ფრანგი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და მოაზროვნე, სკეპტიკოსი მიშელ მონტენი საფრანგეთში აღორძინების სპეციფიკის ყველაზე ნათელი გამომხატველია. მონტენმა ლიტერატურაში, ნარკვევის, რომანის, მოთხრობის გვერდით, დაამკვიდრა ავტორის პოზიციის გამოხატვის ახალი ფორმა - ესეი. ეს სახელი აღნიშნავს მომცრო ზომის ნაწარმოებს, რომელსაც შესაბამის დარგში დასრულებულობაზე და ყოვლისმომცველობაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ შედარებით ადეკვატურად გამოხატავს ავტორის რეალურ მიმართებას, ბუნებისა თუ საზოგადოების ამა თუ იმ ასპექტისადმი.თუ გავითვალისწინებთ, რომ მონტენი სკეპტიკოსი იყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი მიზნისათვის გამოხატვის ადეკვატურ ფორმას წარმოადგენდა. ქართულად იგი შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მცდელობა“, ანდა „წერილი“; მაგრამ ახალ ფილოსოფიაში ავტორის შეხედულების ამ სახით გამოთქმის საჭიროების გაცნობიერების გამო, ესეი, დიდი წინააღმდეგობის გარეშე, კიდევ ერთი ინტერნაციონალური ფრანგული სიტყვა გახდა. „სტენფორდის ფილოსოფიურ ლექსიკონში“ (2006) ეს ასპექტი კარგადაა გამოთქმული: „უწყინარი ამბების საფარით, მონტენმა ფილოსოფიაში ჰუმანისტურ რევოლუციას მიაღწია“.სკეპტიკური თავშეკავება მონტენისათვის არ ნიშნავდა უმოქმედობისაკენ მოწოდებას, არამედ უარს - თავისთავადი სინამდვილის შემეცნების, თუ ასახვის იმედზე. გარდა ამისა, მონტენი, კამპანელასა და დეკარტისაგან განსხვავებით, არ ცდილობდა სკეპტიციზმის გადალახვას. სკეპტიციზმი, მისთვის პეტიტიო პრინციპიი იყო, რომელიც საკმაო ასპარეზს სტოვებს ადამიანის აქტივობისათვის.მონტენის სკეპტიციზმის თავისებურება ისაა, რომ იგი არ მიდის აგნოსტიციზმამდე, როგორც ამას სკეპტიციზმის შინაგანი ლოგიკა მოითხოვს. სკეპტიციზმს იგი იყენებს ნებისმიერ სფეროში ადამიანური შემეცნების აბსოლუტურობაზე პრეტენზიის უარსაყოფად, ასევე საკუთარი მსჯელობების ღირებულებათა შესამოწმებლად. ამის შემდეგ კი, ადამიანის აქტივობის და იმედიანი ცხოვრების დასაფუძნებლად იყენებს ეპიკურეიზმსა და სტოიციზმს. მონტენის მოძღვრება არის ანთროპოლოგია, რომლის ანალიზის ძირითადი საგანია მისი საკუთარი მეობა და საკუთარი მდიდარი გამოცდილება. იგი არავის ახვევს თავს თავის შეხედულებებს, მაგრამ სასარგებლოდ თვლის გააცნოს სხვებს საკუთარი მოსაზრებანი, იმედი აქვს, რომ სხვებიც ბევრ რამეში დაეთანხმებიან, რადგან იგი ცდილობდა მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო და საკუთარ თავში ზოგადადამიანურიც დაენახა.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
ერაზმუსის ანტითეზს წარმოადგენს: ერაზმუსის გარჯასა და საფუძვლიანობას მასში ინფორმაციის სიუხვე, ბრწყინვალე და დახვეწილი ინტუიცია შეესაბამება. თუ ერაზმუსი ზოგჯერ პირობითობისგან თავისუფალი გვეჩვენება, მონტენი თავის ყველა შრომაში ავლენს ამ თვისებას. თავისი მამულების წყალობით მშვიდი და უზრუნველყოფილი ცხოვრების მქონე მონტენი უპირატესად თავისი დროის ადათ-ჩვევებთან, მენტალიტეტთან და თავის შინაგან ცხოვრებასთან მიმართებაში საკუთარ „გამოცდილებათა“ გადმოცემას ესწრაფვის. მონტენის „ესეებში“ (essais) ეს გამოცდილებები და მათი ავტორის პორტრეტია აღწერილი. მონტენს მოსწონს საკუთარი სიმშვიდე (ინდივიდუალიზმი) და ყოველივეს თითოეული ადამიანისთვის სიმშვიდის მიღწევის მიზანს უქვემდებარებს. ის დასცინის მათ, ვინც მუდამ ტკივილისა და დანაკლისის გამო ჩივის, და მიაჩნია, რომ უმჯობესია საგანთა არსებული წყობის მიღება (სტოიციზმი). მისი აზრით, სააქაოსა და საიქიოს საიდუმლოთა წვდომის მცდელობა უაზრო და მავნებელია, ადამიანის გონება საკმაოდ უმნიშვნელო რამაა (სკეპტიკული ტენდენცია) და სჯობს, ტრადიციული რწმენის მიერ მოწოდებულ საზოგადო სიბრძნეს დავჯერდეთ. ამ პირობების დაცვით შესაძლებელია საკუთარი თავით კმაყოფილი ცხოვრება იმ სიკეთეთა თანმიმდევრობით განცდაში, რომელთაც ცხოვრება თითოეულ ადამიანს უწილადებს (ეპიკურეიზმი).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]