცნებს. ბრუნომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რასაც კანტი ბუნებისმეტყველების მეთოდს უწოდებს და მეცნიერული კვლევისათვის მის სანიმუშოდ აღიარებას აპრიორულის საკუთარ გაგებას დაუდებს საფუძვლად. ბრუნო კოპერნიკს ემხრობოდა და თვლიდა, რომ იგი, მართალია, გრძნობადი მონაცემებით იწყებს, მაგრამ ამ მონაცემების გასაგებად გონება იმას უშვებს, რაც გრძნობადი მონაცემების საპირისპიროა: დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით - როგორც ეს ჩვენს გრძნობად ხედვას უეჭველი ჰგონია. წარმოსახვის ძალა ჩვენ დაგვანახებს, რომ ჩვენი დედამიწა ერთ-ერთი უმნიშვნელო ატომია უსასრულობაში. ამ უსასრულობის საწვდომად ადამიანისათვის აუცილებელი არაა ექსტენსიური კვლევა. ადამიანი მიკროკოსმოსია. მან თავის თავში უნდა აღმოაჩინოს უნივერსუმის ერთიანობის და დედაარსის განმსაზღვრელი - ანუ ღმერთი. ამიტომ იტყვის ბრუნო: ადამიანის მიზანია იყოს „ღვთის ტაძარი“. საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენა არაა დაზღვეული ტკივილისა და ტანჯვისაგან. ეს პროცესი შემეცნებაც არის და პოეტური შემოქმედებაც. ჭეშმარიტი ფილოსოფია, ამავე დროს, არის მუსიკაც და მხატვრობაც. თავის თავში აღმოჩენილი კანონზომიერება ფილოსოფოსს საკუთარ შემოქმედებად მოეცემა. მას ბედი კი არ უბრძანებს, არამედ მისი გაბედულება ბედავს ბედის ხმის მოსმენას. ეჭვით დაწყებული შემეცნება, რომელიც გამოცდილებიდან ამოდის, სამყაროს (უნივერსუმის) ერთიანობის წვდომამდე და ადამიანის რაობის დადგენამდე მიდის ოთხი საფეხურის გავლით: 1. გრძნობადი შემეცნება - ერთეულ საგნებს შეისწავლის აღქმისა და წარმოდგენის დონეზე; 2. განსჯადი შემეცნება - აკავშირებს ერთეულებს და საგნის პირველ განსაზღვრებას იძლევა. ეს მსჯელობის უნარია; 3. გონებითი შემეცნება - სხვადასხვა მსჯელობათა შინაარსის ერთიანობაში წვდომით გადის მოცემულს გარეთ. უსასრულობის არსებობას და მისი წვდომის პრობლემას პირველად ის აცნობიერებს. ეს დასკვნის უნარია; 4. სულის საფეხური - გონებით მოცემულ ურთიერთსაპირისპირო შინაარსის დასკვნებს აერთიანებს, მათ საფუძველს სწვდება. მას სისტემის უნარი შეიძლება ეწოდოს. ამ საფუძველზე ადამიანი დაადგენს, რომ შემეცნების გასაღები უსასრულობაშია, რომ უსასრულობის ამომწურავი შემეცნება შეუძლებელია, მაგრამ მისკენ სწრაფვა არის ადამიანის უმაღლესი დანიშნულება. ეს ის აზრია, რომელიც შემდეგ სპინოზასთან ღმერთის ინტელექტუალური სიყვარულის სახეს მიიღებს.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9